top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულთმოფენობის დღესასწაულის წარმოშობა

  • 3 minutes ago
  • 2 min read

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, კათოლიკე ეკლესია სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ლიტურგიკული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს დღესასწაული უკავშირდება იმ მომენტს, როდესაც ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ, შეკრებილ მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა, რამაც მათ სახარების საქადაგებლად სიმამაცე და სიბრძნე მიანიჭა. ეს მოვლენა ეკლესიის სიმბოლურ დასაბამად მიიჩნევა.



სულიწმინდა – ეკლესიის სიცოცხლის წყარო

“სულიწმინდა არის ეკლესიის სული. მის გარეშე არ არსებობს არც რწმენა, არც იმედი და არც სიყვარული, სწორედ ის აღძრავს ქარიზმებს, აგიზგიზებს ლოცვის ცეცხლს, მიგვიძღვის ერთობისკენ და განაახლებს მიწის პირს, ამ მიწას“, - გვახსენებდა წმიდა იოანე პავლე II, 1998 წლის სულიწმინდის მოფენის დღესასწაულზე.


ლიტურგიულ ენაზე, ამ დღესასწაულს სულიწმიდის მოფენა (Pentekoste) ეწოდება. წმიდა ლუკას თანახმად (საქმეები 2,1–11), სულიწმინდა მოწაფეებს გამოეცხადა ცეცხლის ენების სახით, ხოლო მოციქულებმა სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი, რითაც წინასწარვე გვამცნეს ეკლესიის საყოველთაოობა და ერთობა ყოველგვარ განყოფაზე მაღლა.


სულიწმინდის აღთქმა

სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არსებობდა, ხოლო მისი სისრულე იესომ საიდუმლო სერობისას გამოაცხადა: „ხოლო ნუგეშინისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და შეგახსენებთ ყველაფერს, რაც მე გამცნეთ“.


მოციქულთა საქმეებში წმიდა ლუკა აღწერს, თუ როგორ აავსო ნუგეშინისმცემელმა სულმა სახლი, სადაც მოწაფეები იმყოფებოდნენ, და ცეცხლის ენები თითოეულ მათგანზე დაემკვიდრა. სულიწმინდით აღვსილებმა, მათ დაიწყეს იესოს მაცხოვნებელი საქმეების ქადაგება გამბედაობითა და სიმამაცით.


ეკლესიის დაარსება


სულიწმინდის მოფენა ნიშნავს ეკლესიის დაარსებას, იმ ეკლესიის ერთობისა, რომელიც განკუთვნილია ყველა ერისათვის და არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ წრეს ან კულტურას. როგორც ვატიკანის მეორე კრება გვასწავლის, ეკლესია არის „თითქოსდა საიდუმლო ღმერთთან ადამიანთა შეერთებისა და კაცობრიობის ერთობის შენებისა“ (Lumen gentium).


არსებობს სულიწმინდის შვიდი ნიჭი: სიბრძნე, გონიერება, რჩევა, სიმამაცე, მეცნიერება, ღვთისმოსაობა და ღვთის მოშიშობა. იგი მორწმუნეებს ამქვეყნად მოწმობისთვის განამზადებს, წარმართავს ეკლესიის ბედს, საფუძველს უყრის ახალ ინიციატივებს, ირჩევს მისიონერებს. სულიწმინდამ შთააგონა წმინდა მატათას არჩევა მოციქულთა შორის, ხოლო პავლესი და ბარნაბასი სახარების საქადაგებლად.


“სულიწმინდა არც წარსულს ეკუთვნის და არც მომავალს, იგი არის დღეს. იგი მოქმედებს აქ და ახლა”, – თქვა პაპმა ფრანცისკემ 2021 წელს, მარიამისადმი ლოცვის დროს.



დღესასწაულის ისტორია და ლიტურგია

სულიწმინდის მოფენის დღესასწაული უძველესი დროიდან აღინიშნება. თავდაპირველად, იგი აღდგომასთან იყო დაკავშირებული, ხოლო IV საუკუნიდან დამოუკიდებელ დღესასწაულად იქცა. ლიტურგიკულ კალენდარში იგი ელვირის საეკლესიო კრებამ (306 წ.) დაამტკიცა, პაპმა ლეონ XIII-მ კი, ფართოდ გაავრცელა დღესასწაულის წინარე ნოვენის (ცხრადღიანი ლოცვის) პრაქტიკა.


ამ დღის ლიტურგია გამოირჩევა შესამოსლის წითელი ფერით, რაც ცეცხლისა და მისიონერული გულმოდგინების სიმბოლოა. მსახურების ცენტრშია სულისწმინდის მოფენის აღწერა (საქმეები 2,1–11), ფრაგმენტი კორინთელთა მიმართ I წერილიდან ნიჭთა მრავალფეროვნების შესახებ (1 კორ. 12) და იოანეს სახარება (იოანე 20,19–23), სადაც მოწაფეებისათვის სულის მიმადლება მიტევების წყაროდ არის გადმოცემული.


სახარების წინ იგალობება სეკვენცია “მოვედ, სულო წმიდაო”, რომელსაც „ოქროს სეკვენციას“ უწოდებენ, ეს არის ნუგეშინისმცემლის ქმედებისადმი მიძღვნილი საზეიმო ვედრება.


ბევრ სამრევლოსა თუ მონასტერში ტარდება სულიწმინდის მოფენის წინადღის ლიტურგია. ეს არის ღვთისმსახურება, რომელიც აღდგომის ღამისთევის მსგავსად, სიტყვის ლიტურგიის ვრცელ საკითხავებს მოიცავს. ასევე პოპულარულია სალოცავი ღამისთევები, თაყვანისცემა (ადორაცია) და ლოცვები სულის ნიჭთა განახლებისთვის. ფართოდ გამოიყენება სულიწმინდისადმი მიძღვნილი ნოვენაც (ცხრადღიანი ლოცვა).


სიმბოლოები და უქმე დღე

ქრისტიანულ იკონოგრაფიაში სულიწმინდა გამოისახება მტრედის, ცეცხლის ან სინათლის სხივის სახით. ბაროკოს სტილის ტაძრებში მას ხშირად განასახიერებს კამარიდან შემომავალი მკვეთრი შუქი.


სულიწმინდის მოფენა ორი დღის განმავლობაში აღინიშნება ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთაში, ავსტრიაში, დანიაში და ა.შ. ორშაბათი უქმე დღედ რჩება.


სულიწმინდის მოფენის დღესასწაული ეკლესიის ისტორიაში საკვანძო მომენტია, რომელიც მის დასაბამსა და მისიას ასახავს. სულიწმინდა, როგორც ეკლესიის სული, განუწყვეტლივ მოქმედებს და მორწმუნეებს სახარების ქადაგებისა და ერთობის შენებისკენ მოუწოდებს. ეს დღესასწაული, რომელიც ანტიკური ხანიდან აღინიშნება, საუკეთესო შესაძლებლობაა სულის ნიჭებსა და ქრისტიაიანთა ცხოვრებაში მათ როლზე დასაფიქრებლად.


შოთა გიქოშვილი




Comments


bottom of page