top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლიბანში დაბომბვას კათოლიკე მღვდელი შეეწირა

  • 2 minutes ago
  • 3 min read

ლიბანში დაბომბვის დროს, ქლაიას მარონიტთა სამრევლოს წინამძღვარი, მამა პიერ ალ რაჰი დაიღუპა, იგი 50 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი თავდასხმა ამ რაიონში, ქვეყნის სამხრეთით, მთებში მდებარე ერთ-ერთ სახლზე განხორციელდა.

 


ტრაგედიის შესახებ ვატიკანს, წმიდა მიწის კუსტოდიის ფრანცისკანელმა ბერმა, ტიროსისა და დეირმიმასის ლათინური წესის წინამძღვარმა, მამა ტუფიკ ბუ მერჰიმ აცნობა.

 

“მღვდელი დაჭრილი მრევლის წევრების დასახმარებლად მივიდა, თუმცა მომდევნო თავდასხმამ მას გადარჩენის შესაძლებლობა არ დაუტოვა. თავდაპირველად, თავდასხმა მთაში, მისი სამრევლოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ სახლზე განხოციელდა, რის შედეგადაც მისი მრევლის ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. მამა პიერი, სხვა ათობით ახალგაზრდასთან ერთად, დაჭრილის დასახმარებლად წავიდა, რა დროსაც მეორე თავდასხმა მოხდა და იგივე სახლი მეორედ დაიბომბა. წინამძღვარი დაიჭრა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მღვდელი თითქმის საავადმყოფოს კარებთან გარდაიცვალა“, - ამბობს მამა ტუფიკ მერჰიმი.

 

ფრანცისკანელმა მღვდელმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე არასტაბილურობასა და შიშს, რომელიც რეგიონში სუფევს: „ხალხი გლოვობს ამ ტრაგედიას და ამავდროულად, ძალიან ეშინია. აქამდე მათ არ სურდათ ქრისტიანული სოფლებისა და საკუთარი სახლების დატოვება, თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სახლის დატოვება ნიშნავს ქუჩაში ცხოვრებას ან სხვა ბინის ქირაობის მცდელობას, თუმცა  აქ მცხოვრებლებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, მათ შორის იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამოც, რომელიც ქვეყანაში მანამდეც იყო“, – ამბობს მამა ტუფიკი და ამატებს, რომ გასულ კვირას კიდევ ერთი მღვდლის სახლი გახდა პირდაპირი სამიზნე „პირველ ტრაგედიას ხალხმა გაუძლო, მაგრამ ახლა, მამა პიერის დაღუპვის შემდეგ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ამას“.

 

„პაპი ლეონ XIV  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ დღეებში, ახლო აღმოსავლეთში დაბომბვების შედეგად დაღუპული ყველა მსხვერპლის გამო, მრავალი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბევრი ბავშვის და მათ გამო, ვინც დაზარალებულებს დახმარებას უწევდა, როგორიცაა მამა პიერ ალ რაჰი - მარონიტი მღვდელი, რომელიც ქლაიაში მოკლეს. იგი შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და ლოცულობს, რათა ყოველგვარი საომარი მოქმედება რაც შეიძლება მალე შეწყდეს“. - იტყობინება ვატიკანის პრესსამსახური.

 

„დიდი მწუხარებით შევიტყვე სამხრეთ ლიბანში, ქლაიას წინამძღვრისა და ადგილობრივი „კარიტასის“ რეგიონული დირექტორის, მამა პიერ ალ-რაჰის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. იტალიის ეკლესიის სახელით გამოვხატავ ღრმა სამძიმარსა და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და იმ ქრისტიანულ საკრებულპოებს, რომელიც კიდევ ერთხელ დააზარალა ამ გაუსაძლისმა ტკივილმა; კონფლიქტის ცინიკურმა და აზრს მოკლებულმა ძალადობამ, რომელსაც მხოლოდ სისხლი და ნგრევა მოაქვს. ომის ტრაგედია კიდევ ერთხელ შეეხო თქვენს მოსახლეობას და ჩვენ კვლავ გვიწევს ნებისმიერი აღმსარებლობის უდანაშაულო მსხვერპლთა გლოვა”. -  ნათქვამია იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) პრეზიდენტის, კარდინალ მატეო ძუპის სამძიმრის წერილში, რომელიც ანტიოქიის მარონიტთა პატრიარქს, კარდინალ ბეშარა ბუტროს რაის გაეგზავნა.


