top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პეტრე მელიქიშვილი - თსუ–ს პირველი კათოლიკე რექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი რექტორი, პეტრე მელიქიშვილი კათოლიკე იყო. იგი 1850 წლის 11 ივლისს დაიბადა.


იყო ქიმიკოსი, თსუ–ში ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი.


გთავაზობთ პეტრე მელიქიშვილის შესახებ მომზადებულ სტატიას, რომელიც დაიწერა წიგნისთვის "ჩვენი კათოლიკე წინაპრები".

ყოველთვის, როცა ადამიანებს უჩნდებათ ბევრი კითხვა ჩემი რელიგიური კუთვნილების შესახებ; ყოველთვის, როცა მათ ჰგონიათ, რომ კათოლიკეები ერთ დღეს, უცებ და ისტორიის გარეშე გაჩენილი „ჯგუფია“ საქართველოში; ყოველთვის, როცა ფიქრობენ რომ ჩვენ, როგორც რელიგიურ უმცირესობას „ამა ქვეყნისა“, არ გვაქვს სრულფასოვნად არსებობის უფლება, მე ის ჩემი წინაპრები მახსენდებიან, რომლებიც სწორედ იმ რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ და ეკუთვნიან, რასაც დღეს მე...


და მიუხედავად იმისა, რომ ერთი–ორი საუკუნის წინ, ალბათ ასეთი მძაფრი არ იყო საქართველოში რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან მეამაყება, რომ არსებობენ ქართველი კათოლიკე გენიები, რომლებმაც ჩემს ქვეყანას, საქართველოს წარმოუდგენელი ამაგი დასდეს...


ერთ–ერთი ასეთია პეტრე მელიქიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი და ქართველი ქიმიკოსი. ადამიანი, რომელიც დაიბადა ქართველ კათოლიკეთა ოჯახში, რომელიც იყო ახალციხიდან და რომელმაც ბოლომდე გაამართლა სიტყვები „მესხი სწავლითა ქებული“...


სწორედ ამ მესხი კათოლიკეს დამსახურებაა, რომ 1900–იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსულ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა და სათანადო წინააღმდეგობასაც უწევდა ქართული იდეით გამსჭვალულ წამოწყებებს, გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. იმ პერიოდში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნისა და ერის ისტორიაში და ამისი მონაწილე და ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი სწორედ ქართველი კათოლიკე გახლდათ.


ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ პეტრე მელიქიშვილის რექტორად დანიშვნა მარტივად არ მომხდარა. იგი უარობდა ამ თანამდებობაზე ყოფნას, თუმცა მაშინდელი პროფესორთა კოლეგიის არაერთგზის შეკრების შემდეგ, იგი სათავეში ჩაუდგა საგანმანათლებლო კერას.


თავად ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელსაც დღეს ეს უნივერსიტეტი ატარებს არაერთგზის სთხოვდა პეტრე მელიქიშვილს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. არც ეს ფაქტი იყო გაუაზრებელი. ჯავახიშვილმა და პროფესორთა კოლეგიამაც კარგად იცოდა, რომ მელიქიშვილს მრავალგზის განათლება ჰქონდა მიღებული და მისი ნიჭიერებისა და შესაძლებლობების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ, იყო ცნობილი. ამრიგად, მელიქიშვილის რექტორად დანიშვნით, საქართველოს გაიცნობდა ინტელიგენტთა და საგანმანათლებლო წრეების მაღალი ფენები. ის მოიაზრებოდა, როგორც ერთგვარი „ხიდი“ მცირე, უცნობ საქართველოსა და ძლიერ ქვეყნებს შორის. აღსანიშნავია, რომ მელიქიშვილის ნაშრომები რუსულ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე იყო გამოქვეყნებული...


პეტრე მელიქიშვილის ასეთი წარმატება ალბათ დიდწილად უკავშირდება მის ოჯახს და მათთან არსებულ საგანმანათლებლო ტრადიციებს. დღეს თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს კათოლიკე ანდა კათოლიკე ვერ არის ჭეშმარიტი მამულიშვილი, ამ მოსაზრებებს ძლიერი არგუმენტი აქვს საპირისპიროდ. მაგალითად, ზემოთ ვახსენეთ, რომ მელიქიშვილი კათოლიკეთა ოჯახში დაიბადა და აი, რას წერს ექვთიმე თაყაიშვილი მელიქიშვილების ოჯახზე: ...“ პეტრეს მამა გრიგორი ახალციხიდან იყო მოსული ტფილისში...პეტრეს მამის ოჯახი იმთავითვე ქართველობდა. ამ ოჯახში საზოგადო მოღვაწეობა ტრადიციული იყო. პეტრეს მამა გრიგორი და მისი ძმა სტეფანე იმ ქართველ პატრიოტთა პატარა ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთაც დააარსეს პირველი კერძო სტამბა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემად. ეს მაშინ დიდი პატრიოტული საქმე იყო.” მაშასადამე, ქართველი პატრიოტი კათოლიკეები, ჯერ კიდევ 1800–იან წლებში არსებობდნენ. და შემდეგ ასეთი განათლებული ოჯახებში იბადებოდნენ ადამიანები, რომლებსაც შორს გაჰქონდათ ქვეყნის სახელი: „პეტრემ დიდედის დახმარებით შეისწავლა წერა-კითხვა. ათი წლისა იგი მიაბარეს გიმნაზიაში, სადაც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა; კლასიდან კლასში გადასვლისას ყოველთვის ქების სიგელს იღებდა, ხოლო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1868წ.) მისი სახელი ოქროს ასოებით დაიწერა საპატიო დაფაზე”.


