top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მანუჩარ კაჭკაჭიშვილი და აღმოსავლური წესის კათოლიკური დიპლომატია ერეკლე II-ის ეპოქაში

  • 3 minutes ago
  • 2 min read

XVIII საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და დინამიკურ პერიოდად მიიჩნევა. სწორედ ამ ეპოქაში იკვეთება პოლიტიკური მრავალწახნაგოვნება, სადაც ურთიერთქმედებდნენ კავკასიური, ოსმალური, სპარსული, რუსული და ევროპული ინტერესები. ამ რთულ გარემოში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერეკლე II-ის ურთიერთობა დასავლურ, კათოლიკურ სამყაროსთან, რაც დღემდე შეფასების საგნად რჩება.



მიუხედავად იმისა, რომ  ერეკლე II ჰგონიათ რუსული ორიენტაციის მომხრე, ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური ხედვა გაცილებით ფართო იყო - იგი ცდილობდა საქართველოს გამყარებას დასავლურ ცივილიზაციურ ღერძზე და ამ კონტექსტში აქტიურად ურთიერთობდა აღმოსავლური წესის კათოლიკე წრეებთანაც. ერეკლე II აღიზარდა შაჰის კარზე, სადაც ახლოს გაეცნო დასავლელ მისიონერებსა და კათოლიკე იერარქებს. ამ გარემომ მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა: მეფე პატივისცემით ეკიდებოდა კათოლიკურ კულტურას, განათლებასა და დიპლომატიას. ამას თან სდევდა ახლო ურთიერთობა მის ბიძაშვილ - ანტონ I კათალიკოსთან, რომელიც მკვეთრად კათოლიკური ორიენტაციის მქონე სასულიერო მოღვაწე იყო (როგორც ცნობილია, ანტონი კათოლიკედ გარდაიცვალა), რაც ნათლად აჩვენებს იმ ინტელექტუალურ და სულიერ ტრაექტორიას, რომელიც იმდროინდელ ქართულ ელიტას ახასიათებდა.


ამ ეპოქაში ჩნდება მანუჩარ კაჭკაჭიშვილი, განათლებული და დიპლომატიურად გამოცდილი პირი, რომელსაც ერეკლე II დაეყრდნო აღმოსავლეთთან ურთიერთობისას. 1780-იან წლებში მეფემ იგი გაგზავნა ეგვიპტეში, როგორც დესპანი, ფორმალურად ბიძის მოსანახულებლად, მაგრამ მისი მისია გაცილებით ღრმა შინაარსის მქონე აღმოჩნდა. ცნობილია, რომ მანუჩარი დაინტერესებული იყო როგორც მამლუქთა ელიტასთან, ასევე იქ მცხოვრებ აღმოსავლეთის წესის კათოლიკე საზოგადოებასთან

ანტონ I ბაგრატიონი
ანტონ I ბაგრატიონი

ურთიერთობით. სირია (ალეპო, დამასკო) და ეგვიპტე იმ დროისათვის წარმოადგენდნენ აღმოსავლეთის უდიდეს სავაჭრო და კულტურულ ცენტრებს, სადაც ასპარეზობდნენ სომხური  და სხვა აღმოსავლური წესის კათოლიკე ვაჭრები, რომელთაც უკვე დამკვიდრებული ჰქონდათ ევროპული კომერციული სტანდარტები. მათი ქსელი იმდენად მძლავრი იყო, რომ, გარკვეულწილად, ვენეციელ ვაჭრებსაც კი უწევდნენ კონკურენციას.


ერეკლე II-ის ხედვა ამ კონტექსტში უფრო ფართო იყო, ვიდრე მხოლოდ დიპლომატიური დესპანობა: იგი ცდილობდა ურთიერთობა დაემყარებინა  ეგვიპტესა და რუსეთს შორის თურქეთის საწინააღმდეგოდ, რაც საქართველოში ძალთა ბალანსის ცვლილებას მოასწავებდა. თუმცა, როგორც ჩანაწერებში ჩანს, მანუჩარ კაჭკაჭიშვილმა თავისი მისიის ნაწილი განახორციელა რუსეთის კონსულის, ბარონ ტონუსის გვერდის ავლით - ფაქტი, რომელმაც უკმაყოფილება გამოიწვია პეტერბურგის წარმომადგენლობაში. ტონუსმა აღნიშნა, რომ მანუჩარი დამოუკიდებლად ხვდებოდა მამლუქთა ხელმძღვანელებს, მათ შორის იბრაჰიმ შინჯიკაშვილს, და აგრეთვე თანამშრომლობდა აღმოსავლური წესის კათოლიკე ვაჭრებთან, რაც რუსულ ინტერესებთან შეუთანხმებლობად მიიჩნიეს. ამის გამო ტონუსმა იგი შინაპატიმრობით დასაჯა, რაც იმდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის სიმბოლური გამოხატულებაა: ერეკლეს მცდელობა საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო დიპლომატიის ჩამოყალიბებისა ეწინააღმდეგებოდა იმპერიული რუსეთის მზარდ გავლენას. 


მანუჩარისა და იბრაჰიმ შინჯიკაშვილის ურთიერთობას კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი ავსებს: გადმოცემის მიხედვით, იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა მას თანხა გაატანა და სთხოვა, საქართველოში, მარტყოფში, აეგო ეკლესია მისთვის საყვარელი და უკვე მხცოვანი დედისათვის, რომელსაც შორეულ, მაღალ მთაზე მდებარე ეკლესიაში სალოცავად ასვლა უჭირდა. ეკლესია მართლაც აიგო, რაც მანუჩარსა და იბრაჰიმს შორის არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ სულიერ კავშირზეც მიუთითებს.


აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმ შინჯიკაშვილის მეთაურობით მამლუქები პირამიდებთან შეებრძოლნენ ნაპოლეონის ფრანგულ არმიას, თუმცა ბრძოლა მამლუქთა დამარცხებით დასრულდა.


ამრიგად, მანუჩარ კაჭკაჭიშვილი წარმოგვიდგება როგორც განათლებული და დასავლური კულტურისადმი ღია ქართველი მოღვაწე, რომლის დიპლომატიური ქმედება აჩვენებს საქართველოს ინტელექტუალური ელიტის მცდელობას - ევროპულ სამყაროსთან უშუალო კავშირით გაემყარებინა საკუთარი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. მისი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოში უკვე არსებობდა დასავლური კულტურისადმი გახსნილი ელიტური ფენა - გამდიდრებული აღმოსავლური წესის კათოლიკე წრეებით, რომელსაც სურდა საქართველოს საერთო კომუნიკაციაში ჩართვა არა რუსეთის გავლით, არამედ პირდაპირი დასავლური ხაზით. ამ კონტექსტში, მანუჩარ კაჭკაჭიშვილი გვევლინება, როგორც იმ მოღვაწეთაგანი, რომელიც განასახიერებდა საქართველოს ევროპული ორიენტაციის ნაადრევ, მაგრამ მყარ საძირკველს - ერეკლე II-ის დროინდელი პოლიტიკურ-კულტურული ხედვის ერთგულ გამოხატულებას.


მოამზადა ნინო კაჭკაჭიშვილმა

ჟურნალი "საბა", 2026, მარტი

 

Comments


bottom of page