12 ვარსკვლავი ლურჯ ფონზე: ქრისტიანული ფესვები ევროკავშირის დროშაზე
- catholic.ge

- Jul 16
- 2 min read
ევროკავშირის დროშაზე გამოსახული თორმეტი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე შემთხვევითი სიმბოლო არ არის — მის უკან ღრმა ქრისტიანული მნიშვნელობა და ისტორიული ფესვები დგას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვერსიით ევროკავშირზე დატანილი ვარსკვლავები საერო პრინციპებს გამოხატავს, ხშირად მას მაინც აიგივებენ გვირგვინთან, რომელიც ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის ხატზეა დატანილი.

კათოლიკე ეკლესიაში, რიცხვი თორმეტი, მორწმუნეებისთვის ძალიან ძვირფას, ღვთისმშობლის გამოსახულებას მოგვაგონებს: უბიწო ჩასახვის ღვთისმშობლის თორმეტვარსკვლავიანი გვირგვინი.
ევროკავშირის დროშის შესარჩევად, 1955 წელს, ევროპის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. პროექტებს შორის გაიმარჯვა ფრანგი მხატვრის არზენ ჰეიცის (Arsène Heitz) ნამუშევარმა. მხატვარი მაშინ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საფოსტო სამსახურში, დიზაინერად მუშაობდა.
1987 წელს ჟურნალ „მაგნიფიკატში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჰეიცი აცხადებდა: „ევროპის დროშა ჩვენი ღვთისმშობლის დროშაა“. ღვთისმოსავი კათოლიკე ჰეიცი შთაგონებული იყო ღვთისმშობლის ხილვით, რომელიც 1830 წელს, წმიდა ეკატერინე ლაბურეს, „მოწყალების ქალიშვილების“ მონაზონს გამოეცხადა: ქალწული მარიამი იდგა გაშლილი მკლავებით, ხელებიდან კი სხივები ეშვებოდა. თავზე ვარსკვლავთა გვირგვინი ედგა, ფეხით კი გველს თელავდა.
ამ ხილვებზე დაყრდნობით, შეიქმნა „სასწაულმოქმედი მედალიონი“, რომელიც ღვთისმშობლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული გამოსახულებაა და რომელიც წინ უსწრებდა 1854 წელს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატს.
ამ ხატის ბიბლიური საფუძველი მომდინარეობს იოანე მოციქულის გამოცხადების წიგნიდან (გამოცხ. 12,1):
„დიდი ნიშანი გამოჩნდა ცაზე — ქალი, მზით შემოსილი, ფეხქვეშ მთვარე და თავზე თორმეტვარსკვლავიანი გვირგვინი.“
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ჰეიცის ესკიზი საბოლოოდ დაამტკიცა 1955 წლის 8 დეკემბერს — ანუ უწმიდესი ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღეს. ხოლო 1984 წელს დროშა ოფიციალურად იქცა ევროკავშირის სიმბოლოდ.
ოფიციალური ვერსია და კვლავ ცოცხალი დისკუსია
დღეისათვის, ევროპის საბჭო არზენ ჰეიცს (Arsène Heitz) დროშის ოფიციალურ ავტორად აღიარებს, თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ მისი ესკიზის „ზოგიერთ ნაწილში შედიოდა რელიგიური სიმბოლოები, მაგალითად, მითითება ღვთისმშობელზე, მაგრამ ისინი უგულებელყვეს, რათა დროშას შეენარჩუნებინა სეკულარული ხასიათი“.
ზოგიერთი ისტორიკოსი ჰეიცს მხოლოდ „თანაავტორად“ მიიჩნევს და განსაკუთრებულ როლს ანიჭებს პოლ მ. ჟ. ლევის (Paul M. G. Lévy) — ევროპის საბჭოს მაშინდელ მაღალჩინოსანს, რომელმაც აქტიურად შეუწყო ხელი იმ ვარიანტის მიღებას, რომელსაც რელიგიური დატვირთვა პირდაპირ არ გააჩნდა.
თუმცა დისკუსია არ წყდება — მას ხელს უწყობენ თავად სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც. მაგალითად, იტალიის მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრემიერმა, ანტონიო ტაიანიმ, გაზეთ Avvenire-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ევროპის დროშა „ცისფერია, როგორც ღვთისმშობლის სამოსი“. მისივე თქმით, ეს მსგავსება „შემთხვევითი არ არის“, და გაიხსენა ჰეიცის ინტერვიუ, რომელშიც ის თავს „ღრმად მორწმუნე კათოლიკედ“ წარმოაჩენს.
ტაიანი ამავდროულად აღიარებს, რომ როგორც ევროპის საბჭომ, ისე მოგვიანებით ევროკავშირმა, დროშა შეარჩია საერო განმარტებით — როგორც „სრულყოფილებისა და მთლიანობის“ ნიშანი. თუმცა დასძენს:
„საიდან მოდის თავად იდეა, რომ რიცხვი 12 გამოხატავს სრულყოფილებასა და სავსებას, თუ არა იუდეო-ქრისტიანული ტრადიციიდან? ის გვხვდება როგორც ისრაელის 12 ტომში, ისე 12 მოციქულში, და ბოლოს, ღვთისმშობლის სიმბოლურ გამოსახულებაში გამოცხადების წიგნში. წმიდა წერილში რიცხვი 12 მუდმივად რელიგიური სიმბოლიზმითაა დატვირთული.“
ამავე წერილში ტაიანი საბოლოოდ განამარტავს:
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტმა რელიგიური სიმბოლო განზრახ აირჩია, არამედ გვიჩვენებს, რამდენად ღრმად და როგორ ასაზრდოებს იუდეო-ქრისტიანული (და მასთან ერთად ბერძნულ-რომაული) ფესვები ჩვენს ევროპულ ცივილიზაციას — მის კულტურას, აზროვნებასა და სიმბოლოებს.“
ისტორიულ და სიმბოლურ პერსპექტივას აჯამებს ბენედიქტე XVI-ის მტკიცე და შთამბეჭდავი აზრი, რომელსაც ტაიანი თავის წერილში ციტირებს:
„ევროპის კულტურა დაიბადა იერუსალიმის, ათენისა და რომის შეხვედრიდან — ღმერთის რწმენის, ბერძნული ფილოსოფიური აზროვნებისა და რომაული სამართლებრივი მემკვიდრეობის შერწყმით. ეს სამმაგი ერთიანობა განსაზღვრავს ევროპის იდენტობის ყველაზე ღრმა არსს. ღვთის წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობის შეცნობამ და ყოველი ინდივიდის ღირსების აღიარებამ განსაზღვრა სამართლის საფუძვლები. დღეს, ჩვენი მოვალეობა ამ ფასეულობათა დაცვაა“
თაკო ფეიქრშივილი









Comments