top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი პაპ ფრანცისკეს შესახებ

წერილი გამოქვეყნებულია ვებ–გვერდზე tabula.ge


ხორხე მარიო ბერგოლიო დაიბადა 1936 წლის 17 დეკემბერს, არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. მამა რკინიგზაში მუშაობდა დედა დიასახლისი იყო. ერთი და ჰყავდა და ორიც ძმა. მთელი მისი ოჯახი მუშათა კლასს ეკუთვნოდა და ამან განსაზღვრა ხორხე ბერგოლიოს თავმდაბლური ხასიათი და ღარიბებისადმი სოლიდარობის განცდა.


17 წლის იყო, როდესაც ხორხემ ნუმინოზური გამოცდილება მიიღო. ეს მან მაშინ გამოცადა, როდესაც  მღვდელს აღსარებას აბარებდა. ამ საკრალურმა გამოცდილებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა მის რწმენაზე და გადააწყვეტინა, რომ თავისი ცხოვრება ღმერთისთვის და ეკლესიისათვის მიეძღვნა.


1958 წელს ის  იესოს საზოგადოების (იეზუიტები) წევრი გახდა და შეუდგა რელიგიური განათლების მიღებას. ის ხარბად დაეწაფა ფილოსოფიასა და  თეოლოგიას. სწავლის პროცესში მან დაინახა, რომ მოწოდებული იყო, მღვდლობის გზას დასდგომოდა.


1969 წელს ხორხე ბერგოლიო მღვდლად ეკურთხა და მაშინვე გაითქვა სახელი, როგორც მოძღვარმა, ვისთვისაც მარგინალურ ჯგუფებზე მზრუნველობა და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. 1992 წელს ის ბუენოს აირესის ეპისკოპოსის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო 1998 წელს ეპისკოპოსად ეკურთხა. ამის შემდეგ, 2001 წელს ხორხე ბერგოლიო კარდინალად გამოცხადდა. მისი სამღვდელმთავრო სტილი ბუენოს აირესის სამთავარეპისკოპოსოში ჩამოყალიბდა, სადაც მისთვის მთავარი იყო გაჭირვებულებზე მზრუნველობა, დიალოგი და სათემო საქმიანობა.


სწორედ ბუენო აირესში გაითქვა მან სახელი, როგორც მოძღვარმა, ვისთანაც ადვილად შეიძლებოდა მისვლა, ვინც გამოირჩეოდა უბრალოებით და ვისთვისაც სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.  ის ზრუნავდა ღარიბ-ღატაკებზე და ესარჩლებოდა სოციალურად განაპირებულებს.


მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტე XVI გადადგა, 2013 წლის 13 მარტს ხორხე ბერგოლიო აირჩიეს პაპად. ის გახდა რომის საყდრის  266-ე ეპისკოპოსი. მან წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად აირჩია სახელი ფრანცისკე.


წმ. ფრანცისკე ასიზელი იყო XIII საუკუნის იტალიელი ბერ-მონაზონი და დამაარსებელი ფრანცისკელთა ორდენისა. ის გამოირჩეოდა ბუნების სიყვარულით, თავმდაბლობით, მშვიდობის ერთგულებით, ღარიბებზე მზრუნველობით და ინტერრელიგიური დიალოგით.


მისი სახელის არჩევით ბერგოლიომ ცხადზე ცხადი განაცხადი გააკეთა თუ რა იქნებოდა მის პაპობაში პრიორიტეტული მიმართულებები: თავმდაბლობა, თანალმობა, მშვიდობა, დიალოგი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.


თანალმობა


ფრანცისკემ გულწრფელად უერთგულა თავის მიზნებს. 2015-2016 წლები მან მოწყალების წლად  გამოაცხადა, რითაც ხელი შეუწყო შენდობისა და შერიგების აუცილებლობის გაღვივებას ეკლესიაში. პაპი ფრანცისკეს სამოძღვრო შეგონება "სახარებას გახარებთ“ (“Evangelii Gaudium”) მკაფიოდ გადმოსცემს მის ხედვას, თუ რამდენად საშურია, რომ ეკლესია ჩართული იყოს თანამედროვე სამყაროს ცხოვრებაში და ხელი შეუწყოს თანალმობის გაღვივებას საზოგადოებაში.


