top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მარხვა ისლამში

მარხვა (არაბ. ,,სავმ“) ისლამის ხუთი ძირითადი ვალდებულებიდან ერთ-ერთია. ის სავალდებულოა მუსლიმებისათვის რამადანის, მთვარის კალენდრის მე-9 თვეში, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა.



მარხვის დროს, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები იკავებენ თავს საკვების, წყლისა და სხვა ფიზიკური სიამოვნებისაგან. ეს პროცესი ეხმარება მათ სულიერ განვითარებაში, ვნებების შეკავებასა და ღმერთთან დაახლოებაში. რამადანი ყურანში მოხსენიებული ერთადერთი თვეა და მის განმავლობაში გარდმოევლინა ყურანი.


ისლამის სწავლების მიხედვით, მარხვა მხოლოდ რელიგიური ვალდებულება არ არის, არამედ სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. თანამედროვე მედიცინამ დაადასტურა, რომ ის აუმჯობესებს ორგანიზმის მუშაობას, არეგულირებს სისხლის წნევას, ამცირებს გულის დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს.


ყველა მუსლიმი, რომელიც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელია, ვალდებულია, დაიცვას მარხვა. გამონაკლისები არიან: ავადმყოფები, მგზავრები, ბავშვები, ორსული და მეძუძური ქალები, მოხუცები და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოტოვებული მარხვა მოგვიანებით უნდა ანაზღაურდეს. მარხვა მუსლიმებისათვის არის არა მხოლოდ საკვებისაგან თავშეკავება, არამედ სულის განწმედის, მოთმინებისა და თანაგრძნობის გამოხატულება.


იგი აძლიერებს რწმენას, ამცირებს ამქვეყნიურ ცდუნებებს და აერთიანებს საზოგადოებას, რადგან ყველა მორწმუნე ერთდროულად ინახავს მარხვას, განიცდის სიმწირეს და მეტი ყურადღება ეთმობა ქველმოქმედებას. „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენთვის მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან“ (ყურანი, ბაყარა 2/183).


მუფტი ადამ შანთაძე

ჟურნალი "საბა"/ 2025, მარტი

Comments


bottom of page