რა არის საიდუმლო?
- 1 minute ago
- 2 min read
საიდუმლო არის გარეგნული გამოხატულება, ხელშესახები ნიშანი, – მისაწვდომი ადამიანის გრძნობებისთვის, – დაწესებული იესო ქრისტეს მიერ, მორწმუნისათვის მადლის მინიჭების მიზნით. საიდუმლონი არის მთავარი გზა, რომლითაც იესო ადამიანებს უზიარებს თავის ცხოვრებას.

ნათლობისას, გარეგნული ნიშანი არის წყალი, რომელიც, სამების სახელით, თავზე ეღვრება მორწმუნეს.
ზიარებისას, გარეგნული ნიშანი არის პური და ღვინო, რომლებიც გადაიქცევა იესოს ხორცად და სისხლად (და მოიცავს მის სულს, მის ღმრთაებრიობას), იესოს მიერ დადგენილი სიტყვების წარმოთქმისას.
მირონცხებისას, გარეგნული ნიშანია ზეთი; როდესაც ზეთი შუბლზე აღიბეჭდება, კურთხევის განსაკუთრებული ლოცვის მეშვეობით, მორწმუნეს ამ დროს ენიჭება სული წმიდა.
მღვდლად კურთხევისას, საიდუმლო გამოიხატება ეპისკოპოსის მიერ მამაკაცის თავზე ხელების დადებით, მისთვის მირონის ცხებასთან ერთად.
ქორწინებისას, ნიშნობრივია სიტყვიერი აღთქმის გაცვლა მამაკაცსა და ქალს შორის, ხოლო ეს წარმოთქმული სიტყვები წყვილს აქორწინებს.
სნეულთა ზეთისცხებისას, გამოიყენება ზეთი, რომელიც ავადმყოფს შუბლსა და ხელისგულებზე წაესმება.
დაბოლოს, მონანიების დროს, მონანიე მორწმუნე აღიარებს საკუთარ ცოდვებს, ხოლო მღვდლის მიერ წარმოთქმულ მიტევების სიტყვებს მოჰყვება პატიება.
იმისათვის, რათა საიდუმლონი კანონიერად აღსრულდეს, უნდა არსებობდეს ნივთიერის, გამოხატულებისა და განზრახვის ერთიანობა.
საიდუმლოს ნივთიერებაა მღვდელმსახურის მიერ გამოყენებული საგნები და წარმოთქმული სიტყვები. საიდუმლოს გამოხატულებაა მღვდელმსახურის გარეგნული მოქმედებანი, როცა იგი აღასრულებს საიდუმლოს. მღვდელმსახურის განზრახვა უნდა იყოს, გააკეთოს ის, რასაც ეკლესია აკეთებს.

იმისათვის, რათა კანონიერად აღსრულდეს მირონცხება, ზიარება, მონანიება და სნეულთა ზეთისცხება, საჭიროა იყოს მღვდელი, რომელსაც ეპისკოპოსისაგან აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, აღასრულოს ეს საიდუმლონი.
ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას, ქორწინდება წყვილი – ორი ადამიანი, რაც ხდება კანონიერად ხელდასხმული დიაკვნის, მღვდლის ან ეპისკოპოსის წინაშე (დიაკონს ან მღვდელს, ამ შემთხვევისას, უნდა ჰქონდეს სათანადო მინდობილობა ეპისკოპოსისაგან).
მღვდლად ხელდასხმის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს.
ნათლობას, ჩვეულებრივ, აღასრულებს დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი. თუმცა, საგანგებო, განსაკუთრებული შემთხვევისას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნათლობის აღსრულება, თუკი იგი იმოქმედებს ეკლესიის განზრახვის კვალობაზე, სამების სახელის წარმოთქმითა და, იმავდროულად, თავზე წყლის დასხმით.
ეპისკოპოსს აქვს უფლებამოსილება, აღასრულოს შვიდივე საიდუმლო.
საიდუმლოთა მიზანია მორწმუნეთა განწმედა ცხოვრებაში. ქრისტიანისათვის ცხოვრება მიჩნეულია მომლოცველობად, რომელსაც აქვს კონკრეტული დასაწყისი და კონკრეტული დასასრული. კათოლიკისათვის სულიერი ცხოვრება იწყება ნათლობით და, იდეალური შემთხვევისას, მწვერვალს აღწევს სამოთხეში, – ახლოს თავად პირველად საიდუმლოსთან, თავად ქრისტესთან. საიდუმლონი ასაზრდოებს მორწმუნეს მისი ამ მსვლელობისას, რათა მას არ დაებნეს გზა.
შეადგინა მერაბ ღაღანიძემჟურნალი "საბა", 2026, მარტი





Comments