• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს


ფოტოები – მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო

9 ივლისს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს, 10 ივლისს, 14:00 საათიდან კი, სიწმინდე სამების ტაძარშია.


2017- 2018 წლებში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში დროებით იყო ჩამოტანილი. ამჯერად კი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სიწმინდის ნაწილი საჩუქრად გადმოეცა ქართულ მხარეს.


2018 წლის 26–27 თებერვალს, კათოლიკე ეკლესიის თხოვნით, ნეშტის წმიდა ნაწილები ორი დღით კათოლიკურ ტაძარშიც იყო დასვენებული. მრევლს მისი მოლოცვა თბილისის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძარში შეეძლო.


ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. შაჰმა შესთავაზა მას ცოლობა და მაჰმადიანობის მიღება, მაგრამ დედოფალმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.


დედოფლის წამების მოწმე, პორტუგალიელმა კათოლიკე მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.


საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანსა და ბელგიაში.


გოაში მდებარე მონასტერი მე – 19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.


2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.


ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჯერ დროებით ჩამობრძანების, შემდეგ კი საჩუქრად გადაცემის შესახებ.



თაკო ფეიქრიშვილი