top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

10 წელი კაპუცინთა ორდენის საქართველოში დაბრუნებიდან

კაპუცინთა ორდენის საქართველოში დაბრუნებიდან ათი წელი გავიდა... 168 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წლის მარტში, ორი კაპუცინი ბერი: პოლონელი მამა ტომაშ ვრონსკი და იტალიელი მამა ფილიპო ალიანი საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ ცხოვრება ახალციხეში დაიწყეს, სადაც დაარსდა კაპუცინ ძმათა მონასტერი, ყოველკვირეულად კი წირვას რაბათში, წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში სწირავდნენ. მალე ბერებს იტალიიდან კიდევ ერთი ძმა, მამა ატილიო ერდასი შეუერთდა.

2013 წელი, პირველი კაპუცინი ბერები საქართველოში: მამა ფილიპო ალიანი, მამა ატილიო ერდასი და მამა ტომაშ ვრონსკი სავარდის ტაძართან

„საქართველოში ჩვენი ორდენი 200 წლის მანძილზე არსებობდა, 1845 წლამდე. როგორც ჩვენი უფროსი ამბობს: „ჩვენ მივდივართ იქ, სადაც არავის უნდა წასვლა“. აქ [საქართველოში] მცხოვრები კაპუცინი ბერები ხშირად იდევნებოდნენ და მათ მრავალი სირთულის გადალახვა მოუწიათ. არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც კაპუცინი ბერები საქართველოდან განდევნეს, აღდგომას ხალხი ეკლესიაში არ მივიდა და წირვა არ შედგა“, – იხსენებდა მამა ტომაშ ვრონკსი საქართველოში ჩამოსვლისას.


2013 წელს, კაპუცინი ბერების საქართველოში დაბრუნებამდე, ორდენის მოღვაწეობა აქ ორ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლიდა. ისტორია ასე დაიწყო: 1661 წელს „პროპაგანდა ფიდემ“ საქართველოში კაპუცინთა ორდენის ბერები გამოგზავნა. 1663 წელს სამი კაპუცინელი პატრი თბილისში ჩავიდა. როსტომ-ხანმა მათ მისცა ღვთისმსახურების უფლება. კაპუცინებმა თბილისში ააშენეს სკოლა და ეკლესია.


აი, რას ჰყვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დობორჯგინიძე:


„კაპუცინელთა ორდენი ერთ–ერთი უძველესი იყო ევროპული რელიგიური ინსტიტუციებისგან, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა. დამკვიდრდა საკმაოდ მძიმე დროს და ფაქტობრივად, მათ თავის თავზე აიღეს ისტორიული, კულტურულ–საგანმანათლებლო ფუნქციები, რელიგიისა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა. მათ განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულეს XVIII საუკუნეში და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. სწორედ ამ კულტურულ საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო, ისინი 1845 წლის 2 იანვარს რუსეთის იმპერიამ საქართველოდან გააძევა.

ეს იყო მართლაც ტრაგიკული ფაქტი, ჯერ სათითაოდ ყველა კაპუცინი პადრეს (მამაოს) წინააღმდეგ შეთხზეს საქმეები, სასამართლოში უჩიოდნენ მათ, შემდეგ კი ამ სასამართლო საქმეების საფუძველზე ისინი, როგორც რუსეთის იმპერიისთვის „გოვერნო რუსოსთვის“ საშიშები გააძევეს. ბუნებრივია დაისმის კითხვა, რატომ აღიზიანებდა მაინც და მაინც კაპუცინელები ასე რუსეთის იმპერიას? ჩემი აზრით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ის, რომ კაპუცინელები იყვნენ ერეკლე მეფესთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირები და ბოლოს და ბოლოს სამი კაპუცინელი პადრე (მამაო) იყო ერეკლეს და საქართველოს უკანასკნელი დესპანი ევროპის მეფეების, ევროპელი სუვერენების და ევროპის უმაღლესი სასულიერო პირის, რომის პაპის კარზე.


1781 წლიდან ერეკლე მეფე ზედიზედ სამი კაპუცინელი პადრე გააგზავნა ვენეციის მეფის, სარდინიის მეფის, ავსტრიის იმპერატორის ჯუზეპე II–ს და რომის პაპის წინაშე, თუმცა სამივე ტრაგიკულად და მოულოდნელად დაიღუპა გზაში ერთმანეთის მიყოლებით, და რაც მთავარია დაიკარგა ის წერილები, ერეკლე მეფის წერილები, რომლებიც მათ მიჰქონდათ.


[...] აშკარა ხდება, რომ ამ ტრაგიკულ მოვლენაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული „გოვერნო რუსო“ რუსეთის იმპერია, რომელმაც კაპუცინელებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება დასდო ბრალად საქართველოში, ანუ რუსეთის ოფიციალური რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებანი. ამას გარდა, კაპუცინელები იყვნენ ქართულენოვანი ლიტურგიის ყველაზე სისტემატორები, მე–19 საუკუნიდან ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ქართულენოვანი, ლიტურგიაში გამოსაყენებელი ტექსტები ეს არის სწორედ კაპუცინელების ქადაგებები და ლექსიკონები.


ამ უნივერსალური ენობრივი ფენომენის მაღიარებელი კათოლიკეებისთვის უცნაურად დამკვიდრდა ეს ლიტურგია საქართველოში. მაშინ თეათინელ პადრე ავიტაბილეს, რომის პაპმა დართო უფლება, რომ ლიტურგია ყოფილიყო ქართულ ენაზე და სწორედ კაპუცინელებმა დაამუშავეს ბიბლიური ძველი ქართული თარგმანები, სპეციალური კომისია შეიქმნა ამისთვის რომში და მათ აღიარეს ეს ლიტურგია, როგორც წმინდა, შეურყვნელი, ერესისგან თავისუფალი. ამის გამოც ის მიუღებელი იყო „გოვერნო რუსოსთვის“, რუსეთის იმპერიისთვის და სხვათა შორის, ისინი ებრძოდნენ არა კათოლიკურ ლიტურგიას საქართველოში, არამედ ქართულენოვან კათოლიკურ ლიტურგიას, იმიტომ, რომ სომხურენოვანი ან რუსულენოვანი ლიტურგია მაგალითად ნებადართული იყო“. [tolerantoba.ge]


პირველი კაპუცინების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ორდენის სხვა წევრებმა ჩაანაცვლეს. ამ ათი წლის განმავლობაში მონასტერში შემდეგი ბერები ცხოვრობდნენ: მამა ფაბიო სკვიცატო (იტალია), მამა ალექ ვაიციახოვიჩი (ბელარუსი), მამა პეტრე გუდალევსკი (პოლონეთი), მამა პეტრე სტრელკო (პოლონეთი).


2022 წლიდან მონასტერში ორი ბერია: მამა მარეკ პჟეჩევსკი და მამა იაცეკ სემენიაკი, ორივე პოლონეთიდან. ბერები კვლავ ახალციხეში, კაპუცინ ძმათა მონასტერში ცხოვრობენ, ამავდროულად წირვებს აღავლენენ წმ. სავარდის სახელობის ტაძარში, რაბათში და ივლიტაში.

მამა მარეკ პჟეჩევსკი და მამა იაცეკ სემენიაკი

თაკო ფეიქრიშვილი



bottom of page