top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

11 მაისი – მამა იეჟი შიმეროვსკის გახსენება



2021 წლის 11 მაისს, ხუთი წელი გავიდა პოლონელი მოძღვრის, მამა იეჟი შიმეროვსკის გარდაცვალებიდან.


ამასთან დაკავშირებით, არლის წმ. იოსების სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა ადმინისტრაციის კანცლერმა, ხიზაბავრა–ვარგავის წინამძღვარმა, მამა აკაკი ჭელიძემ.


"დღეს ვიხსენებთ მამა იეჟის, რომელმაც კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ვიცნობდით მას და შეგვიძლია გავუზიაროთ მათ, ვინც მას არ იცნობდა, რომ ის იყო ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი. ეს იყო ნამდვილად ის, რასაც წმინდანი შეიძლება უწოდო, მაგრამ წმინდანი არა იმიტომ, რომ რაღაცა მიუღწეველი იყო. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, რომელმაც იცოდა, რომ მისი ყველა ძლიერი მხარე ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც მისი ყველა სუსტი მხარე, ღმერთის თვალში. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უძლური იყო, არ ჰქონდა ზე–უნარები, მაგრამ ის ამის მიუხედავად იყო ღმერთის ხელში დამყოლი იარაღი", – განმარტა ქადაგებისას მამა აკაკი ჭელიძემ.




მამა იეჟი შიმეროვსკი 1942 წლის 26 ივნისს, პოლონეთში, ვეი ხეროვაში დაიბადა. 1995 წელს საქართველოში მისიაზე გაემგზავრა.


1995-1996 წლებში იყო თბილისის პეტრესა და პავლეს ტაძარში დამხმარე მღვდელი.


1996 წლიდან გაემგზავრა მესხეთში და ქალაქ ვალის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. ემსახურებოდა ვალის, ივლიტის, ბორჯომისა და ახალციხის საკრებულოებს.


2004 -2015 წლებში იყო არლის წინამძღვარი და ემსახურებოდა არლის, უდის, უნწის, ბენარისა და აბასთუმნის ეკლესიებს.


ბოლო ხუთი თვის განმავლობაში იყო რესიდენტი ქალაქ ვალეში.


2016 წლის 11 მაისს, პოლონეთში, ქალაქ ავუსტოვაში გარდაიცვალა მძიმე დიაგნოზით.

პოლონური მხარისა და ეპისკოპოსების თხოვნით, დაკრძალულია პროსტკებში.


მოგონებები


"მამა იეჟი და ბავშვები" – ამ ნახატების დახატვიდან ზუსტად 15 წელია გასული...


"უდის მთაში დავხატეთ ეს ნახატები. ყოველ დღე ვიკრიბებოდით, ასე წრეზე ვდგებოდით, გალობებს ვგალობდით და ვთამაშობდით... 2006 წელი იყო, მახსოვს ამ ნახატის შემდეგ, საჩუქარიც მაჩუქა", – ამბობს თიკო ნადირაძე, რომელმაც ნახატი "მამა იეჟი და ბავშვები", 15 წლის წინ დახატა....


სოციალური ქსელიდან...


"რომ მკითხონ - ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდიო მამა იეჟის? ვიტყოდი, რომ ის იყო დროში ლოცვის ადამიანი, ლოცვა კავშირი და ღმერთთან/ში ყოფნა, და ვფიქრობ ახლა ის მარადიულ "ლოცვაშია". რასაც ასე ესწრაფვოდა იგი და ვფიქრობ ყველა!

ბევრი ტკბილი მოგონებიდან აგერ ერთი: მის მიერ აღვლენელი წირვებში უწყვეტი/ყოველდღიური მონაწილეობა-მსახურება"... - მამა პაატა ქომოშვილი.

