top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ნაცრის ოთხშაბათი' კათოლიკე ეკლესიაში

2025 წლის 5 მარტს კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვის პირველი დღეს, „ნაცრის ოთხშაბათი“ იქნება. მას ასევე უწოდებენ  „შესავალ ოთხშაბათს“. სიმბოლურად თავზე ნაცრის დაყრით, ლოცვით, გულმოწყალებითა და გარკვეული საკვებისგან თავის შეკავებით იწყება აღდგომის დღესასწაულისთვის მოსამზადებელი მონანიების პერიოდი.



თავზე ნაცრის დაყრის რიტუალი

 

მონანიების ნიშნად, თავზე  ნაცრის დაყრა, მრავალ ტრადიციაში ცნობილი რიტუალია. მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გვხვდება - იგი ნახსენებია იონასა და იოელის წიგნებში, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა ძველ საბერძნეთში, ეგვიპტესა და  არაბულ ტრადიციულ რიტუალებში. ყველა ტრადიციაში იგი  გლოვისა და სინანულის ნიშანი იყო. ასევე ცნობილი იყო ტრადიციულ ინდურ ტომებში, სადაც ცეცხლთან დაკავშირებული რიტუალები შამანური რიტუალების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა.

 

ებრაულ-ქრისტიანულ ტრადიციაში ნაცარი არის ადამიანის ცხოვრების ცვლილებისა და სისუსტის დაძლევის, ასევე გლოვისა და ტკივილის სიმბოლო, მაგრამ არა მხოლოდ ეს. ნაცარი ასევე განწმენდისა და აღდგომის ნიშანია. ღმერთმა ხომ შექმნა ადამიანი მიწის მტვრისგან და ხელახლა შვა ქრისტეში, ახალ სიცოცხლეში.

 

„ნაცრის ოთხშაბათი“

 

თავზე ნაცრის დაყრის ტრადიცია „შესავალი ოთხშაბათის“ ლიტურგიის დროს, ეკლესიამ XI საუკუნეში მიიღო. 1099 წელს, პაპმა ურბან II -მ დაამტკიცა, როგორც ოფიციალური რიტუალი. ტერმინი “ნაცრის ოთხშაბათი” 1570 წელს, ტრიდენტის კრებაზე დადგინდა.

 

„ნაცრის ოთხშაბათის“ ლიტურგიაზე მორწმუნეები თავს ხრიან, ხოლო მღვდელი სიმბოლურად თავზე ნაცარს აყრის. ტრადიციულად, წინა წლიდან დარჩენილი პალმის ტოტების (საქართველოში – ბზის) ნაცარი გამოიყენება ამ რიტუალის აღსასრულებლად. აღნიშნული რიტუალი ხაზს უსვამს მორწმუნეების სინანულს, იესოს ვნებასა და სიკვდილს. მღვდელი მისი აღსრულებისას წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: “მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი” ანდა “მოინანიე და იწამე სახარება”.

 

ეს რიტუალი მიზნად ისახავს შეგვახსენოს, რომ მიწიერი ცხოვრება წარმავალია და რომ ძლიერი რწმენა, სულიერი წვრთნები, ნებაყოფლობით უარის თქმა რამეზე და თავდაუზოგავი, უანგარო გაცემა გვეხმარება მარადიული სიცოცხლის მიღწევაში.

 

მარხვის მნიშვნელობა

 

კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვის ჟამი არის სპეციალური დრო უმნიშვნელოვანესი დღესასწაულებისათვის მოსამზადებლად. ამ პერიოდში, მონანიებითა და ლიტურგიაში მონაწილეობით მორწმუნეები აღასრულებენ სულიერ მომლოცველობას. ნებაყოფლობით რამეზე უარის თქმა და მარხვა მორწმუნეს აძლიერებს რწმენასა და თავმდაბლობაში.

 

„ნაცრის ოთხშაბათით“ იწყება დიდმარხვის ორმოცდღიანი ჟამი. კათოლიკე ეკლესიაში მორწმუნეები ლოცვით, გულმოწყალებითა და გარკვეულ საკვებზე უარის თქმით ემზადებიან უდიდესი დღესასწაულის, უფალ იესოს აღდგომისათვის.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page