top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ის იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი მეგობარი' – მსოფლიო პატრიარქი

Updated: May 12


მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გულწრფელი მწუხარება გამოთქვა პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და მას უწოდა "ქრისტეში ძვირფასი ძმა" და "მართლმადიდებლობის ნამდვილი მეგობარი" უწოდა.


„დიდი სააღდგომო სიხარულის ატმოსფეროში, დღეს, განახლების კვირის ორშაბათის დილას, მწუხარებით მივიღეთ ამბავი პაპი ფრანცისკეს, ქრისტეში ჩვენი ძვირფასი ძმის გარდაცვალების შესახებ. მასთან პაპის ტახტზე ასვლისთანავე გვაკავშირებდა ძმური მეგობრობა და თანამშრომლობა, ჩვენი ეკლესიების დაახლოებისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.


პაპობის ამ თორმეტი წლის განმავლობაში, იგი იდგა როგორც ერთგული მეგობარი, თანამომლოცველი და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდამჭერი, მართლმადიდებლობის ნამდვილი მეგობარი, უფლის უმცირესი ძმების ნამდვილი მეგობარი, რომელთა სახელით ხშირად ლაპარაკობდა, მოქმედებდა და ფეხებსაც კი ბანდა თავმდაბლობისა და ძმური სიყვარულის მაგალითად.


ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება იგი.


2014 წელს, მისი არჩევასა და საზეიმო ცერემონიიდან სულ ერთ წელიწადში, ჩემი ინიციატივით, იერუსალიმში ჩავედით, სადაც უფლის სამარხთან ერთად ვიდექით მუხლებზე და იმ ორ‑სამ დღეში მრავალი შეხვედრა და განხილვა გვქონდა წმიდა მიწაზე. მაშინ ვუთხარი: „თქვენო უწმინდესობავ, რამდენიმე წელიწადში, ჩვენ აღვნიშნავთ ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევის 1700‑ე წლისთავს. მშვენიერი და  სიმბოლური იქნებოდა, ერთად წავსულიყავით, ამ ისტორიული იუბილეს აღსანიშნავად და გვეზრუნა ჩვენი ძმური ეკლესიების საერთო ბარძიმისკენ მიმავალ გზაზე“.


მან ენთუზიაზმით მიპასუხა: „შესანიშნავი აზრი და წინადადებაა! თუ კარგად ვიქნებით, ღვთის ნებით, წავიდეთ ერთად ნიკეაში. ხოლო თუ უფალი არ ინებებს და ვერ შევძლებთ, მაშინ – ჩვენი შემცვლელები.“


მას ნამდვილად სურდა, რომ მიმდინარე წელს ჩამოსულიყო და ერთად გვეზეიმა ეს ისტორიული იუბილე და ეს არაერთხელ განუცხადა მედიასა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც მას დროდადრო სტუმრობდნენ რომში.


როგორც ვთქვი, არ იყო გამიზნული, რომ ის პირადად მოსულიყო. თუ თავად კარგად ვიქნები, ეკუმენური პატრიარქატი, რა თქმა უნდა, მაინც მოაწყობს რამეს ამ თემასთან დაკავშირებით და არ დაუშვებს, რომ ამ ისტორიულმა თარიღმა შეუმჩნევლად ჩაიაროს.


რაც შეეხება კათოლიკური ეკლესიის მონაწილეობას, ეს დამოკიდებული იქნება არჩეული პაპის პიროვნებაზე, მის ხედვებსა და განზრახვებზე — მოისურვებს თუ არა და როდის მოისურვებს ჩვენთან ერთად წავიდეს ნიკეაში (იზნიკში) და ხაზი გაუსვას ამ დიდი წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც ყველაზე დიდი მოვლენაა ქრისტიანობის ისტორიაში.


დღეს, როცა მსოფლიო საპატრიარქოში ვიკრიბებით მსოფლიო ტახტის ყველა წმიდა იერარქები (ანუ თურქეთში მსახურები) ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ძმური მილოცვის გასაცვლელად, ვიხსენებთ ახლად გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს საყვარელ ფიგურას და ყველანი ვლოცულობთ „ერთი პირითა და ერთი გულით,“ ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის – ცოცხალთა მიწაზე და მართალთა სამყოფელებში.


ვთხოვთ სიცოცხლისა და სიკვდილის უფალს, რომ დაუფასოს ეკლესიისა და კაცობრიობისათვის გაწეული მრავალრიცხოვანი ღვაწლი და წმინდა პეტრეს ტახტზე აღსვას ღირსეული შემცვლელი, რომელიც ჩაიხუტებს და გააგრძელებს პაპი ფრანცისკეს ხედვებსა და ფასეულ საქმეს მთელი კაცობრიობის — განსაკუთრებით კი ქრისტიანობის და მით უმეტეს ჩვენი ძმური ეკლესიების დაახლოებისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს ერთად მივიბრძოდეთ საერთო ბარძიმისკენ.


საუკუნო იყოს შენი ხსენება, ძმაო, პაპო ფრანცისკე!“


თაკო ფეიქრიშვილი

 

Comentarios


bottom of page