პეტრე მელიქიშვილის ცხოვრების დეტალები ყოვლისმომცველი და სამაგალითოა. მისი ბუნება, ხასიათი კარგად ჩანს მის ქცევებში. იგი ერთგული, პატრიოტი და შრომისმოყვარეა, სწორედ ასეთებად ყოფნა გვჭირდება დღეს ჩვენ, ქართველ კათოლიკე ახალგაზრდებსაც...


სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პეტრე მელიქიშვილს საკუთარ აღმსარებლობასთან, ეკლესიასთან, თუმცა ისტორიები მისი ცხოვრებიდან, ნათლად მოწმობს, რომ თავმდაბლობა, უანგარობა, პატიოსნება, რომელიც ქრისტიანისთვისაა დამახასიათებელი, მისი თანამდევი იყო.


მისი მოწაფე დ. ჯორჯიკია იხსენებს: “ერთხელ, ზამთარში, გვიან საღამოს შემოვიდა პეტრე მელიქიშვილი პალტოს გარეშე. შეშფოთდა დარაჯი და ჰკითხა - ბატონო პეტრე პალტო რა უყავით? მან უთხრა: შემხვდა გზაზე ვინმე უპოვარი, რომელსაც არც ფეხზე ეცვა, არც ტანზე, სულ კანკალებდა და როგორ შემეძლო მე მისთვის რაიმე მაინც არ მეწილადაო”, – ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ქრისტიანობა...


დღეს, ჩვენ ქართველ კათოლიკე ახალგაზრდებს ასეთი წინაპრების უნდა გვეამაყებოდეს, ასეთ ნაკვალევს უნდა მივყვებოდეთ და სწორედ მათი არსებობის გამო, არ გვაქვს მოდუნების, დანებების უფლება..


ასეთი წინაპრები უნდა გვაძლევდნენ მაგალითს იმისას, რომ ქართველი კათოლიკეები არსებობდნენ, არსებობენ და კვლავ იარსებებენ.


მათი ღვაწლი ქვეყნის ეროვნულობის შენარჩუნებისთვის არ გადიოდა რაიმე მატერიალურ სარგებელზე და ისინიც ისეთივე სრულფასოვან წევრებად თვლიდნენ თავს, როგორც სხვა, თუნდაც რელიგიური უმრავლესობის წევრები..

უნდა გვახსოვდეს, რომ პეტრე მელიქიშვილისა და სხვათა პრივილეგია მათივე განათლება იყო და ისინი საკუთარი აღმსარებლობის გამო არ „იბლოკებოდნენ“ გარედან, პირიქით, ისინი მოწონებული და დაფასებული იყვნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.


ეს არის ჩვენი რეალური სახე საქართველოში. მელიქიშვილის და სხვა გამოჩენილ კათოლიკეთა არსებობა ჩვენი გარანტი, არგუმენტი და ჩვენი ძალაა, შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და თავი ქვეყნის სრულფასოვან წევრებად ვიგრძნოთ!

როგორ უნდა მეშინოდეს დღეს მე, ქართველ კათოლიკე ახალგაზრდას რამის, როცა ვიცი რომ დედაუნივერსიტეტი, რომელმაც თაობები აღზარდა, ჩემი წინაპრის მონდომებით, ზრუნვით, თავდადებითაა დაფუძნებული...


მასაც ჰქონდა ძნელბედობის ჟამი, რა თქმა უნდა. არც მისთვის იქნებოდა იოლი რუსული რეჟიმის პირისპირ დგომა და ქართული საძირკვლის მზადება, არც მისთვის იქნებოდა იოლი შრომა და თავდადება, თუმცა გამოუვიდა...


პეტრე მელიქიშვილის ცხოვრება სამაგალითო ანარეკლი უნდა გახდეს ჩვენი და ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალა, რომ ვთქვათ: დიახ, ჩვენ მივყვებით მის კვალს, დიახ, ჩვენ არ გვეშინია, დიახ, გავუძლებთ ყველანაირ წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ ვცოცხლობთ! და ჩვენ კიდევ უნდა გვყავდეს ბევრი განათლებული „მელიქიშვილი“ ჩვენს კათოლიკე ოჯახებში.


თაკო ფეიქრიშვილი
"ჩვენი კათოლიკე წინაპრები" 






Yorumlar


bottom of page