ივნისი ცნობილია, როგორც იესოს უწმინდესი გულის თვე. კათოლიკე ეკლესია, სწორედ ამ დროს, ზეიმობს უწმინდესი გულის დღესასწაულს. თარიღი ყოველწლიურად იცვლება, რადგან ის სულთმოფენობის მეორე კვირის პარასკევს აღინიშნება და 2022 წელს 24 ივნისი უწევს.

არსებობს სხვა მიზეზები, თუ რატომ ეძღვნება ივნისი წმინდა გულს.
დღესასწაული თარიღდება 1673 წლით, როდესაც ფრანგმა მონაზონმა, მარიამის მონახულების ორდენიდან, წმინდა გულის შესახებ ხილვა ნახა.
იესო გამოეცხადა მონაზონ მარგარეტ მერი ალაკოკს, გაუმხილა მისი წმინდა გულის თაყვანისცემის გზები და აუხსნა კაცობრიობისადმი მისი უკიდეგანო სიყვარული.
გამოცხადებისას, იესოს გულ–მკერდზე ცეცხლი ეკიდა, თავზე კი, ეკლის გვირგვინი ადგა.
რაც შეეხება თაყვანისცემის გზებს, რომელიც იესომ მონაზონს გაუმხილა, იგი ეხებოდა ხუთშაბათობით, თაყვანისცემის წმინდა საათში მონაწილეობასა და ყოველი თვის პირველ პარასკევს ევქარისტიის მიღებას.
იესომ უთხრა და მარგარეტ მარიამს: „ჩემი წმინდა გული იმდენად ძლიერია კაცთა მიმართ სიყვარულით და განსაკუთრებით, შენდამი, რომ შეუძლებელია მასში არსებული მხურვალე ქველმოქმედების ცეცხლის შეკავება. ის ყველა საშუალებით უნდა გავრცელდეს“.
ეს ხილვები 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
1675 წლის 16 ივნისს, იესომ უთხრა და მარგარეტ მარიამს, მისი წმინდა გულის პატივსაცემად დაეარსებინა დღესასწაული. გარდა ამისა, მან მონაზონს 12 დაპირება დაუტოვა, რომელიც უნდა გადაეცა ყველასთვის, ვინც თაყვანს სცემდა და ერთგული იყო წმინდა გულისა.
მონაზონი მარგარეტ მერი 1690 წელს გარდაიცვალა. 1920 წლის 13 მაისს, იგი წმინდანად შერაცხა პაპმა ბენედიქტ XV-მ.
თავდაპირველად, ვატიკანი ყოყმანობდა წმინდა გულის დღესასწაულის გამოცხადებას, მაგრამ 1765 წელს საფრანგეთს დაუწესა იესოს წმინდა გულის დღესასწაული.
1856 წელს, პაპმა პიუს IX-მ ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულის მომდევნო პარასკევი მთელი ეკლესიისთვის წმინდა გულის დღესასწაულად გამოაცხადა. მას შემდეგ, ივნისის თვე მიეძღვნა იესოს წმინდა გულს და მის უზომო სიყვარულს ყველა ჩვენგანის მიმართ.
თაკო ფეიქრიშვილი