top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

განსაკუთრებული აბრა ახალშენის ტაძრისთვის

  • 2 days ago
  • 1 min read

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, კათოლიკური ტაძრის ეზოში, მიმანიშნებელი აბრა დამონტაჟდა. იგი მამა დანიელე ჯაკომელიმ, ტაძრის წინამძღვარმა აკურთხა. გთავაზობთ ახალშენში მცხოვრები, მანანა ბურჯანაძის სტატიას.

 


წყალტუბოდან ხონისაკენ მიმავალ გზას თუ გაუყვებით, მიადგებით ერთ პატარა და ლამაზ სოფელს, რომელსაც  ახალშენი ჰქვია. როგორც კი მდინარე გუბისწყალს გადაივლით ნახავთ, რომ გზა ვაკეზე მიუყვება და  გზის ორივე მხარეს დასახლებაა. ერთ დროს, ეს სოფელი გამორჩეული იყო თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. მოსახლეობა ეწეოდა მიწათმოქმედებას: მოჰყავდა სიმინდი, სოიოს კულტურა. განვითარებული იყო მესაქონლეობა: მრავლად ჰყავდათ ძროხა, კამეჩი, ღორი და ცხენი. ყვაოდა ჩაის მეურნეობა და ამ სოფლიდან მრავალი სახელოვანი მეჩაიეც იყო. 

ახალშენელები ადგილობრივი იმერლები არ იყვნენ. ისინი სამხრეთ საქართველოდან  გადმოვიდნენ და აქ დამკვიდრდნენ.


მახსოვს, როგორ იკრიბებოდნენ სოფლის დედაკაცები და ლოცულობდნენ ,,მამაო ჩვენოს“, ,,გიხაროდენ მიმადლებულო მარიამს“... გვალვის დროს, როგორ მიჰქონდათ ხატები მდინარეზე და უფალს ევედრებოდნენ წვიმას, რომ წყალი, როგორც სოცოცხლის წყარო, მიწას და ყველა სულიერს ჰქონოდა. განსაკუთრებული დღესასწაული იყო ,,მაცხოვრის შობა“ და ,,აღდგომა“.


რამდენიმე წელში, სოფელში ტაძარი აიგო, კათოლიკური ტაძარი -,,იესო ქრისტეს მხსნელი ეკლესია“. ტაძარში კათოლიკური წირვა ყოველ კვირას ტარდებოდა.  წირვის გარდა, ოჯახებთან, ახალგაზრდებთან და ბავშვებთან შეხვედრები იმართებოდა მათთვის საინტერესო თემებზე, ბიბლიასთან დაკავშირებით.


დღეს, ამ პატარა სოფლის შუა გზას განსაკუთრებული აბრა ამშვენებს. მამა დანიელე -ჯაკომელიმ აკურთხა აბრა, რომელიც გამვლელებს  ტაძრის სახელსა და მისიას აცნობს. ყველა დაინტერესებულს შეუძლია შეჩერდეს, დაათვალიეროს ტაძარი ან განმარტოვდეს უფლის სახლში, აღავლინოს ლოცვა ან სანთელი დაანთოს. 



ტაძარი, რომელიც უკვე 25 წელზე მეტს ითვლის, ვფიქრობ, გაცილებით უფრო მეტი ხნისაა, რადგან მას ადგილობრივი კათოლიკეების სულიერი ცხოვრების ისტორია უძღოდა წინ.  


ამჟამად, ტაძარში, უფლის სადიდებელი ლიტურგია შაბათობით ტარდება.  მართალია მრევლი ცოტაა, მაგრამ მათ გვერდით არიან მამა დანიელე ჯაკომელი და მონაზონი ანნა- მარია კრიველარი.  სოფლის მიმართ მათი ზრუნვა და კეთილი  საქმეები – განუზომელია.


მანანა ბურჯანაზე

 

Comments


bottom of page