top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რჩევა... პაპ ლეონ XIV-ისაგან



„მახსენდება ვან გოგის მშვენიერი ნახატი: „მთესველი მზის ჩასვლისას...“, - ამ სიტყვებით განაგრძო პაპმა ლეონ XIV-მ, წმიდა პეტრეს მოედანზე, ფართო აუდიტორიასთან საუბარი (21 მაისი), რომელიც მან თავის პირველ კატეხისტურ ციკლში შეიტანა; საუბარი ეფუძნება იგავს მთესველის შესახებ (ებრაულად mashal משל), სადაც მთესველი თესლს მიმოაბნევს სხვადასხვა სახის ნიადაგში, რომელთაგანაც მხოლოდ ერთს შეუძლია მიიღოს ის, რაც ნაყოფს იძლევა (იხ. მათე 13,3).

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წელს, ბელგიის საზღვარზე მდებარე ჰოლანდიის პროვინცია ბრაბანტიის პატარა სოფელში; ეს ნაწილი ნიდერლანდებს ეკუთვნოდა, იქ პროტესტანტები ცხოვრობდნენ, მაგრამ ფლანდრიის კათოლიციზმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ვინსენტის მამა და ბიძა პროტესტანტი პასტორები იყვნენ და მიეკუთვნებოდნენ რეფორმისტულ მოძრაობას, რომელიც XIX საუკუნეში ჰოლანდიური კალვინიზმის წიაღში წარმოიშვა და შთაგონებული იყო ორი ნაშრომით: თომას კემპელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ჯონ ბანიანის „პილიგრიმის მოგზაურობა“.

ეს შესანიშნავი ტილო ვან გოგმა 1888 წელს დახატა, სამხრეთ საფრანგეთში, პროვანსში, კერძოდ, არლში ყოფნისას, ივნისის თვეში, როდესაც მწიფე ხორბალი ოქროსფრად ელვარებს მცხუნვარე მზის ქვეშ: ნახატის ზემოთ, ცენტრში, მზის დიდი დისკოა, რომლის სხივებიც ყველა მიმართულებითაა გავრცელებული და ახლად მოხნულ პურის ყანას ეფინება, ქვედა ნაწილში მისი თბილი და ცხოველმყოფელი შუქი შეიგრძნობა. მინდორს ორ ნაწილად ჰყოფს მწიფე ხორბლის ღობე, შუაში კი თავად მთესველი დგას. ცასა და მიწას შორის ფერთა გაცვლა ხდება. ფერები ძლიერია, ერთმანეთს ავსებს, ფუნჯის შტრიხები ზუსტია, თითქმის სიმეტრიული. მთესველს მარცხენა ხელით გულთან მიუტანია თესლით სავსე ტომარა. თესლსაც ცასავით ოქროსფერი დასდებია. ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა იგრძნობა მთესველის ხელის მოძრაობაში, წინ გადადგმულ ფეხსა და უდრეკ სახეში. ეს არის მოძრაობა, რომელიც თავად სიცარიელეს სცილდება, ცივი ზამთრის მარტოობასა და უკაცრიელობაში გვატარებს, საშუალებას გვაძლევს, ვშთანთქოთ მზის სხივები, გარდავქმნათ სიცარიელე შემოქმედებით ძალად, რომელიც თითქმის შეესაბამება მის სულს, გარე სამყაროს რეალობასა და მის ხელოვნებას.


და ეს მთესველი, თავაწეული რომ აგრძელებს შრომას, სრულიად მარტო, ურყევად, თავდაჯერებული და მტკიცე მზერით, თითქოს გვევლინება იმ პერიოდიდან, როდესაც ფიქრობდა, რომ მამისეულ კვალს მიუყვებოდა, როგორც სახარების მაუწყებელი რიგითი ადამიანი; თავის ზოგიერთ ქადაგებაში (1876 წლის პერიოდში) ის საუბრობდა თესვაზე, როდესაც ღმერთი, მთესველისგან განსხვავებით, „აკურთხებს ჩვენს გულებში ჩათესილ თავისი სიტყვის თესლს“; მართალია, ეს მოწოდება მასში ვერ მომწიფდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი მისწრაფება გაძლიერდა, მსგავსად მინდვრებში გლეხების მძიმე შრომისა, იმ გლეხებისა, რომელთა მიმართ იგი მხატვრობის დასაწყისიდანვე გრძნობდა გულწრფელ თანაგრძნობას, როცა გამოხატავდა მათ ჯაფასა და ტანჯვას, და, ამავდროულად, მათ დიდ ღირსებას.

ნუთუ კვლავ შეძლებს ეს მთესველი, მტკიცედ რომ მიაბიჯებს წინ, მომავლისაკენ, იმედის წმიდა წლის შუაგულში, ყველას შეახსენოს, რომ ღმერთი მუდამ იღვწის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში? რომ კვლავაც მიიკვლევს გზას ყოველი ჩვენგანის გულისაკენ? რომ ღმერთს არ მიუტოვებია სამყარო და კვლავინდებურად აუწყებს სიკეთის სიტყვას ამ წუთისოფელს, ჩვენი დროის მამაკაცებსა და ქალებს? დღეს, როცა მრავალ ქვეყანაში უკვე დამკვიდრდა ქრისტიანული საზოგადოების გარკვეული ტიპი, და სხვა ქვეყნებშიც მალე ასე მოხდება, ამ ჰორიზონტზე ყოველთვის იკვეთება იმ მთესველის ფიგურა, რომელიც გადის და ისე თესავს, რომ წინასწარ არ სინჯავს ნიადაგს, არ ეპუება შეუღწევად ასფალტს, ეკალ-ბარდებს, ქვაღორღიან ადგილებს. რარიგ გაჯერებულია ეს სურათი სახარების სურნელით: უანგარობა, მოთმინებით მოლოდინი, რომ თესლი ისევ ამოვა...


ზაფხულის დამდეგს, დაგეგმილი ინიციატივებით სავსე პერიოდში, როცა შესაძლოა ამ სამუშაოს დიდი ნაწილი ყვავების საკვებად იქცეს, ან უნაყოფოდ დარჩეს, გამხმარი მიწის ღარებში მომწყვდეული, კრიტიკის მტკივნეულ ეკლებში გახლართული ეს გლეხი, იმედისა და სიცოცხლის მთესველი, არც ახლა დაიწყებს დათესილის შეფასებას მოსავლის მიღების შესაძლებლობით. ამ ნდობას უნდა დაემყაროს ჩვენი ენთუზიაზმი და სახარებისადმი ერთგულება. დღევანდელი დღე მოითხოვს ჩვენგან, როგორც ეკლესიისაგან, და არა მხოლოდ კათოლიკე ეკლესიისაგან, არამედ მშობლებისაგან, ანიმატორებისაგან, მღვდლებისაგან... მივიღოთ ღვთის სახე, რათა ჩვენს ქმედებებსა და სიტყვებში გამოვხატოთ ამ გლეხის სათნოება, მადლი, სინაზე და სილამაზე: დიდსულოვანი, გულუხვი და უანგარო გლეხისა... და ვან გოგი, თავისი უბადლო ხელოვნების ძალით გვეხმარება, რომ არასოდეს დავივიწყოთ ეს!


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

       ჟურნალი "საბა", 2025/07


Comments


bottom of page