ბერნარდ ნათანსონი - 'აბორტების მეფიდან' 'სიცოცხლის უფლების დამცველამდე'
- 2 minutes ago
- 3 min read
„აბორტის ყველა ასპექტი ვიცი. მე მისი ერთ-ერთი ძიძა ვიყავი“, - ეს სიტყვები აღებულია ბერნარდ ნათანსონის (1926–2011) ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ღვთის ხელი“, რომელიც 1996 წელს გამოიცა და მრავალ ენაზე ითარგმნა;

ეს დაუნდობლად რეალისტური აღსარებაა ჩვენი დროის უდიდესი ჩუმი გენოციდის, ანუ საშვილოსნოში მყოფი დაუცველი უდანაშაულო ბავშვების აბორტის პიონერისა, რომელიც ამხელს სისტემას, პოლიტიკის, მედიისა და გარკვეული სამედიცინო ფსევდომეცნიერებების სიცრუეს. მას შემდეგ, რაც ათასობით აბორტი ჩაატარა აშშ-ში, მხარს უჭერდა მის ლეგალიზაციას (1973) და, ასევე, მართავდა მსოფლიოში უდიდეს კლინიკას ნიუ-იორკში, ბერნარდ ნათანსონმა აღიარა ჩასახული ადამიანის რეალობა და, თავგამოდებული აბორტის მომხრედან, ადამიანის სიცოცხლის, - ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე, - ერთგულ დამცველად იქცა.
პრინციპულად სკეპტიკოსი და ურწმუნო ებრაელი ექიმის ვაჟი დარწმუნებით წერდა: „რელიგიას არაფრის მოცემა არ შეეძლო ჩემთვის, ის მხოლოდ ტვირთი იყო“. მეორე მხრივ, მამამისი მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე და „არავითარ თანმიმდევრულ მორალურ პრინციპებს“ არ სთავაზობდა. კანადაში სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ, მან ჰიპოკრატეს ფიცი დადო, რომელიც საბოლოოდ დაარღვია, რადგან აბორტების ჩატარებას მიჰყო ხელი. მის მსხვერპლთაგან პირველი იყო არასასურველი ბავშვი, რომელიც რუთისგან უნდა ჰყოლოდა.
„და ეს იყო ჩემი სამოცდათხუთმეტი ათასი აბორტიდან პირველი. აბორტის წინაღამეს ერთად გვეძინა, ჩახუტებულებს; ორივე ვტიროდით იმ ბავშვის გამო, რომელიც უნდა დაგვეკარგა და იმ სიყვარულისათვის, რომელიც, როგორც ორივე ვხვდებოდით, გამოუსწორებლად დაზიანდებოდა იმით, რასაც ვაპირებდით. ჩვენთვის აღარაფერი იქნებოდა ძველებურად... როგორც აუწერელი დანაშაულის თანამონაწილეთათვის... მე აბორტს ვუკეთებდი ჩემი მეგობრების, კოლეგების, შემთხვევითი ნაცნობებისა და მასწავლებლების შვილებსაც კი. მცირეოდენი ეჭვიც კი არ შემპარვია იმ ურყევ რწმენაში, რომ უზარმაზარ სამსახურს ვუწევდი მათ, ვინც ამას მთხოვდა“, - წერდა ნათანსონი.
ავტორი კლინიკურად აღწერს ამ საზიზღარ ქმედებას, შეშფოთებას, რომ „ყველა ქსოვილის ამოცლა“ ხდებოდა უემოციოდ და დაუნანებლად, მხოლოდ „კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობით ჩემი კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მიმართ“.
საინტერესოა, თუ რა სტრატეგია განახორციელა მან მიზნის მისაღწევად; როგორც თავად წარმოგვიდგენს, პირველი სტრატეგია იყო მასმედიის დარწმუნება იმაში, რომ აბორტის ლეგალიზაცია ლიბერალური, პროგრესული და ინტელექტუალურად დახვეწილი ბრძოლაა და, ასევე, არარეგალურ აბორტთა პრობლემის ოპტიმალური მოგვარების გზა, რომელთა შედეგადაც მრავალი ქალი გარდაიცვალა. ეს ყოველივე მიღწეულ იქნა ცრუ ან გაყალბებული გამოკითხვების შედეგებით (მაგ. თუმცა, არალეგალური აბორტების შედეგად გარდაცვლილ ქალთა რაოდენობა წელიწადში შეადგენდა დაახლოებით 200-250-ს, მედიის მიერ მუდამ წარმოდგენილი იყო ციფრი 10 000). ასე იქცა აბორტი შეერთებულ შტატებში ჩასახვის საწინააღმდეგო ძირითად მეთოდად. მეორე სტრატეგია იყო აბორტთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესიის „სოციალურად ჩამორჩენილი იდეების“ სისტემატური დაცინვა, მისი იერარქიის დადანაშაულება; კვლავინდებურად, ესეც გამოკითხვათა შედეგების გაყალბებით. მუდმივად იჩქმალებოდა ის ფაქტი, რომ სხვა ქრისტიანული და არაქრისტიანული რელიგიები ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ (და დღემდე ასეა) აბორტს, ისევე როგორც ათეისტები. მესამე სტრატეგია იყო ყველა იმ სამეცნიერო მტკიცებულების დაკნინება და ჩახშობა, რომ სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება.
კითხვაზე, თუ რამ შეაცვლევინა აზრი, დოქტორმა ნათანსონმა უპასუხა, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევის განვითარების შედეგად, „ჩვენ დავიწყეთ ნაყოფის გულისცემაზე დაკვირვება ელექტრონულ მონიტორზე. პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რას ვაკეთებდით სინამდვილეში კლინიკაში. ულტრაბგერითმა ტექნოლოგიამ ახალი სამყარო აღმოგვაჩენინა. პირველად შევძელით ადამიანის ნაყოფის დანახვა, მისი გაზომვა, დაკვირვება, კონტროლი, მასთან კავშირის დამყარება, მისი შეყვარებაც კი“. ამ ყველაფერმა სამუდამოდ შეცვალა იგი. „1979 წელს ბოლო აბორტი გავაკეთე. მივედი დასკვნამდე, რომ აბორტის გაკეთების არანაირი მიზეზი არ არსებობდა“. 1984 წელს მან გადაიღო თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი: „უხმო ყვირილი“, რომელიც ნათლად აჩვენებს აბორტის პროცედურას ულტრაბგერის მეშვეობით, ხოლო მეორე ფილმში „გონების დაბნელება“ კიდევ უფრო საშინელ საკითხს ეხება - გვიანდელი ვადის აბორტებს. ეს ფასდაუდებელი დოკუმენტური ფილმებია, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ „საშვილოსნოში მყოფი ადამიანი ცოცხალი არსებაა და ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა ყველაზე დაუცველის წინააღმდეგ“.

