კარდინალ კურტ კოხის მილოცვა პატრიარქ შიო III-ს
- 2 hours ago
- 2 min read
ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს.

მილოცვის წერილი დიკასტერიის გვერდზე, 11 მაისს გამოქვეყნდა.
ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერია
ვატიკანი, 2026 წლის 11 მაისი.
პროტ. N. 432/2026
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს
და აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის ამბავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. მსურს, დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა იმ მსახურების გამო, რომელიც უფალმა, მართალთა ნაბიჯების წარმმართველმა (ფსალმ. 37,23), მოგანდოთ.
ღვთიური განგებულებით, თქვენ მოწოდებული ხართ ახალი და უფრო მომთხოვნი ფორმით, წმინდა სინოდის წევრ თქვენს ძმა ეპისკოპოსებთან ერთად, დამწყემსოთ იესო ქრისტეს სამწყსო, უფლის მაგალითით, რომელიც „თავის სულს დადებს ცხვართათვის“ (იოან. 10,11), რათა საქართველოს ეკლესია გაიზარდოს ერთიანობაში, სიწმინდესა და ქველმოქმედებაში.
საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მისი მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებითაა გაბრწყინებული, დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთიანობის იმ საკვრელებს, რომლებიც სულიწმინდის ნიჭით რეალურად, თუმცა ჯერ კიდევ არა სრულად, აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა სულ უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოან. 13,34).მამა ღმერთს ვევედრები, რომ ქართული მიწის წმინდანთა მეოხებით, უფალმა, თქვენზე უხვად გადმოავლინოს თავისი კურთხევა.
გპირდებით, რომ მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში და კვლავ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას.
კარდინალი კურტ კოხი
ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 11 მაისს გაიმართა. გაფართოებულ სხოდმაზე, 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

გადაწყვეტილება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გამოაცხადა, ის ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - 22 ხმა;
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - 9 ხმა;
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - 7 ხმა;
ერთი ხმა გაუქმდა. (არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული.)

გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თავმჯდომარეობდა.
რაც შეეხება კარდინალ კურტ კოხს, იგი 21 მარტს, პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვისთვის, ვატიკანიდან საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. 22 მარტს კი, საქრათველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგით 49–ე პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო.





Comments