–––––


"5 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს პოლონეთიდან მყავდა ჯგუფი (ტურისტული). ვბრუნდებოდით ბთუმიდან ქუთაისის აერიპორტის მიმრთულებით. ჯგუბში ერთი ქალბატონი იყო პოლონელი. ქ-ნ. ევა გრიკა, რომელიც არის ექთანი და საუბრისას აღმოვაჩინდე, რომ ის გარკვეული პერიოდი უვლიდა მამა იეჟი ში ეროვსკის, როცა უკვე ავად გახდა და წაიყვანეს პოლონეთში, უცნაურ დამტხვევად მენიშნა უკვე გვიან, ვინაიდან იმ მომენტში მიყვებოდა მამა იეჟის შესახებ თუ როგორ უვლიდა და ამ დროს ჩემ ტელეფონზე დარეკა მამა მიშამ და მითხრა, რომ მამა იეჟი დაუბრუნდა თავისი მარადიული მამის სახლს. მე კი გაუცნობიერებლად შევბრუნდი და გვთქვი, რომ გარდაიცვალა მამა იეჟი შიმერივსკი. ის ქალბატონი აეროპორტში მისვლამდე ტიროდა, ბოლოს კი მითხრა, რომ მართალია ცოტა ხანია რაც იცნობდა მამა იეჟის, მაგრამ მაინც დაამახსოვრდა იგი , როგორც სათნო ადამიანი.


მე კი მქონდა ბედნიერება მომენახულებინა მისი საფლავი და სანთელი დამენთო. (საქართველოდან წაღებული სანთელი).


5 წელი გავიდა, მაგრამ ის სამუდამოდ დარჩა ყველი ადამიანის მეხსიერებაში საქართველოშიც და პოლონეთშიც.


განისვენე მშვიდობით" – შოთა გიქოშვილი


–––––

"მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი, არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად დავინახე მამა იეჟი. დედას ვუთხარი, ვინაა ის კაცი იქ რომ დგას ხელებ აწეული მეთქი, მითხრა: მამაოა კოტე და წირვას ატარებსო,

მე კი დაუფიქრებლად ვუთხარი: დიდი რომ გავიზრდები ისე უნდა გავაკეთო როგორც ეგ მამაო აკეთებს მეთქი.

ნეტა იცოდეს, როგორ მომენატრა მისი მზერა, მისი საუბარი, მისი გაბრაზება, რომელიც მუდამ სიყვარულით იყო სავსე.

დღეს 5 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, სადაა ის? ის მასთანაა, აი იმ საყვარელ ღმერთთან, რომლის სიყვარულიც ამოძრავებდა მთელი სიცოცხლე" – კოტე აკოფაშვილი.


–––––


"ეს ის კაცი იყო მოვალეობად, რომ გვიქცია რწმენა, დღედაღამ რომ გვიჩიჩინებდა პატიების უნარზე, ადამიანობის ძალაზე, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა კათოლიკე იქნებოდი თუ მართმადიდებელი, რომ ორივე ქრისტეს ემსახურებოდა და ვალდებული იყავი კარგი ყოფილიყავი დღითიდღე. დღენიადაგ რომ დადიოდა დიდი შავი ჩანთით და გვირიგებდა ხატებსა და ლოცვებს. რაღაცნაირად რომ იწმენდდა ცხვირს, ფეხებს შიგნით რომ ადგავდა სიარულისას პატარა ბავშვივით, წარბშეკრული რომ მოგცემდა შენიშვნას და მერე თბილად რომ გადაგისვამდა თავზე ხელს და გაიღიმებდა.ის კაცია დილის 6 საათზე რომ მიმაჩვია ადგომას და მზის ამოსვლისას ლოცვას. ეს ის კაცია ლამპარივით რომ გაუნათა სიბნელე არალს, ვალესა და უდეს. ასწავლა კაცებს ეკლესიაში სიარული, დაუთმო სახლი ბავშვებს, გვაძლევდა საჩუქრებს და გვიხარებდა გულებს, დადიოდა მთაში გზის მიუხედავად და აზიარრებდა მორწმუნეებს მთის მწვერვალზე მზის ქვეშ. ეს ის კაცია ძალიან რომ სწამდა და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, როგორც ჭეშმარიტი ღვთისკაცი", – ნინა ტატალაშვილი


ფოტობი – 2021.11.05 – არლის სამრევლო




თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page