top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მღვდლობით არაფერი დასრულებულა, ახალი ცხოვრება დაიწყო' – მღვდელი მერაბ ტატალაშვილი



არლის მკვიდრი მერაბ ტატალაშვილი მღვდლად 2018 წლის 30 ივნისს აკურთხეს. მღვდლად კურთხევის ლიტურგია თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში აღევლინა. ამ დღეს, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ელოდა. ამბობს, რომ ოცი წლის ასაკამდე მღვდლად გახდომის შესახებ არც კი უფიქრია.


„ბავშვობაში ეკლესიაში ბაბოჩემსა და დედაჩემს დავყავდი. მაგრამ ამ გზაზე წასვლა არასდროს მიფიქრია. ჩემი ცხოვრების მიზანი სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრება, პროფესიის შესწავლა და ცოლის შერთვა იყო. რატომღაც მთელი ცხოვრება დაგეგმილი მქონდა, ისევე, როგორც მომავალი ქორწილი“, – ამბობს მერაბი.


სკოლის დასრულების შემდეგ, 2003 – 2007 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა: „მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, შინაგანად ყოველთვის რაღაცას ვეძებდი, მაგრამ არ ვიცოდი ეს რა იყო. მეც არ მესმოდა. ამავე პერიოდში დავიწყე ფიქრი მღვდლობაზე, მაგრამ არავისთვის მითქვამს“.


რამდენად შეძლებდა მღვდლობას, ამაზე დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ფიქრობდა. ამ პერიოდში გაიგო, რომ მათთვის, ვისაც მღვდლობა, ან მონაზვნობა სურდა, სპეციალური შეხვედრები იმართებოდა: „მამა პიერ დიუმულენმა დაიწყო მოწოდებულთათვის შეხვედრები და ძალიან მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ ამ შეხვედრაზე. თუმცა, დასწრებისთვის აუცილებელი იყო მოძღვრის თანხმობა. ჩვენთან, იმ პერიოდში მამა იეჟი შიმეროვსკი მსახურებდა და მას ვთხოვე რომ გავეშვი, მაგრამ უარი მითხრა – სანამ დარწმუნებული არ იქნები, რომ მღვდლობა გინდა, იქამდე არ წახვიდე ამ შეხვედრაზეო“.


ორ წლის შემდეგ მოძღვარისგან თანხმობა მიიღო და „მოწოდებულთა შეხვედრაზე“ წავიდა: "ძალიან ემოციური იყო და ჩემი კითხვების ორმოცდაათ პროცენტს პასუხი გავეცი. იქიდან დაბრუნების შემდეგ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მღვდელი გავხდებოდი“.


ამის შემდეგ მერაბი მხოლოდ მღვდლობაზე ფიქრობდა და ყოველდღე წირვაზე დადიოდა: „ვფიქრობდი, რომ მღვდლობა მხოლოდ ჩემი აკვიატებული აზრი იყო, ამიტომ ერთ წლიანი პერიოდი მივეცი თავს და ჯარში წავედი. მინდოდა ფიზიკურად დავშორებოდი ეკლესიას, რომ გარედან შემეხედა ჩემი თავისთვის. თუმცა მივხვდი, რომ უფრო ახლოს მივედი ღმერთთან ვიდრე აქამდე ვიყავი. ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანი“.


კათოლიკე ეკლესიაში მღვდლად გახდომისათვის პირველი საფეხური პრესემინარიაა, სადაც ერთწლიან სწავლებას გადიან და სემინარიისათვის ემზადებიან. მერაბმა პრესემინარია კიდევ ერთ მღვდლობის მსურველთან ერთად გაიარა, რის შემდეგაც ორივე მათგანი ყაზახეთის კათოლიკურ სემიარიაში ჩაირიცხა. სემინარია საერთაშორისო დაწესებულებაა და აქ სწავლა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეუძლიათ.


„ჩემს კურსზე 16 სემინარისტი სწავლობდა. ქართველები ვიყავით, სომხები, ყაზახები, რამდენიმე პოლონელიც. სწავლა ძალიან რთული იყო, ძირითადად რუსულ ენაზე“, – გვიყვება მერაბი.