კითხვაზე, თუ რამ მიიყვანა იგი სიცოცხლის მომხრე აქტივისტიდან ღმერთის რწმენამდე, მან ასე უპასუხა: „ათწლიანი „გარდამავალი პერიოდი“ გავიარე, შესაძლოა, 1978 წლიდან 1988 წლამდე, როდესაც ვიგრძენი, თუ როგორ იზრდებოდა, მწვავდებოდა და მძაფრდებოდა ცოდვის სიმძიმე. თითქოს ჩემი ცხოვრების ტვირთის შიგთავსი იდუმალი ძალით შთანთქა რაღაც მეტაფიზიკურმა ნისლმა, რაც მას სულ უფრო და უფრო ამძიმებდა და აუტანელს ხდიდა... ამ ათი წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული დრო იყო. ყოველ დილით ოთხ-ხუთ საათზე ვიღვიძებდი, სიბნელეში თვალები ფართოდ მქონდა გახელილი და იმედით ველოდი (თუმცა, ჯერ კიდევ არ ვლოცულობდი), რომ ნათლის უწყება მოაღწევდა ჩემამდე და უხილავ სამსჯავროზე გამამართლებდა“.
როდესაც აღმოვჩნდი სულიერი სიმტკიცის არაჩვეულებრივი მოწმეობების წინაშე სიცოცხლის მომხრე (pro life) აქტივისტებისა, რომლებიც მზად იყვნენ ციხეშიც კი წასულიყვნენ თავიანთი რწმენის გამო... (...) ცხოვრებაში პირველად, სერიოზულად დავიწყე ღმერთზე ფიქრი - ღმერთზე, რომელმაც ჯოჯოხეთის წრეები გამომატარა, რათა შემდგომ თავისი მადლით გამოსყიდვისა და გულმოწყალების გზა ეჩვენებინა“. და აი, ბოლოს, ორშაბათს, 1996 წლის 8 დეკემბერს, უბიწო ჩასახვის დღესასწაულზე, ნიუ-იორკში, წმიდა პატრიკის კათოლიკური ტაძრის კრიპტაში „ცივი, განმწმედელი წყალი გადმომეღვარა, გაისმა ტკბილი ხმა და გამოუთქმელი სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა...“, როდესაც ნათლობის, მირონცხებისა და ევქარისტიის საიდუმლოებებს ვეზიარე. „ვერ გადმოგცემთ, რარიგ მადლიერი ვარ და გადაუხდელი ვალი მაქვს მათი, ვინც ჩემთვის ლოცულობდა მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც საჯაროდ ვაცხადებდი ჩემი ათეიზმისა და ურწმუნოების შესახებ...“ „სრულიად დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ლოცვები შესმენილ იქნა“.
ნათანსონი 2011 წლის 21 თებერვალს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მისი უკანასკნელი ცოლის, კრისტინას, მზრუნველობითა და სიყვარულით გარემოცული. „ვერავინ შეძლებდა ჩემზე უარესი რამის გაკეთებას. ახლა მე, უბრალოდ, ღმერთის ხელში ვარ“, - წერდა იგი.
მოამზადა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმჟურნალი "საბა" | 2026 ივნისი





Comments