top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მერიამ დააჯილდოვა

მამა გაბრიელე ბრაგანტინის ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა და სიმბოლური სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია 6 ივლისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს მედლები ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გადასცეს.


ქუთაისის მერმა მადლობა გადაუხადა მათ ქალაქის წინაშე არსებული დამსახურებებისთვის და სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადასცა.


"ქუთაისში ყოველწლიურად ვირჩევთ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდებას ვანიჭებთ. დღეს სწორედ ამ ადამიანებს შევხვდით და სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადავეცით. დიდია თითოეული მათგანის დამსახურება მშობლიური ქალაქისადმი და ქუთაისიც სათანადო პატივს მიაგებს მათ. წელს ეს ჯილდო ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც გადავეცით. მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს, რომ ისინი დღესაც ჩვენი ქალაქის სამსახურში არიან!", - აღნიშნა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.


ღვაწლმოსილ საპატიო მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემაც: „მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. მჯერა, რომ კიდევ დიდხანს იქნებით მშობლიური ქალაქისა და თანაქალაქელების სამსახურში“


მამა გაბრიელე ბრაგანტინი საქართველოში 28 წლის წინ, 1994 წლის 11 სექტემბერს ჩამოვიდა. იგი უკვე 28 წელია ქუთაისის სამრევლოში მსახურებს.


მისთვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მისივე მღვდლად კურთხევის 42–ე წლისთავს დაემთხვა. მამა გაბრიელე მღვდლად 1981 წლის 3 მაისს ეკურთხა. ამჟამად იგი ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, საეპისკოპოსო ვიკარიუსი და დასავლეთის სამრევლოების დეკანია.


ფოტოები – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გვერდიდან


თაკო ფეიქრიშვილი

Commentaires


bottom of page