top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ლეონ XIV-ის ბიოგრაფია

Updated: 1 day ago

პაპად არჩევამდე, კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო მსახურობდა ეპისკოპოსთა განყოფილების (დიკასტერიის) პრეფექტად.


წარმოგიდგენთ რომის 267-ე ეპისკოპოსის, პაპი ლეონ XIV-ის ბიოგრაფიას.



პირველი ავგუსტინელი პაპი, ლეონ XIV, ამერიკის კონტინენტიდან მეორე რომის პონტიფექსია — პაპ ფრანცისკეს შემდეგ. თუმცა, ხორხე მარიო ბერგოლიოსგან განსხვავებით, 69 წლის რობერტ ფრენსის პრევო წარმოშობით კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილიდანაა,  თუმცა მან მრავალი წელი გაატარა მისიონერად პერუში, სანამ ავგუსტინელების წინამძღვრად ზედიზედ ორი ვადით აირჩევდნენ.

 

პირველი ავგუსტინელი პაპი


რომის ახალი ეპისკოპოსი  1955 წლის 14 სექტემბერს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში დაიბადა. ის არის ლუი მარიუს პრევოს (ფრანგულ-იტალიური წარმოშობის) და მილდრედ მარტინესის (ესპანური წარმოშობის) შვილი. მას ჰყავს ორი ძმა — ლუი მარტინი და ჯონ ჯოზეფი.


რობერტმა ბავშვობა და მოზარდობა ოჯახთან ერთად გაატარა. ჯერ ავგუსტინელთა სემინარიაში სწავლობდა, შემდეგ კი პენსილვანიაში, ვილანოვას უნივერსიტეტში, სადაც 1977 წელს მიიღო მათემატიკის ხარისხი და ასევე შეისწავლა ფილოსოფიაც.

იმავე წლის 1–ელ სექტემბერს პრევო შევიდა წმიდა ავგუსტინეს ორდენის (O.S.A.) ნოვიციატში სენტ-ლუისში, ჩიკაგოს "კეთილი რჩევის დედის" პროვინციაში, და პირველი აღთქმა დადო 1978 წლის 2 სექტემბერს, ხოლო საზეიმო აღთქმა დადო 1981 წლის 29 აგვისტოს.


მომავალმა პონტიფიკოსმა თეოლოგიური განათლება მიიღო ჩიკაგოს კათოლიკურ თეოლოგიურ სასწავლებელში. 27 წლის ასაკში, უფროსებმა იგი რომში, წმინდა თომა აკვინელის პაპის უნივერსიტეტში, სამართლის სასწავლად გაგზავნეს.


1982 წლის 19 ივნისს, რომში წმინდა მონიკას ავგუსტინელთა კოლეჯში,ის მღვდლად აკურთხა  არქიეპისკოპოსმა ჟან ჟადომ, რომელიც იმ დროს არაქრისტიანებთან ურთიერთობის სამდივნოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო — ეს ორგანო მოგვიანებით გადაიქცა პონტიფიკურ საბჭოდ, ხოლო შემდეგ რელიგიათშორისი დიალოგის დიკასტერიად.


პრევომ ლიცენციატი მიიღო 1984 წელს, ხოლო მომდევნო წელს, სანამ დოქტორის დისერტაციას ამზადებდა, გაგზავნეს ავგუსტინელთა მისიაში, პერუს ქალაქ ჩულუკანასში, პიურას რეგიონში (1985–1986). 1987 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადგილობრივი წინამძღვრის როლი წმინდა ავგუსტინეს ორდენში“ და დაინიშნა მოწვევების დირექტორად და მისიონერული საქმიანობის ხელმძღვანელად ავგუსტინელთა „კეთილი რჩევის დედის“ პროვინციაში, ოლიმპია ფილდსში, ილინოისში (აშშ).


მისია პერუში

შემდეგ წელს ის შეუერთდა მისიას პერუს ქალაქ ტრუხილიოში, სადაც მუშაობდა ჩულუკანასის, იკიტოსისა და აპურიმაკის ვიკარიატების ავგუსტინელ კანდიდატთა ერთობლივი სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელად.


თერთმეტი წლის განმავლობაში მას სხვადასხვა პოზიცია ეკავა: იყო საზოგადოების წინამძღვარი (1988–1992), ფორმაციის დირექტორი (1988–1998), და ორდენში აღთქმულთა ინსტრუქტორი (1992–1998). ტრუხილიოს არქიეპარქიაში მსახურობდა როგორც იუდიციური ვიკარიუსი (1989–1998) და კითხულობდა ლექციებს კანონიკურ სამართალში, პატრისტიკაში და მორალურ თეოლოგიაში.


ამავდროულად, მას ასევე დაევალა ქალაქის ღარიბ გარეუბანში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის სამწყსო მზრუნველობა, რომელიც მოგვიანებით წმიდა რიტას სამრევლოდ (1988–1999) დაარსდა და 1992 წლიდან 1999 წლამდე მონსერატის ღვთისმშობლის სამრევლოს ადმინისტრატორი იყო.


ავგუსტინელთა ორდენის ხელმძღვანელობა

1999 წელს იგი აირჩიეს ავგუსტინელთა “კეთილი რჩევის დედის” პროვინციის პროვინციულ წინამძღვრად ჩიკაგოში. ორ წელიწადში კი წმინდა ავგუსტინეს ორდენის გენერალურმა ყრილობამ იგი აირჩია გენერლად და 2007 წელს ხელახლა დაუდასტურა თანამდებობა მეორე ვადით.