ეკუმენური და ინტერრელიგიური დიალოგი


პაპმა ფრანცისკემ გააგრძელა თავისი წინამორბედების ეკუმენური ურთიერთობები და თვისობრივად განსხვავებულ ხარისხში აიყვანა. მაგალითისათვის გამოდგება მისი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები მართლმადიდებელთა მსოფლიო საპატრიარქოსთან, კენტერპერიასთან, ორიენტალურსა და პროტესტანტულ ეკლესიებთან.


2017 წელს ის შეუერთდა პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლისთავის ზეიმს და თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ეკუმენური დიალოგისა და ისტორიული განხეთქილების  დაძლევის აუცილებლობას პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის.

მან იმოგზაურა ზოგიერთ მართლმადიდებლურ და აღმოსავლური  ტრადიციის მქონე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და სომხეთში.


თავისი პაპობის განმავლობაში მან საგანგებო დრო დაუთმო ინტერრელიგიური დიალოგის გაღრმავებას ყველა რელიგიასთან და განსაკუთრებით ისლამთან და იუდაიზმთან. მისი მოწოდება იყო, რომ გაძლიერებულიყო თანამშრომლობა და ურთიერთგაგება ყველა სარწმუნოებასთან ამ  დედამიწაზე.


ეკოლოგიური პასუხისმგებლობა


2015 წელს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ენციკლიკა "შენ გადიდებთ“  (“Laudato Si”), რომელიც არის ციტატა ფრანცისკე ასიზელის პოემიდან, რომელსაც "ქმნილებათა საგალობელი“ ეწოდება. პოემაში ავტორი ღმერთს ადიდებს სამყაროს შექმნის გამო და ამ სამყაროს ყველა წევრის მიმართ - მზის, მთვარის, ვარსკვლავების - მოწიწებულ სიყვარულს გამოხატავს.


ენციკლიკაში ვრცლად არის ლაპარაკი კლიმატის ცვლილებისა  და სხვა ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ. ენციკლიკა მოწოდებაა პლანეტის მკვიდრების მიმართ, რომ ვიზრუნოთ ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურ მომავალზე.


გამოწვევები

როდესაც ფრანცისკემ  პაპობა ჩაიბარა, ეკლესია გახვეული სხვადასხვა ტიპის სკანდალში. განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო  ეკლესიაში სასულიერო პირების მხრიდან ბავშვების სექსუალური შევიწროებისა და მათზე ძალადობის სკანდალი.   

ფრანცისკემ გადადგა გაბედული ნაბიჯები ეკლესიაში სექსუალური ძალადობისა და ზოგადად ძალადობის აღმოსაფხვრელად. პაპმა საგანგებო ყურადღება დაუთმო ძალადობის მსხვერპლებს და არ დაიშურა დრო და ენერგია მათთან შესახვედრად და სასაუბროდ.


გარიყულების თანადგომა

ფრანცისკე მუდამ ესარჩლებოდა საზოგადოების მიერ მარგინალიზებულ ჯგუფებს: ლტოლვილებს, მიგრანტებს, ეკონომიკურად ხელმოკლე ადამიანებს. ის პირადად ხვდებოდა მათ და ყველანაირად ეხმარებოდა. მისმა გულისხმიერებამ მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ გამოიწვია გამძაფრებული ყურადღება, როგორც საკუთარი  ეკლესიაში - რომის კათოლიკეებს შორის, ისე ყველა სხვა ეკლესიაში. ეს იყო ძლიერი მოწოდება, რომ  მთელ სამყაროს უფრო მეტი მიმღებლობა გამოეჩინა გარიყული ადამიანების მიმართ.

