1700 წელი... რა და რისთვის აღინიშნება
- 2 minutes ago
- 3 min read
ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს აღნიშვნა საქართველოში, როგორც სრულიად ქართველი ხალხის ოფიციალური რელიგიის, უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამეთუ ეს ცოტას ხვედრია; სწორედ ამის გამოც უნდა იქცეს ეს მოვლენა საუკეთესო შესაძლებლობად, გავიხსენოთ მისი ისტორიის სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტები და არა მხოლოდ გავიმეოროთ...

არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე რელიგიასა და სახელმწიფოს, სამოქალაქო და პოლიტიკურ, რელიგიურ და საეკლესიო სფეროებს შორის ურთიერთობის ინოვაციური ასპექტი - უკიდურესად დელიკატური საკითხები, ურთიერთობები, რომლებიც ყოველთვის ნათელი და მშვიდობიანი არ არის. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის აქტუალური რჩებიან, რათა თავიდან იქნას აცილებული ის წინააღმდეგობები ან გაუგებრობები, რაც თან სდევს ისტორიას ზოგადად და კონკრეტულად ამ ქვეყანას. ეს არის საკითხები, რომლებიც მოიცავს ყველა სახელმწიფოს, ყველა ეკლესიას, ყველა რელიგიას, მათ იდენტობასა და პასუხისმგებლობას, სოციალურ-პოლიტიკურ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით, რაც თანდათან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული ერის მორწმუნეთა არჩევანსა და ვალდებულებებს. ამ მხრივ, კათოლიკე ეკლესიის სოციალური დოქტრინა ორ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: პოლიტიკის ღირებულებასა და მისდამი ერთგულებაზე და რელიგიის პოლიტიკისაგან ავტონომიაზე.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პოლიტიკის ღირებულება. პოლიტიკა მოქალაქეთა მოვალეობაა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ: ,,ადამიანები, ოჯახები და სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, - ვკითხულობთ ვატიკანის მეორე კრების კონსტიტუციაში Gaudium et Spes, - აცნობიერებენ, რომ მარტონი ვერ ააგებენ ისეთ ცხოვრებას, რომელიც სრულად უპასუხებს ადამიანური ბუნების მოთხოვნებს და გრძნობენ უფრო ფართო საზოგადოების საჭიროებას, რომელშიც ყველა საკუთარი უნარით შეიტანს ყოველდღიურ წვლილს საერთო სიკეთის მიღწევის მიზნით. ამიტომაც ისინი, განსხვავებული ინსტიტუციური ფორმით, პოლიტიკურ საზოგადოებას ქმნიან. ამდენად, პოლიტიკური საზოგადოება იმ საერთო სიკეთისათვის არსებობს, რომელშიც საკუთარ აზრსა და სრულ გამართლებას პოულობს და რომელიც წარმოადგენს არსებობის უფლების თავდაპირველ საფუძველს“. „პოლიტიკის სფერო, - აღნიშნავდა პიუს XI, - ყველაზე ფართო ქველმოქმედების სფეროა, პოლიტიკური ქველმოქმედების სფერო“. „ყველა ქრისტიანი, - აცხადებდა ბენედიქტე XVI, - ამ ქველმოქმედებისკენაა მოწოდებული... ეს არის ქველმოქმედების ინსტიტუციური გზა, შეგვიძლია, ასევე, პოლიტიკურიც ვუწოდოთ...“ ამიტომ, კონკრეტული პოლიტიკური მოვალეობა არის განსაკუთრებული საერო მოწოდება, განწმედისა და ევანგელიზაციის გზა.

მეორე ადგილზეა რელიგიის ავტონომია პოლიტიკისაგან. „ეკლესია, - კვლავ ვკითხულობთ Gaudium et Spes-ში, - არანაირად არ არის აღრეული პოლიტიკურ საზოგადოებასთან და არცერთ პოლიტიკურ სისტემასთან არ არის დაკავშირებული. პოლიტიკური საზოგადოება და ეკლესია დამოუკიდებლები და ავტონომიურები არიან ერთმანეთისაგან საკუთარ სფეროებში“. პლურალისტურ კონტექსტში ეს ასე ჩამოყალიბდება: პოლიტიკას არ შეუძლია „შეიჭრას ამ სფეროში“, არც უგულებელყოს ან მიემხროს ამა თუ იმ რელიგიას, თუნდაც ის უმრავლესობას წარმოადგენდეს. ისევე, როგორც ეკლესიებსა და რელიგიებს არ შეუძლიათ „ჩაერიონ პოლიტიკაში“: არ შეუძლიათ „დადგნენ რომელიმე მხარეს“, მონაწილეობა მიიღონ პარტიულ არჩევნებში და ჩაერთონ მკაცრად ინსტიტუციური ხასიათისა და შინაარსის საარჩევნო თუ რეფერენდუმის კამპანიებში. თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ხმა აღიმაღლონ ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური პროგრამები და არჩევანი თავიანთი შინაარსითა და შედეგებით მორალისა და სამართლებრივი პრინციპების სფეროს ეხება, რადგან პოლიტიკა ავტონომიური არ უნდა იყოს იმ პრინციპებისაგან, რომლებიც საფუძვლად უდევს მორალსა და კანონს.
„მე ვერ ვხედავ ჩემს დანიშნულებას პოლიტიკაში“, - განაცხადა პაპმა ლეონმა აფრიკაში თავისი ბოლო სამოციქულო მოგზაურობის დროს და, ამავდროულად, გაიხსენა სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაკვეთილი, სწორედ ღვთისა და ადამიანის სიყვარულის გამო. პირველი: საზოგადოებრივი ძალაუფლება ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ ის საერთო კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მეორე: დემოკრატია ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, თუ ის მორალურ კანონს ეფუძნება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ტირანიად იქცევა. მესამე: საერთაშორისო ურთიერთობები არ უნდა ეფუძნებოდეს ძალაუფლებისა და ტექნოკრატიის ლოგიკას; ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ ერებისა და ადამიანის უფლებებს. ამრიგად, აღიარებული და პატივსაცემია პოლიტიკის საერო ბუნება და რელიგიისა და ეკლესიის მსახურება დემოკრატიულ და პლურალისტურ საზოგადოებაში.
მამა გაბრიელე ბრაგანტინისაქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.
საიუბილეო ღონისძიებები მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება.
ვიმედოვნებთ, რომ კათოლიკე ეკლესია არ დაავიწყდებათ...





Comments