სემინარიაში სწავლის პერიოდში, რამდენიმე ეტაპი გაიარა. პირველი ორი წლის დასრულების შემდეგ სუტანა, ანუ მღვდლის შავი შესამოსელი, მოგვიანებით კი მედავითნეს წოდება მიიღო, ანუ წირვაზე წმიდა წერილიდან საკითხავების კითხვა ოფიციალურად შეეძლო. კიდევ ერთი წლის შემდეგ, აკოლიტეტის წოდება მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წინდა ზიარების გადაცემა შეეძლო.



ხუთწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამრევლოებში პრაქტიკაზე იმყოფებოდა. 2016 წელს, სამშობლოში დაბრუნებული კი საკუთარ სამრევლოში, არლის წმინდა იოსების სახელობის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხეს.


ამბობს, რომ წესის მიხედვით, ყოველი წოდების მისაღებად, ეპისკოპოსს ოფიციალური წერილით უნდა მიმართო და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ შეგიძლია ერთი საფეხურით მაღალი აიწიო: „დიაკვნად კურთხევისთვის მოთხოვნის დაწერიდან სამი თვის შემდეგ მოვიდა პასუხი. ამ დროს ცელიბატის ფიცი დავდე, ანუ ცოლის მოყვანა არ შემიძლია“.


მერაბი დიაკვნად კურთხევის შემდეგ ორი წლით, ისევ პრაქტიკაზე გაუშვეს. ამჯერად საქართველოს სამრევლოებში: ვალეში, არალსა და ქუთაისში.


საბოლოოდ, მღვდლად კურთხევისათვის სპეციალური განაცხადი 2018 წლის 1 მაისს დაწერა, დადებითი პასუხი კი ორი კვირის შემდეგ მიიღო. ამ ორი კვირის განმავლობაში კი ყველა სამრევლოში, სადაც იგი პრაქტიკაზე იმყოფებოდა, კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხდება გაავრცელა: „ხალხს სთხოვდნენ, თუ ვინმე იყო წინააღმდეგი ჩემი მღვდლად კურთხევის, მყარი არგუმენტით მიემართათ ეპისკოპოსის რეზიდენციისათვის ან საკუთარი წინამძღვრისათვის“ , – ამბობს მერაბი და ამატებს რომ თავად ეს პერიოდი მონასტერში, მარტო ყოფნაში გაატარა – „ეს არის განსაკუთრებული მომენტი. მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში უნდა იყო განმარტოებით. რჩებით შენ და ღმერთი, ის გესაუბრება, შენ ისმენ".


მერაბის მღვდლად კურთხევის შესახებ საბოლოოდ მისი განაცხადება დაკმაყოფილდა. ხელდასხმის სპეციალური ლიტურგია ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის ადმინისტრატორმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინდა. მასთან ერთად ლიტურგიას ოცი მღვდელი და საქართველოში წმინდა საყდრის ახლადდანიშნული დესპანი ჟოზე აველინო ბატანკური ესწრებოდა.


მღვდლადკურთხევისას, წესისამებრ, წმინდანთა ლიტანია შესრულდა. ამ დროს მერაბი იატაკზე დაემხო და ვიდრე ლიტანია დასრულდებოდა მას დრო კიდევ ჰქონდა მღვდლობაზე უარი ეთქვა და ამდგარიყო.


ლიტანიის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა იგი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის მეორე დღეს კი მერბმა წირვა, არლის წმინდა იოსების სახელობის ეკლესიაში აღავლინა. ეს ის სამრევლოა, რომელსაც იგი მღვდლად კურთხევამდე ეკუთვნოდა.


მამა მერაბ ტატალაშვილი ამჟამად მოქმედი მეხუთე ქართველი მღვდელია. ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით, იგი ბეთლებისა და გორის სამრევლოების ადმინისტრატორია.


ამბობს, რომ ახალ ეტაპზე უნდა ნაყოფიერად იმუშაოს: „მღვდლობით არაფერი დასრულებულა. ამით ახალი ეტაპი, ახალი ცხოვრება იწყება“.


მასალა ეკუთვნის საინფორმაციო სააგენტო  "სამხრეთის კარიბჭეს"  
მომზადებულია 2018 წლის 4 ივლისს

თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page