top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის ელჩი საქართველოს ტოვებს

ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური კავკასიას ტოვებს. იგი საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის დესპანი აღარ იქნება.



2023 წლის 30 აგვისტოს, წმინდა საყდრის დესპანი, პაპის ნუნციუსი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, პაპმა ფრანცისკემ კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში წმინდა საყდრის დესპანად დანიშნა. შესაბამისად, არქიეპისკოპოსი საქართველოსა და სომხეთს დატოვებს.


საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებით, მისი აღმატებულება, ჟოზე აველინო ბეტანკური კავკასიის რეგიონს 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.


„დღეს, ვატიკანის ქალაქის სახელმწიფოს დროით შუადღისას, წმინდა მამამ, პაპმა ფრანცისკემ მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა ჟოზე აველინო ბეტანკური, ჩიტანოვას (ნოვიგრადის) ტიტულარული არქიეპისკოპოსი, წმიდა საყდრის დესპანი და დიპლომატიური კორპუსის დუაიენი საქართველოში, აგრეთვე წმინდა საყდრის დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში, დანიშნა წმინდა საყდრის დესპანად კამერუნის რესპუბლიკასა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკაში.


მისი აღმატებულება სამხრეთ კავკასიიდან გაემგზავრება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს.

თბილისი, 30 აგვისტო. 2023 წელი“, – წერია წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებაში.



მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური საქართველოში წმინდა საყდრის დესპანად 2018 წლის 8 მარტს დაინიშნა, ხოლო სომხეთში – ამავე წლის 1–ელ მარტს.


ჟოზე აველინო ბეტანკური დაიბადა 1962 წლის 23 მაისს. პორტუგალიაში, აზორის კუნძულებზე, ქალაქ ველაშში. ბავშვობაში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა კანადის ქალაქ ოტავაში.


1985 წელს დაამთავრა ოტავის უნივერსიტეტი ლიტერატურის განხრით. მიიღო თეოლოგის დიპლომი წმ. პავლეს სახელობის უნივერსიტეტში (ოტავა, 1993), მოიპოვა საეკლესიო სამართლის დოქტორის ხარისხი პონტიფიკურ გრეგორიანულ უნივერსიტეტში (რომი 1999), დაამთავრა პონტიფიკური საეკლესიო აკადემია (რომი, 1999).


1993 წლის 29 მაისს მღვდლად ხელდასხმულ იქნა და გაამწესეს ოტავის არქიეპარქიაში. მიიღო კანადის სამეფო ფლოტის ოფიცრის წოდება და მსახურობდა „Governor General Foot Guards“-ში (ოტავა). მონაწილეობდა პასტორალურ საქმიანობაში წმინდა მაცხოვრის ეკლესიაში (კანატა, ოტავის გარეუბანი), წმ. უფალ ქრისტეს ეკლესიაში (ოტავა) და, რომში ყოფნის დროს, წმ. რობერტო ბელარმინოს ეკლესიაში (პარიოლი).


1999 წელს წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა. მუშაობდა წმიდა საყდრის სადესპანოში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში (ქ. კინშასა).


2002 წელს გადაყვანილ იქნა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილებაში. მუშაობდა პაპ ბენედიქტე XVI-ს პროტოკოლის სამსახურში, რომლის ხელმძღვანელადაც 2012 წელს დაინიშნა.


არის არაერთი ნაშრომის, სტატიისა თუ ნარკვევის ავტორი, მათ შორის: “A condicão do Ilhéu: natureza, povo e religiosidade” (Condicão do Ilhéu, 2017, Lisbona), “The Imprimatur”: Ecclesial Tradition, Canonical Basis and Contemporary Function” (1999, Roma). მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები.


2018 წლის 26 თებერვალს პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნულ იქნა წმიდა საყდრის დესპანად და ამაღლებულ იქნა Aemiensis seu Civitatis Novae-ს ტიტულარული არქიეპისკოპოსის ხარისხში.


2018 წლის 1–ელ მარტს დაინიშნა წმიდა საყდრის დესპანად სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო იმავე წლის 8 მარტს – საქართველოში.


Catholic.ge


Comments


bottom of page