ეპისკოპოსი პერუში

2013 წლის ოქტომბერში დაბრუნდა ჩიკაგოს ავგუსტინელთა პროვინციაში, სადაც მსახურობდა წმიდა ავგუსტინეს კონვენტში როგორც ფორმაციის დირექტორი, პირველი მრჩეველი და პროვინციული ვიკარიუსი — სანამ პაპმა ფრანცისკემ 2014 წლის 3 ნოემბერს არ დანიშნა პერუს ჩიკლაიოს ეპარქიის აპოსტოლურ ადმინისტრატორად და მისთვის ეპისკოპოსის ტიტული არ მიენიჭა, როგორც საფარის (Sufar) ტიტულარულ ეპისკოპოსს.


2014 წლის 7 ნოემბერს, მან დაიწყო მსახურება ჩიკლაიოში აპოსტოლური ნუნციუსის, ჯეიმს პატრიკ გრინის თანდასწრებით, რომელმაც ერთი თვის შემდეგ — 12 დეკემბერს, გვადალუპეს ღვთისმშობლის დღესასწაულზე — აკურთხა იგი ეპისკოპოსად წმიდა მარიამის ტაძარში.


მისი ეპისკოპოსური დევიზია: “In Illo uno unum” — წმიდა ავგუსტინეს სიტყვები 127 ფსალმუნიდან, რაც ნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრავლად ვართ, ქრისტეში — ერთნი ვართ“.


ჩიკლაიოს ეპისკოპოსი (2015–2023 წწ.)

2015 წლის 26 სექტემბერს პაპმა ფრანცისკემ იგი დანიშნა ჩიკლაიოს ეპისკოპოსად. 2018 წლის მარტში ის აირჩიეს პერუს ეპისკოპოსთა კონფერენციის მეორე ვიცე-პრეზიდენტად. იგი ასევე იყო ეკონომიკური საბჭოს წევრი და კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე.


ვატიკანში პასუხისმგებლობები

2019 წელს პაპმა ფრანცისკემ იგი დანიშნა სასულიერო პირთა კონგრეგაციის წევრად (13 ივლისი), ხოლო 2020 წლის 21 ნოემბერს — ეპისკოპოსთა კონგრეგაციის წევრად. ამავდროულად, 2020 წლის 15 აპრილს, მას მიანდეს კალაოს ეპარქიის აპოსტოლური ადმინისტრაცია.


დიკასტერიის პრეფექტი

2023 წლის 30 იანვარს პაპმა იგი რომში მოიწვია, რათა დაეკავებინა ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტის და ლათინური ამერიკის პონტიფიკური კომისიის პრეზიდენტის თანამდებობები. ამავდროულად მიენიჭა არქიეპისკოპოსის ტიტული.


კარდინალი 2023 წლიდან

2023 წლის 30 სექტემბერს გამართულ კონსისტორიაზე პაპმა ფრანცისკემ იგი დაასახელა კარდინალად და მიანიჭა წმიდა მონიკას დიაკონიის ტიტულარული ეკლესია, რომლის ოფიციალური ფლობა დაიწყო 2024 წლის 28 იანვარს.


სინოდი და სხვა დანიშვნები

როგორც დიკასტერიის ხელმძღვანელმა, ის მონაწილეობდა პაპის ბოლო სამოციქულო მოგზაურობებში და ეპისკოპოსთა სინოდის XVI რიგითი გენერალური კრების ორივე სესიაში, რომლებიც ჩატარდა 2023 წლის 4–29 ოქტომბერს და 2024 წლის 2–27 ოქტომბერს.


2023 წლის 4 ოქტომბერს, იგი ასევე დაინიშნა შემდეგი დიკასტერიების წევრად: სახარების ქადაგების (პირველი ევანგელიზაცია და ახალი ადგილობრივი ეკლესიები), სარწმუნოების დოკტრინის, აღმოსავლური ეკლესიების, სასულიერო პირთა, კონსეკრირებულ ცხოვრებასა და მოციქულური ცხოვრების საზოგადოებების, კულტურისა და განათლების, კანონმდებლობის ტექსტების და ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს პონტიფიკური კომისიის.


ეპისკოპოსთა კოლეგიის უმაღლესი ორდენი2025 წლის 6 თებერვალს არგენტინელმა პაპმა იგი წარადგინა ეპისკოპოსთა ორდენის წევრად და მიანიჭა ალბანოს საეპისკოპოსო ტიტული (ეს არის სუბურბიკარული ეკლესია, რომის გარეუბანში).


მოღვაწეობა იუბილეს წელს

სამი დღის შემდეგ, 9 თებერვალს, იგი პაპ ფრანცისკეს მიერ წმიდა პეტრეს მოედანზე ჩატარებულ იუბილეს — სამხედრო ძალების პატივსაცემად გამართულ წირვას — წარუძღვა.


ასევე, მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკე კლინიკაში მოათავსეს (ჰოსპიტალი „ჯემელი“), პრევო, 3 მარტს, წმიდა პეტრეს მოედანზე უძღვებოდა „სავარდის“ ლოცვას პონტიფექსის ჯანმრთელობისთვის.

 

 

Comentarios


bottom of page