სათნოება და მანკიერება
- catholic.ge
- Mar 15
- 2 min read

1425 წელს (ზუსტად 600 წლის წინათ), დიდმარხვის ჟამს, ფლორენციელმა გულმოდგინე მქადაგებელმა, წმ. ბერნარდინო სიენელმა (1380-1444), ირონიულად თქვა: „თუკი რაიმე სულიერ ან ზნეობრივ სათნოებას არ გამოიმუშავებ, დაემსგავსები ბოსელში გამოკეტილ ღორს, რომელიც ჭამს, სვამს და სძინავს. ჭამა-სმის, ძილისა და ღრუტუნის გარდა, მას სხვა არაფერი აინტერესებს... თუ სათნოების გარეშე ცხოვრობ, ისეთივე უნაყოფო იქნები, როგორც ღელის ტირიფი. ღელე მანკიერი ადამიანების გონებაა, რომელიც, ღელეს მსგავსად, მიედინება ხორციელი ვნებისაკენ, რაც თვალსა თუ გონებას იტაცებს. და რჩება ფუჭი და უნაყოფო ლერწამი: ყოვლად უსარგებლო, როგორც ღელის ტირიფი და იქცევა არაფრისმომცემ არარაობად“. ეს ის საუკუნეებია, როდესაც ჯერ კიდევ საუბრობდნენ სათნოებებსა და მანკიერებებზე; ამ თემატიკის მიხედვით იხატებოდა ეკლესიების კედლები, მისი კარიბჭეები, ნაგებობების ფასადები, მუნიციპალური შენობების დარბაზები... და დღეს?
დღეს ეს სიტყვები არც პოპულარობით სარგებლობს და არც მოწონებას იმსახურებს; თითქოს სრულიად მოძველებულ შინაარსობრივ და ენობრივ დატვირთვას ატარებენ, ისეთს, რასაც არ შეუძლია წაიკითხოს, განმარტოს და შეცვალოს თანამედროვე ადამიანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური ჰორიზონტი. ამბობენ, რომ სათნოებაში მეტისმეტი სიმკაცრე, მეტისმეტი უარყოფა, მეტისმეტი თვალთმაქცობა და გულუბრყვილობაა; ძნელად თუ დაივიწყებს კაცი ამ სიტყვებს: „ხშირად ჩვენი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული მანკიერება“. და მანკიერება? BBC-ის მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას აღარ სჯეროდა, რომ „შვიდ“ მომაკვდინებელ ცოდვას მათ ცხოვრებაში რაიმე კავშირი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, სიტყვა „მანკიერება“ დღესაც ხშირად გამოიყენება; ვსაუბრობთ მოწევის, ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, სისასტიკის, ფანატიზმის მანკიერებებზე... თუმცა, თუკი ამ „მანკიერებებს“ ყურადღებით დავაკვირდებით, სინამდვილეში ისინი სულაც არ გულისხმობენ ეთიკური მოდელის იდეურ დარღვევას, უფრო მიანიშნებენ რთულ პიროვნულ პრობლემებზე, რომლებიც პირდაპირ მორალურ საკითხებს არ უკავშირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერმინი „მანკიერება“ დღეს, ჩვეულებრივ, ნიშნავს სისუსტეს, რაც გულისხმობს ამა თუ იმ ინდივიდუალური არჩევანიდან და ქმედებიდან გამომდინარე შედეგების მართვის უუნარობას, ამიტომ ის შეიძლება მივიჩნიოთ ნაკლად ან „უკმარისობად“, რომელიც არ აკმაყოფილებს საკმარის მოთხოვნებს, იმისთვის რომ ვიყოთ ან ვიგრძნოთ თავი ადეკვატურად იმ სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ.
თანამედროვე ნიჰილიზმი არად დაგიდევთ მანკიერებებს, რადგანაც არ სჯერა სათნოებების; მას არ შეუძლია ადამიანურ ქმედებებში გამოყოს ავთენტური დეგრადირების ან გაუკუღმართების ნიშნები, ვინაიდან ვერ ადგენს სავალდებულო ეთიკურ ნორმებს. როდესაც სათნოებისა და მომაკვდინებელი ცოდვების შვიდეულის იდეა გაჩნდა, ცხადია, კულტურული ფონი სრულიად განსხვავებული იყო, სასწორზე იდო ადამიანის სულის გადარჩენა, როგორც მაშინ ამბობდნენ; ფუნდამენტური (კარდინალური: წინდახედულობა, სამართლიანობა, სიმტკიცე, ზომიერება და საღვთისმეტყველო: რწმენა, იმედი, ქველმოქმედება) და მომაკვდინებელი ცოდვები (ამპარტავნება, სიძუნწე, შური, მრისხანება, სიძვა, ნაყროვანება, მცონარობა) საუკუნეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საქმიანობას წარმოადგენდა. ამან საშუალება მოგვცა, გამოგვეკვლია ვნებებისა და აზრების პირქუში სამყარო, რომელსაც ადამიანის სული წარმოადგენდა და აღგვეჭურვა შესაბამისი იარაღით ბოროტებასთან საბრძოლველად. თუმცა, ამ იდეის მდიდარი და ზოგჯერ ცნობისმოყვარე ისტორიის კვალი და ნარჩენები დღესაც ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც კითხვას ვსვამთ სამყაროში ყოფნის ჩვენს კონკრეტულ გზასა და კრიტერიუმებზე, რომლებიც ჩვენს მორალურ არჩევანს არეგულირებენ. მიუხედავად ყველაფრისა და ყოველივეს მიღმა, როდესაც ვსაუბრობთ მანკიერებებზე, ყოველთვის გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საკუთარ თავზე ვსაუბრობთ.

და თუ ცოდვა ღმერთისა და მის მიერ დადგენილი ზნეობრივი წესრიგის შეურაცხყოფაა, მანკიერება კიდევ უფრო საშიშია ადამიანისათვის, რადგანაც სულში ფესვგადგმული განწყობაა, „აქედან არაჯანსაღი მიდრეკილებები მომდინარეობენ, რომლებიც აბნელებენ სინდისს და... ცოდვა მიისწრაფვის გამრავლებისა და გაძლიერებისაკენ...“ (კეკ.1865), ამიტომაც მათთან ბრძოლა ისევე რთულია, როგორც სარეველების ძირფესვიანად ამოძირკვა. ამის მიღწევა მხოლოდ ძალისხმევითა და საკუთარი გულის დაცვითაა შესაძლებელი... მაშ, ბედნიერ დიდმარხვას გისურვებთ 2025 წელს!
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ მარტი, 2025
Comentários