top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ტაძრის საზღვრებს გარეთ, მესაზღვრეებით გარემოცული წირვა – ამაღლება ბუზმარეთში

ამაღლების დღესასწაულზე მესხი კათოლიკეები მომლოცველობისთვის ემზადებიან. ვალედან, არლიდან და უდიდან ბუზმარეთის ტაძრისკენ მიმავალი გზებს ადგილობრივების უმრავლესობა ფეხით, ნაწილი კი მანქანებით მიუყვება. საბოლოო შეჩერება ზღვის დონიდან დაახლოებით 1 685 მეტრზე მდებარე ტაძარია, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც წირვა აღევლინება.




2022 წლის 26 მაისია, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე, კათოლიკე ეკლესიაში კი ამაღლების დღესასწაული.


დილის 7 საათიდან სამი მესხური დასახლების კათოლიკე მორწმუნეები უკვე ტაძრისკენ ფეხით მიემართებიან. გზა არც თუ ისე მოკლეა. ვალიდან მომსვლელები დაახლოებით 15 კილომეტრს გადიან, არლიდან 10–ს, უდიდან კი – 8 კილომეტრს. დანიშნულების ადგილი ბუზმარეთის ტაძარია.


თუმცა საზღვრის შიგნით არსებულ ეკლესიასთან შეჩერდებიან თუ საზღვრის გარეთ მცირე ზომის ტაძართან, ეს სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


იმას კი, კათოლიკე მღვდლებმა მრევლისთვის წირვა სად უნდა აღავლინონ – მართლმადიდებელი სასულიერო პირები გადაწყვეტენ.


კათოლიკე მრევლი კი თითქოს უკვე შეეგუა აზრს, რომ ტაძარი, რომელიც უყვართ და მათი წინაპრების სალოცავს წარმოადგენს, „რაღაც მანქანებით“ დღეს მათ აღარ ეკუთვნით და ამ ტაძრებში წირვის ჩატარების უფლებასაც აღარავინ აძლევს.. იციან მარტო ის, რომ ღმერთი ყველგანაა და ეკლესიის ეზოს გარეთ, ხეების ჩრდილქვეშ შეკრებილ მრევლსაც მოუსმენს. ამიტომაც წირვის აღვლენის ადგილს სწორედ ამ მიზნით არჩევენ.


ტრადიციაა, რომ ფეხით მიმლოცველები გზაში „სავარდს“ ლოცულობენ და ღვთისმშობელს ევედრებიან.. .


მომლოცველები არლიდან

თურქეთ–საქართველოს საზღვართან სამხედრო პოლიციაა მობილიზებული. ხალხი ჯგუფად დგას და სპეციალური საშვის მიღებას ელოდება. ეს საშვიც „ღვთის წყალობაა“, რადგან გასული ორი წლის განმავლობაში, კათოლიკე მრევლი საზღვრის შიგნით მდებარე ტაძარში საერთოდ არ შეუშვეს, მიზეზად პანდემია დასახელდა. თუმცა ორ კვირის შემდეგ, ასეთი აკრძალვა არ ჰქონია მართლმადიდებელ მრევლს.


წელს, არლის და უდის წინამძღვრისა და ვიკარის მიმართვის საფუძველზე სამთავრობო უწყებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველი მორწმუნე საზღვრის შიგნით პირადი ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ შევიდოდა.



მორწმუნეები ვალდებულები იყვნენ სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაეტოვებინათ... პროცესს თვალს ადევნებდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე. წესი ყველამ დაიცვა, თუმცა ამ პროცესმა დიდი დრო წაიღო და ლიტურგია, რომელიც 12:00 საათზე იყო დაანონსებული 13:00 საათზე დაიწყო.


ტექნიკური დეტალის გამო, Catholic.ge –მ დაანონსებული ლაივ–ჩართვა ვერ განახორციელა, რადგან ტერიტორია ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ინტერნეტის კავშირი შეზღუდული იყო.



წმ. წირვა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმა, მამა ლაშა მანუკიანმა აღავლინა. წირვაზე ასევე იმყოფებოდნენ: სალელი მღვდელი მამა მიხალ იახი, გორისა და ბეთლემის მოძღვარი მამა დარიუშ კომადოვსკი, ხიზაბავრისა და ვარგავის წინამძღვარი მამა აკაკი ჭელიძე, ჭიათურისა და ახალშენის წინამძღვარი მამა დანიელე ჯაკომელი, არლისა და უდის წინამძღვარი მამა ანდრეი გრაჩიკი და ამავე სამრევლოების ვიკარი მამა ბექა ჩილინგარაშვილი.


დღესასწაულზე საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, იგი მამა ზურაბ კაკაჩიშვილთან ერთად, პოლონეთში ქართველი დიაკვნის მღვდლად ხელდასხმაზე გაემგზავრა, თუმცა მრევლს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიმართა და თავისი სიხარული გამოხატა.


ასევე შეკრებილები წმინდა საყდრის დესპანისგან გამოგზავნილ სპეციალურ მილოცვას გაეცნენ.


ლიტურგიისას სალელმა მამა მიხალ იახმა იმ „გზის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც ყოველი ადამიანი გადის ღმერთთან ერთად....


მამა მიხალ იახი

უკვე წლებია მესხი კათოლიკეები ამაღლების დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრებს მოილოცავენ. ბოლო წლების განმავლობაში, მათ საზღვრის შიგნით შესვლაზე გარკვეული პრობლემები ექმნებათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის უწყებებში წერილობით თხოვნას შესვლასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირით ადრე აბარებენ...


კათოლიკეები ამბობენ, რომ მესაზღვრეების მიერ დადგენილი წესების დამორჩილება მათთვის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ეს წესები, მხოლოდ კათოლიკე მრევლისათვის წესდება და როცა მართლმადიდებელი ეკლესია ამავე ტაძარში ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს, საზღვარზე საშვები არ გაიცემა.


გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ადგილობრივებს არცერთი დღესასწაული ახსოვთ ბუზმარეთში, რომლის დროსაც მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო უწყებებმა საზღვარი არ გაუხსნეს. კითხვაზე, არის თუ არა ეს პროცესი დისკრიმინაციული, ამბობენ, რომ კი, თუმცა იციან, რომ უმცირესობა უმრავლესობასავით პრივილეგირებული არასდროს იქნება.




ცნობისათვის, ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.


ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.


ამაღლების დღესასწაული ადგილობრივ კათოლიკეებისათვის ტრადიციით სრულდება, რომლის მიხედვითაც, ისინი მაწონს ჭამენ. თუმცა ამას რაიმე რელიგიური დანიშნულება არ აქვს.




თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

留言


bottom of page