top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული

  • Jan 18
  • 3 min read

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში“ (ეფეს. 4,4).



წელს ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეულისთვის (2026 წლის 18-25 იანვარი) ლოცვები და განსჯანი მომზადდა სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეთა მიერ, სომხური კათოლიკური და ევანგელური ეკლესიების მორწმუნეებთან ერთად.


კვირეულის მასალა მომზადებული, რედაქტირებული და განხილულია სომხეთში, ეჩმიაძინის სომხური სამოციქულო ეკლესიის ისტორიულ საყდარში, მირონის (წმიდა ზეთის) კურთხევისა და მთავარი ტაძრის ხელახალი კურთხევის დღეებში, რომელიც შედგა ათწლიანი მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ, 2024 წლის 28-29 სექტემბერს.


ამ ღონისძიებამ სომეხ ხალხს და ადგილობრივი ეკუმენური ჯგუფის წევრებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა საერთო ქრისტიანულ რწმენაზე დასაფიქრებლად და აღსანიშნავად. წარმოდგენილი მასალა შთაგონებულია ლოცვა-ვედრების საუკუნოვანი ტრადიციებით, საგალობლებით, რომლებიც სომხეთის უძველეს ეკლესია-მონასტრებში აღმოცენდა და რომელთაგან ზოგიერთი მე-4 საუკუნით თარიღდება.


ქრისტიანთა ერთობის ლოცვის კვირეული მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ გამოიყენონ ეს საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა და გააღრმავონ ქრისტეში ზიარება, რომელიც მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს აერთიანებს. ერთიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო იდეალი, ეს ღვთაებრივი დადგენილებაა: ის ეკლესიის მოწოდების არსს წარმოადგენს, იმ მოწოდების, რომელიც, მრავალფეროვნების მიუხედავად, ქრისტეში ჩვენი ცხოვრების ჰარმონიულ ერთიანობას აჩვენებს. ეს ღვთაებრივი ერთიანობა ჩვენი მისიის გულს წარმოადგენს და მას ყოველთვის ამხნევებდა იესო ქრისტეს ღრმა სიყვარული. როგორც მოციქული პავლე აღნიშნავს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: „ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში“ (4,4).


წლევანდელი წლისათვის შერჩეული ეს სახარებისეული მუხლი სრულად ასახავს ქრისტიანული ერთიანობის თეოლოგიურ სიღრმეს. წმიდა წერილში უძველესი დროიდან იღებს სათავეს ღმერთის მოწოდება ერთიანობისაკენ, ძველი აღთქმიდან მოყოლებული. ფსალმუნები ღვთის ხალხის წევრთა შორის ერთიანობის სილამაზეს უგალობენ და აცხადებენ: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმ. 133 (132), 1).



ახალ აღთქმაში იესო ქრისტე ერთიანობის გაგებას სულიერ განზომილებაში ამაღლებს, რაც მამასა და მას შორის ღრმა ურთიერთობას ასახავს. მის მიმდევრებს შორის ერთიანობა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმ ღრმა სულიერ კავშირზე, რომელიც წმიდა სამების ერთიანობას ასახავს. იესოს ლოცვა იოანეს სახარებაში (17, 21) მორწმუნეთაგან ისეთივე ერთიანობას ითხოვს, როგორც ის და მამა არიან ერთნი; ამით აჩვენებს, რომ ჩვენი ერთიანობა დამყარებულია მასთან ჩვენს ურთიერთობაზე და კეთილი უწყების გაზიარების ჩვენს საერთო მისიაზე.


იესოს მთავარი მცნება - ,,გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოან. 13:34-35), ხაზს უსვამს იმას, რომ ეს სიყვარული ჩვენი ერთიანობის არსია. პავლეს წერილები ყურადღებას ამახვილებს ეკლესიაში ერთიანობის მნიშვნელობაზე და მოგვიწოდებს, რომ „მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში“ (ეფეს. 4,1-3). ეფესელთა 4,4-ში მოცემული იდეა, რომ „ერთია სხეული“, თავად ეკლესიის ბუნებას ცხადყოფს.


ქრისტიანობა სცილდება კულტურულ და ეროვნულ საზღვრებს და მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს აერთიანებს რწმენასა და იმედში. ქრისტიანული ერთიანობის მნიშვნელობაზე ხაზგასმისას, პავლე დასძენს, რომ „ერთია სული“ და გულისხმობს სულიწმიდას, რომელიც შემწეა ამ თანაზიარებისა და ეკლესიას თავისი მისიის შესასრულებლად ძალას მატებს. მორწმუნეთათვის სულიწმიდა სიცოცხლის წყარო და სულიერი გზამკვლევია, თავდებია იმისა, რომ ეკლესიის განსხვავებულ წევრებს რწმენა და საერთო მიზანი აერთიანებთ. სულიერი სიმწიფე გულისხმობს განსხვავებების მიღებასა და ერთიანობის ძიებას, რაც იმავე ძალისხმევას ითხოვს ჩვენგან, რასაც დოქტრინალური სიზუსტის გადმოცემა. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ჩვენს ერთობაში ავსახოთ ქრისტე და მსოფლიოს დავანახოთ მისი სიყვარული და მადლი. თუ ვიცხოვრებთ ამ ღვთაებრივი მოწოდებით, შევასრულებთ ჩვენს მისიას და ვადიდებთ ქრისტეს, მის მეუფებას დედამიწაზე.


მოდით, ყველამ გავიზიაროთ ერთიანობის ეს საღმრთო მოწოდება და მივიღოთ იგი არა როგორც აბსტრაქტული იდეალი, არამედ როგორც ჩვენი რწმენის სასიცოცხლო გამოხატულება. სამყაროში, სადაც ქრისტეს სხეული დასერილია ჭრილობებით სხვადასხვა ტრადიციასა და აღმსარებლობას შორის არსებული განხეთქილებებით, მოციქული თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს ერთიანობისაკენ, არა მხოლოდ როგორც განსხვავებულ საეკლესიო თემს, არამედ როგორც ცალკეულ საკრებულოში მყოფ პიროვნებებს. ჩვენი ერთიანობით არა მხოლოდ ვამოწმებთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სიყვარულსა და ძალას, არამედ მისი სწავლების არსსაც ვახორციელებთ.


ერთმანეთის მხარდაჭერით და მრავალფეროვანი ნიჭისა და ტალანტის მეშვეობით, ჩვენ ქრისტეს გულის ანარეკლი ვხდებით დედამიწაზე და მის საქმეს ვაგრძელებთ (ლოცვის კვირეულისათვის მომზადებული ბროშურის პრეზენტაციიდან). საქართველოში ქრისტიანთა ერთობისათვის ეკუმენური ლოცვა გაიმართება 23 იანვარს.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა"/ იანვარი, 2026




Comments


bottom of page