სოლიდარონა ლგბტქ თემის მიმართა

პაპმა ფრანცისკემ თავისი პაპობის დასაწყისშივე გააოგნა მსოფლიო თავისი პირველი განცხადებით გეი მღვდლების  შესახებ. "თუ ვინმე გეია და ეძიებს უფალს და კეთილი ნება აქვს, მე ვინა ვარ, რომ გავასამართლო?“  - განაცხადა მან 2013 წელს და ამით აშკარად გაუღო კარი ლგბტქ ადამიანების შემწყნარებლობას  ეკლესიაში.

მართალია, პაპი ბოლომდე ერთგული დარჩა ოჯახის ტრადიციული კათოლიკური გაგებისა, მაგრამ ის მუდამ აღიარებდა თითოეული ადამიანის ღირსების დაფასების აუცილებლობას, ლგბტქ პირების ჩათვლით. ის ერთთავად მოუწოდებდა ეკლესიას, პატივი ეცა მათი უფლებებისათვის და დაეგმო მათ მიმართ ყოველგვარი ძალადობა და დისკრიმინაცია.


ქალების ადგილი ეკლესიაში

ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკე ეკლესიას სჭირდება, ყური დაუგდოს ქალების ხმას ეკლესიაში ყოველთვის და განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მართალია, მან ვერ გაბედა ქალების მღვდლებად ხელდასხმის შემოღება, მაგრამ დაადასტურა იმისი საჭიროება, რომ ქალებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ეკლესიის ცხოვრებასა და მსახურებაში.


პაპმა ფრანცისკემ ქალები დანიშნა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვატიკანში, მათ შორის რწმენის მოძღვრების კონგრეგაციაში და ვატიკანის ფინანსურ ინსტიტუციებში.  2016 წელს მან დააფუძნა კომისია ადრინდელ ეკლესიაში ქალი დიაკვნების როლის შესასწავლად.


პაპი ფრანცისკე გაბედულად გმობდა ქალების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციას. მუდამ ხმას იმაღლებდა ტრეფიკინგის, ოჯახური ძალადობისა და ხელყოფის წინააღმდეგ. საზოგადოებას მოუწოდებდა, დაეცვათ ქალების უფლებები.


ფრანცისკეს სულიერი მემკვიდრეობა


პაპი ფრანცისკე ზოგისთვის ნამეტანი რეფორმისტი იყო, ზოგისათვის ნამეტანი კონსერვატორი, ზოგისათვის ნამეტანი მემარცხენე, ზოგისათვის არასაკმარისად მემარცხენე. ერთი რამ უსათუოდ უნდა  ითქვას, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ერთხელ და იმედია, სამუდამოდ შეცვალა რომის ეკლესია და ამით უზარმაზარი გავლენა მოახდინა მთელ საქრისტიანოზე და არა მარტო საქრისტიანოზე.


თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მან გააღვივა იესო ქრისტეს მოძღვრების ხშირად დავიწყებას მიცემული ასპექტები: ეკლესია არსებობს  იმისათვის, რომ ადამიანის კეთილდღეობას ემსახუროს და არა პირიქით. მან თავისი თავმდაბლური და მოკრძალებული ცხოვრებით დატუქსა ეკლესიის ის იერარქები, რომლებიც ჰედონიზმში იყვნენ ჩათრეულნი: სასახლის მაგივრად ის სასტუმროში ცხოვრობდა, "გაზიმზიმებული" ლიმუზინით სიარულის მაგივრად, უბრალო "ფიატით" დადიოდა ყველგან...


და ბოლოს: ამ წერილით ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ რომის დაქვრივებული საყდრის შვილებს - კათოლიკეებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი რომის ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს, სასულიერო დასს, ბერ-მონაზვნებს და მრევლს. ასევე საქართველოში სომხურ-კათოლიკური და ქალდეურ-კათოლიკური ეკლესიების სასულიერო პირებსა და მრევლს. 


სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვისაც გული დასწყვიტა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებამ.

დაე, მარადიული იყოს პაპი ფრანცისკეს ხსოვნა.


მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

Comments


bottom of page