top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ უთხრეს მესხ კათოლიკეებს უარი ბუზმარეთში საზღვრის გახსნაზე


ამაღლების დღესასწაულზე კათოლიკეებისთვის ბუზმარეთის საზღვარი არ გაიხსნება. შესაბამისად, წმ. წირვას კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი და ვატიკანის ელჩი საზღვრის გარეთ აღავლენენ. კათოლიკურ მხარეს ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური წერილობითი პასუხი, მართლმადიდებლების მსგავსად, რატომ არ შეუძლიათ საზღვრის შიგნით არსებული ტაძარი მოილოცონ.


13 მაისს, კათოლიკე ეკლესიაში ამაღლების დღესასწაულია. ტრადიციულად, მესხეთში მცხოვრები კათოლიკეები ამ დღეს ბუზმარეთში, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში არსებულ ტაძარს მოილოცავენ და წირვასაც იქ აღავლენენ. (ასევეთივე ტრადიცია აქვთ აქ მცხოვრებ მართლმადიდებლებს.


უკვე მეორე წელია, კათოლიკე მრევლს საზღვრის გახსნაზე უარს ეუბნებიან. 2020 წელს, საზღვარი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით არ გაიხსნა, ამიტომ სასულიერო პირებმა წირვა საზღვრის გარეთ ჩაატარეს. თუმცა ორი კვირის შემდეგ მაშინ, როცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იზეიმა ამაღლება, საზღვარი გაიხსნა.


წელს, საზღვრის გახსნის თხოვნით, კათოლიკე ეკელსიამ სასაზღვრო პოლიციას 4 მაისს მიმართა. შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს უფროსის გიორგი ფერაძის სახელზე დაწერილი განცხადება, სამცხე-ჯავახეთის კათოლიკური ეკლესიების დეკანმა და ამავდროულად, არლისა და უდის ეკელსიების წინამძღვარმა ანდრეი გრაჩიკმა სამმართველოში თავად ჩაიტანა: „გვითხრეს, განცხადების დატოვება საჭირო არ არის, საზღვარს გავხსნით და პრობლემა არ იქნებაო“.


დაპირებიდან 6 დღის შემდეგ, მაშინ,როცა დღესასწაულამდე 2 დღე იყო დარჩენილი, წინამძღვარს სასაზღვრო პოლიციიდან დაუკავშირდენენ და განუმარტეს, რომ წირვის აღვლენისთვის საჭირო იყო თანხმობა ადიგენის პოლიციის სამმართველოდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. „აქ გვითხრეს, რომ კორონავირუსის გამო, თანხმობას ვერ მოგვცემდნენ“.


საქართველოს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ამბობს, რომ საქმეში ჩართული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ამბობს, რომ კანონი, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს, ღია სივრცეში წმ. წირვის აღვლენა იკრძალება, არ არის.


„არსებობს კანონი, რომელის მიხედვითაც, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე და დისტანცია უნდა დავიცვათ 2 მეტრიანი. სხვა კანონი, რომელის მიხედვითაც გვეკრძალება ღია სივრცეში წირვის ჩატარება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, გვაქვს სიტყვიერი პასუხი, რომ საზღვარს არ გვიხსნიან კორონავირუსის გამო. მე კი ვითხოვ გაგვცენ წერილობითი პასუხი, სადაც განმარტებული იქნება, რატომ არ შეგვიძლია სხვების მსგავსად შევიდეთ საზღვრის შიგნით და წირვა ჩავატაროთ“, – ამბობს მეუფე ჯუზეპე პაზოტო.


მისივე თქმით, გაიხსნება თუ არა საზღვარი, წმ. წირვას მაინც აღავლენს, თუნდაც საზღვრის გარეთ.


„ჩავატარებთ წირვას იქ, სადაც იყო გასულ წელს. ეს არის დღესასწაული და მე, როგორც ეპისკოპოსი პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა უწყების წინაშე“.


ფოტო – 2020 წელი, ამაღლება ბუზმარეთში

13 მაისს, ბუზმარეთში წმ. წირვისთვის თბილისიდან კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსთან ერთად იქნება ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური. ლიტურგია 12:00 საათზე დაიწყება.


ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქრთველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან. ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page