• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"სომხეთში ლათინ კათოლიკე მღვდელი მხოლოდ მე ვარ" – სიმონ დე ნარდო

Updated: Aug 16


სომხეთში, ლათინური წესის კათოლიკეებისთვის მღვდელი მამა სიმონ ბერნარდო დე ნარდო სწირავს, რომელიც წარმოშობით არგენტინიდანაა. აგვისტოს დასაწყისში იგი საქართველოში იმყოფებოდა და catholic.ge ესაუბრა.



სომხეთში, ლათინური წესის კათოლიკეთა წინამძღვარი, სიმონ დე ნარდო კავკასიაში 12 წლის წინ ჩამოვიდა. მაშინ მღვდელი არ იყო და მოძრაობა „მარიამის ლეგიონს“ წარმოადგენდა: „ამის შემდგომ გადავწყვიტე მღვდელი გავმხდარიყავი და 4 წლის წინ ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მომიწვია, რომ როგორც მღვდელს მემსახურა სომხეთში“, – ამბობს სასულიერო პირი.


მისივე თქმით, მეზობელ სომხეთში ლათინური წესის კათოლიკეებს ძირითადად ქვეყანაში სამუშაოდ ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ: „ლათინური წესის მღვდელი მხოლოდ მე ვარ, რაც შეეხება მრევლს, ვერ გეტყვით ზუსტად რამდენია, დაახლოებით 200 ან 300 ადამიანი იქნება საკრებულოში. მათი უმრავლესობა დიპლომატები, სომხეთში მომუშავე უცხოეთის მოქალაქეები და სტუდენტები არიან“.


როგორც სასულიერო პირი ამბობს, სომხეთში ლათინური წესისა და სომხური წესის კათოლიკეებს შორის კარგი ურთიერთობაა და ამ მხრივ პრობლემები არ არის: „სომხეთში ლათინური წესის მღვდელი რომ იყო, რთულია იმ მხრივ, რომ სტაბილური სამრევლო არ არის. საკრებულოს წევრებიდან ზოგი მიდის, რადგან ქვეყანასაც ტოვებს. ასეთები არიან ძირითადად დიპლომატები და ბიზნესმენები. ესაა უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე სომხური წესის კათოლიკეებთან ან სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობა“.


სომხეთის ლათინური წესის კათოლიკეების საკრებულო ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციაში შედის, შესაბამისად, მათი ეპისკოპოსიც ჯუზეპე პაზოტოა.


მღვდელი სიმონ დე ნარდო სომხეთიდან საქართველოს რამდენიმე დღით ესტუმრა. იგი იმყოფებოდა უდის მთაში, თოვლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დღესასწაულზე: „ჩამოვედი საქართველოში, რათა ეპისკოპოსთან ერთად სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრო. პანდემიის გამო, წელიწადი და შვიდი თვე ვერ გავდიოდი სომხეთიდან. საქართველოში მხოლოდ 3 დღით ვარ. ძალიან მომწონს ზოგადად კავკასია, რადგან ჩემი, როგორც საერო პირის აქ მოღვაწეობის ლამაზ დღეებსა და პერიოდს მახსენებს“.


Catholic.ge-ს კითხვაზე, რა შეიძლება იყო გადარჩენის გზა ისეთი პატარა ეკლესიებისთვის, როგორებიც საქართველოსა და სომხეთშია, მამა სიმონ დე ნარდო პასუხობს: „მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის შუამდგომლობა, მეტი არაფერი“.


თაკო ფეიქრიშვილი
0 comments