top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"საბაუნი" 20 წლისაა - როგორ დააარსა კათოლიკეთა ჯგუფმა უნივერსიტეტი

Updated: Jun 25, 2021


24 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა. პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ღონისძიებას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონდა. მას მხოლოდ დამფუძნებლები და უნივერსიტეტის ამჟამინდელი თანამშრომლები დაესწრნენ.


„საბაუნი“, როგორც მას მოიხსენიებენ, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2001 წელს დაფუძნდა. მაშინ იგი სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი იყო, სადაც მხოლოდ ერთი, თეოლოგიის ფაკულტეტი არსებობდა და ქრისტიანული თეოლოგია ისწავლებოდა.


საიუბილეო ღონისძიებაზე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ იმ ადამიანებს გადაუხადა მადლობა, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ უნივერსიტეტისთვის.



კიდევ ერთი დამაარსებელი, მამა პიერ დიუმულენი, რომელიც ამავე უნივერსიტეტისა და მარსელის უნივერსიტეტების პროფესორია, იხსენებს, რომ კათოლიკეთა ჯგუფმა თავდაპირველად პატარა კოლეჯი ჩამოაყალიბა, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა: „ამ კათოლიკეთა ჯგუფში იყვნენ არნოლდ კოხი, მანანა ანდრიაძე, ნუგზარ ბარდაველიძე და სხვები, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ პატარა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღვთისმეტყველების, ბიბლიის, ეკლესიის ისტორიის შესწავლა. მაგალითი, აიღეს მოსკოვიდან, სადაც მუშაობდა დონ ბერნარდო. იგი ეხმარებოდა არნოლდს და სხვებს, რომ შეექმნათ ეს პატარა კოლეჯი, რომლიც მხოლოდ მოგვიანებით გახდა ინსტიტუტი“, - ამბობს მამა პიერ დიუმულენი და ამატებს, რომ გზა, რომელიც დაწესებულებამ გაიარა, სირთულეებით სავსე იყო:


„შევარდნაძის პერიოდი იყო, ქვეყანა ჩამონგერული და რაიმე კათოლიკურის დაარსება ამ პერიოდში სასწაულს უტოლდებოდა. დიდი დახმარება გაგვიწიეს იმ დროინდელმა ვატიკანის ელჩმა და ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ. შემდგომ იყო სააკაშვილის პერიოდი, როცა ხელისუფლება გაცილებით რბილი იყო ჩვენ მიმართ. თუმცა დადგა რთული დრო, როცა ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. იყო გარკვეული ძალები, რომლებსაც არ სურდათ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირება. თუმცა მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ, პირიქით, მოგვცეს მოტივაცია საქმის უკეთესად კეთებისა. შემდგომ, კი იურისტებმა შემოგვთავაზეს ყოფილიყო არა მხოლოდ თეოლოგიის ფაკულტეტი, არამედ იურიდიული ფაკულტეტიც“.


როგორც დამფუძნებელი ამბობს, იმ პერიოდში დადგა ახალი გამოწვევა - საჭირო იყო შენობა. ამ საქმეს კი სათავეში ახლანდელი რექტორი, ვაჟა ვარდიძე ჩაუდგა: „დაჟინებით ვთხოვდი ეპისკოპოსს, რომ ქართველს უნდა ეთავებინა ამ საქმის გაგრძელება. შემდეგ სასწაულებრივად გამოჩნდნენ დონორები გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე დაიწყო კამპუსის მშენებლობაც. თანხები მოძიებულ იქნა არა ეკლესიის სახელით, არამედ სასწავლო დაწესებულების სახელით. ბევრი კათოლიკე ფიქრობს: საიდან ეკლესიას ამდენი ფული, რომ ამდენ რამეს აშენებ? არა! ეს თანხები კათოლიკეებმა არ მოგვცეს, როგორც ეკლესიას, არამედ როგორც უნივერსიტეტს, რათა შესძლებოდა მას გაეგრძელებინა თავისი სამუშაო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ თვლიან, რომ ჩვენი, როგორც კათოლიკეების მუშაობა აქ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, მის თავისუფლებას, რადგან მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ ეკლესია ყოველთვის დგას ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე“, - განმარტავს, მღვდელი პიერ დიუმულენი.

უნივერსიტეტის პროფესორი და დამაარსებელი აღნიშნავს, რომ „საბაუნი“ არ შექმნილა კათოლიკობის სასწავლებლად, არამედ იმისათვის, რომ სწავლება ყოფილიყო ქრისტიანული, სახარებისეული სულისკვეთებით სავსე: „რა თქმა უნდა, აქ არ არიან წმინდანები, ღვთისმოსავები, არამედ ჩვეულებრივი ქართველიები არიან. ჩვენ, კათოლიკეები ხშირად ვფიქრობთ, რომ უნდა ვილოცოთ, ვიაროთ წმინდა წირვებზე, დავიცვათ გარკვეული წესები - არა! იყო კათოლიკე, ნიშნავს გახდე მარცვალი, საფუარი ცომში, რომელიც აღვივებს. აქ ყველა კარგი ვერ იქნება. აქაც, როგორც ყველგან, იქნებიან დამნაშავეებიც, ცუდებიც და კარგებიც, მაგრამ ჩვენ, ამ საზოგადოებაში უნდა ჩავდოთ სხვა სული, ამ საზოგადოებაში გავაკეთოთ ჩვენი საქმე“.


2009 წლიდან სულხან-საბას ინსტიტუტი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს. ამ დროიდან მას დაემატა საგანმანათლებლო პროგრამები და დღეისათვის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს სამი ფაკულტეტის სამართალი, ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები.


უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებმა საზოგადოებას 20 წლიანი მუშაობის შედეგი წარმოუდგინეს და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. მათი თქმით, 2021 წელს, უნივერსიტეტმა სრული ავტორიზაცია გაიარა და სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება მიიღო. ახალი სასწავლო წლიდან კი, სამართლისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე სტუდენტების მიღება იგეგმება.

გარდა ამისა, 2021 წელს გაიხსნება უნივერსიტეტის სტუდენტთა კამპუსი.



თაკო ფეიქრიშვილი, რობი ზარიძე

bottom of page