 

„ვლოცულობთ ძვირფასი მამა პიერისთვის, რომელმაც არ ისურვა საკუთარი მიწის მიტოვება, დარჩა თავისი ხალხის გვერდით და უკანასკნელ წუთამდე მოწმობდა იმ სიყვარულს ყველას მიმართ, ვინც მას მიანდო მამა ღმერთმა და ყველა იმ ქრისტიანის მიმართ, ვინც ქვეყანაში დარჩა. მისი მაგალითი, მისი მოწამეობრივი აღსასრული, სიყვარულისა და შერიგების თესლია სიძულვილისა და განხეთქილების ჟამს; ეს არის ძმობის ნიშანი იქ, სადაც უპირატესობა ძლიერის ლოგიკას ენიჭება. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, განვამტკიცოთ სოლიდარობისა და სიახლოვის კავშირები, რომლებიც უკვე აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს“.

 

მღვდელი პიერ ალ რაჰი 11 მარტს სამხრეთ ლიბანის ქრისტიანულ სოფელში დიდი მწუხარებითა და ხალხმრავლობით დაკრძალეს. სამგლოვიარო წმიდა წირვა აღავლინა ეპისკოპოსმა ელიას ნასარიმ, რომელმაც ქადაგებისას წაიკითხა ანატოლიის მარონიტთა პატრიარქის, კარდინალ ბეშარა ბუტროდ რაის წერილი. მასში  აღნიშნული იყო, რომ მღვდელი მუდმივ მზაობას გამოთქვამდა ბავშვებთან მუშაობის, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ოჯახების დახმარების საქმეში. იგი მოუწოდებდა მტკიცედ დარჩენილიყვნენ თავიანთ რწმენასა და საკუთარ სახლებში.

პაპმა ლეონ XIV - მ მღვდელი მოიხსენია, როგორც „ჭეშმარიტი მწყემსი, რომელიც მუდამ საკუთარი ხალხის გვერდით იდგა, იესოს, კეთილი მწყემსის მსგავსი სიყვარულითა და თავგანწირვით“. ეს სიტყვები მან 11 მარტის გენერალური აუდიენციის დასასრულს წარმოთქვა, სადაც პაპმა ყველას მოუწოდა, ელოცათ ახლო აღმოსავლეთისთვის ომის ამ კრიტიკულ პერიოდში.

 

„მე ყველა ლიბანელი ხალხის გვერდით ვარ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს“, – განაცხადა პაპმა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, ლიბანის პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა ჰეზბოლა ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, ირანის ინტერესების სასარგებლოდ ლიბანის კოლაფსის გამოწვევას ისახავს მიზნად.

აუნმა ასევე მოუწოდა მხარეებს ისრაელთან „პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“ „ზავის“ მისაღწევად, რაც საშუალებას მისცემს ლიბანის არასაკმარისად აღჭურვილ ეროვნულ არმიას, მიიღოს საჭირო დახმარება და აღჭურვილობა კონფლიქტის ზონებში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ჰეზბოლას განიარაღებისთვის. ეს უკანასკნელი ერთადერთი დაჯგუფებაა, რომელმაც 1975-1990 წლების ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ იარაღი შეინარჩუნა.


მღვდელი პიერ ალ რაჰი დაიბადა 1974 წელს სამხრეთ ლიბანის სოფელ დებელში, მარონიტულ ოჯახში. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, იგი შეუერთდა მარონიტულ სამღვდელოებას. 2013 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა ქლაიას წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. გარდა სამრევლო საქმიანობისა, იგი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ რეგიონული დირექტორი, სადაც ზრუნავდა გაჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვებზე.


იგი დაიღუპა 2026 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს, როცა დაჭრილი მრევლის  წევრების გადარჩენას ცდილობდა. ადგილობრივი ეკლესიისა და ვატიკანის მიერ იგი თანამედროვეობის მოწამედ იქნა შერაცხული.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page