შერეული ქორწინება
- catholic.ge

- 1 day ago
- 2 min read
ქორწინების საიდუმლოება განეკუთვნება შვიდ საიდუმლოთაგან ბოლოს და, ამავდროულად, მესამე ჯგუფის საიდუმლოებას, რომელთაც ეწოდებათ თანაზიარებისა და მისიის საიდუმლოებანი (მღვდლობა, ქორწინება).

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ქორწინების საიდუმლოება არის ღვთაებრივი და არა უბრალოდ ადამიანური ინსტიტუცია. „შექმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1,27) და ღვთის, როგორც ყოვლადწმიდა სამების, ხატებას ყველაზე უკეთ ოჯახი, ანუ დედაკაცისა და მამაკაცის სიყვარულის კავშირი, ერთობა ასახავს (დაბ. 2,18.24; კეკ 1602-1603. Familiaris consortio 11).
სიყვარული, რომელიც ღვთისაგან ნაბოძები ნიჭია, ეფუძნება მეუღლეთა ურთიერთმიმღებლობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთმიძღვნასა და უღლის ერთად ტარებას, თავის ტვირთიანად - ცათა სასუფევლისაკენ სავალ გზაზე.
ქრისტიანულ-კათოლიკური ოჯახი ემყარება ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ერთობასა და თანხმობას, გამოხატულს სრული თავისუფლებით (კეკ 1625-1632). ქორწინების საიდუმლოს მთავარი მოთხოვნებია ქორწინების ერთადერთობა და დაურღვევლობა; ცოლქმრული სიყვარულის ერთგულება და ნაყოფიერებისადმი გახსნილობა (კეკ 1643- 1654; GS 48-51; Familiaris consortio 14.19.20).
ქორწინების საიდუმლოება, ჩვეულებრივ, მოიაზრება ორ უქორწინო კათოლიკე მორწმუნეს - ქალსა და კაცს შორის, რომლებსაც მიღებული აქვთ ქრისტიანული ინიციაციის ყველა საიდუმლოება და გავლილი აქვთ მოძღვართან გარკვეული პერიოდის მოსამზადებელი გზა (ქორწინების რიტუალის ზოგადი შესავალი, №12).
თუმცა არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ერთი კათოლიკე მორწმუნეა, მეორე კი არაკათოლიკე, მონათლული ან კიდევ კათაკმეველი (მოუნათლავი - ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი); ეს რთული შემთხვევაა და გამოწვეულია დღევანდელი მულტიკულტურული საზოგადოებისა და მიგრაციების მიზეზებით. ამ მოვლენას შერეული ქორწინება ეწოდება და კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაშვებულ იქნა პაპ პავლე VI-ის მიერ, 1970 წლიდან (Motu Proprio ,,Matrimonia Mixta“).
აღსანიშნავია ის სირთულეები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კულტურული და მეტადრე რელიგიური განსხვავებულობის ფონზე. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამის შესახებ საუბრობს და განმარტავს: „მეუღლეთა კონფესიის სხვადასხვაობა არ წარმოადგენს ქორწინებისათვის გადაულახავ დაბრკოლებას, თუკი ისინი აერთიანებენ ყოველივეს, რაც კი თითოეულმა თავის საკრებულოში მიიღო და ერთმანეთისაგან სწავლობენ იმ გზას, რომლითაც ყოველი მათგანი ახორციელებს ქრისტესადმი თავის ერთგულებას. მაგრამ არც შერეული ქორწინების სიძნელე უნდა იქნეს უმნიშვნელოდ შეფასებული. ეს სიძნელე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქრისტიანთა განყოფა არ არის ჯერ კიდევ დაძლეული. მეუღლეებს ემუქრება ქრისტიანთა შორის განხეთქილების განცდა საკუთარ ოჯახურ კერაში. კულტის შეუსაბამობა კიდევ უფრო ამძიმებს ამ სიძნელეებს. სარწმუნოებრივმა განსხვავებებმა და თვით ქორწინების კონცეფციამ, ასევე სხვადასხვა რელიგიურმა მენტალობებმა შეიძლება გამოიწვიონ დაძაბულობა ქორწინებაში, განსაკუთრებით კი შვილების აღზრდის საკითხში. სწორედ ამ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას საცდური რელიგიური გილგრილობისა“ (კეკ 1634). ასეთი შემთხვევები საჭიროებს საეკლესიო იერარქთაგან განსაკუთრებულ ნებართვებს და, ასევე, გარკვეული ვალდებულებების კისრებას მეუღლეთა მხრიდან: „კათოლიკე მხარე ინარჩუნებს საკუთარ რწმენას და პირობას დებს ბავშვების კათოლიკურად მონათვლა-აღზრდაზე“ (კეკ1635; კე.სამართალი 1125; Familiaris consortio 78).
როგორც ვხედავთ, შერეული ქორწინების რეალობა არ არის მარტივი თვით მეუღლეთათვის; თუმცა ამას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში კონფესიათა შორის დაურეგულირებელი დამოკიდებულება, რაც დიდად ართულებს შერეული ქორწინების რეალობას, ზოგჯერ იმდენად, რომ მეუღლენი ეკლესიურად უქორწინონი და გულგრილნი რჩებიან სარწმუნოებისა და მეტადრე სრული ქრისტიანული ცხოვრებისადმი (ვერ ღებულობენ აღსარება-ზიარების საიდუმლოებებს). ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩვენს კათოლიკურ საკრებულოებში ასეთი ოჯახები არცთუ ისე ცოტაა.
„ეკლესიები“, რომლებიც უნდა ეხმარებოდნენ მორწმუნეთ და ოჯახებს ქრისტესთან დაახლოებაში და ცათა სასუფევლის აღშენებაში, სამწუხაროდ, უსაფუძვლო და მრუდე წეს-კანონებით, პირიქით მოქმედებენ. ჩვენი ქვეყნის პირობებში, მორწმუნეებზე არანაკლებ გავლენას ახდენს ხალხური წეს-ჩვეულებებიც, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ქრისტიანობის დამაკნინებელია. გარდა ამისა, ნებისმიერ ოჯახში წარმოიშობა სირთულეები და დაბრკოლებები, რომელთა მოსაგვარებლად ადამიანმა უნდა გამოიყენოს ქრისტესთან კავშირი: ლოცვა, აღსარება, ზიარება (Familiaris consortio 57-59). ასევე გასათვალისწინებელია პაპ ფრანცისკეს სამოციქულო ექსჰორტაციაში - „სიყვარულის სიხარული“ გადმოცემული პრაქტიკული რჩევები.
გარკვეულ სირთულეთა თავიდან ასაცილებლად საჭიროა აუჩქარებელი მოსამზადებელი გზის გავლა; ასევე, უფალთან და ეკლესიასთან სიახლოვე, რომელიც, საკრებულოს შემწეობითა და თანადგომით, ეხმარება ოჯახებს სირთულეების დაძლევაში. ბოლოს კი ვსვამ ღია კითხვას: როდის დაძლევს მართლმადიდებელი ეკლესია შიშს, როდის გაუსწორებს თვალს დღევანდელ რეალობას და შეეცდება, მოძმე ეკლესიასთან ერთად, სახარებისეულად დახმარების ხელი გაუწოდოს ოჯახებს?!
მამა პაატა ქომოშვილიჟურნალი "საბა", ნოემბერი, 2025










Comments