top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შერეულ ქორწინებათა შესახებ

ree

ისევ მივუბრუნდები ჩვენი ეპისკოპოსის სამწყსო წერილს, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: ,,იმედი ჩვენი ოჯახებისათვის გვთხოვს პასუხისმგებლობით შევხედოთ შერეული ქორწინებებისა და ნათლობის პრობლემებს. ბოლო დროს ახალ ოჯახებს შორის იშვიათია სრულიად კათოლიკური. პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანული ოჯახის სულიერი და სარწმუნოებრივი ცხოვრებისათვის ერთი და იმავე ეკლესია-თემის წევრობა ეხმარება უფრო მშვიდად და სიღრმისეულად იცხოვრო და გაზარდო საკუთარი რწმენა. უნდა დავეხმაროთ კათოლიკეებს, დარწმუნებული იყვნენ ამაში და არ თქვან ზედმეტად ადვილად: ,,რა პრობლემაა? შემიძლია დავქორწინდე მართლმადიდებლურ ეკლესიაში, შემიძლია მართლმადიდებლურად მოვნათლო ჩემი შვილი, რადგან ნათლობა ერთია, შემიძლია ვიარო ერთ ეკლესიაშიც, სხვაშიც, რომელიც ჩემი არ არის, რადგან ყველა ქრისტიანები ვართ, არაფერი იცვლება“. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ ფუნდამენტალისტები, მაგრამ აზროვნების ეს გზა კლავს ჩვენს ეკლესიას საქართველოში. ეს ხშირად არის უფრო იოლი გზის არჩევა“ (,,იმედით მოგზაურნი“, 2025 წელი, გვ. 18-19).

ree

ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ეპისკოპოსი ასე მკაცრად წერს შერეული ქორწინებების რეალობაზე, როგორც რაღაც ისეთზე, რაც „კლავს“ ჩვენს ეკლესიას, მაშინ როცა სინამდვილეში შერეული ქორწინება შეიძლება და უნდა იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა ეკლესიების, ოჯახებისა და საზოგადოებისათვის დადებითი მოწმობის გასაცხადებლად.


ეს ჩანართი მიზნად ისახავს ამ თემის ხელახლა წარმოჩენას, რათა ოჯახების, ახალგაზრდა კათოლიკეებისა და საზოგადოების მიერ სერიოზულად იქნეს განხილული ეპისკოპოსის წერილში გამოთქმული მოსაზრებები. ეკლესიის ტრადიციიდან ვიცით, რომ მონათლულ კათოლიკეს მოეთხოვება ჯვრისწერის საიდუმლოთი განამტკიცოს ცოლქმრული ცხოვრების არჩევანი. მორწმუნე წყვილი ასე იოლად ვერ გადაწყვეტს ცოლქმრულ ცხოვრებას კანონიკური ფორმით აღასრულებული ჯვრისწერის გარეშე და, მით უფრო, არ უნდა იფიქროს, რომ ეს დაშვებულია. ვიცით, რომ ქორწინების მოწოდება დიდი ნიჭია და, ამასთანავე, მეუღლეთა მოვალეობაა, ცოლქმრული სიყვარულით ცხოვრებას მხოლოდ ეკლესიის მიერ დადგენილი ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ შეუდგნენ. ახალგაზრდა კათოლიკეებმა არ უნდა უგულებელყონ თავიანთი ნათლობა და საეკლესიო მოწოდება, რათა დაადასტურონ სიყვარული ქორწინების საიდუმლოს აღსრულებით.


სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი ვითარება იქმნება, რომ ახალგაზრდა კათოლიკეს არ შეუძლია მართლმადიდებელზე დაქორწინება, თუ თავად არ მიიღებს მართლმადიდებლობას. განა ეს ნორმალურია?


კათოლიკეს შეუძლია დაქორწინდეს მართლმადიდებელზე და აღასრულოს ქორწინების საიდუმლო კათოლიკე ეკლესიის წესის მიხედვით, მაგრამ საქართველოში ამჟამად შეუძლებელია კათოლიკე დაქორწინდეს მართლმადიდებელზე, თუკი თავად არ გახდება მართლმადიდებელი (ყოველთვის ასე არ იყო, და არც ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაშია ასე).


მაშ, როგორ მოვიქცეთ? რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ ,,გადანათვლას“... აუცილებლად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, და არა ბოლო წუთს, რათა რეალურ პრობლემად ვაქციოთ... ამაზე უნდა ვისაუბროთ ახალგაზრდებთან და ოჯახებთან შეხვედრებისას; უნდა გავაცნოთ ეს საკითხი საზოგადოებას, მასმედიას... რადგან ეს არის არა მხოლოდ ეკლესიათა შორის პრობლემა, არამედ პიროვნებისა და მოქალაქის უფლებების სერიოზული უპატივცემულობაც; თუკი ყოველივეს ფარდას არ ავხდით და არ ვისაუბრებთ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, მხოლოდ ახალგაზრდა კათოლიკეების პრობლემად. საქართველოს საპატრიარქო კი არ დათანხმდება ამ საკითხზე დიალოგის დაწყებას.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", ნოემბერი, 2025

Comments


bottom of page