top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2 თებერვალი - უფლის ტაძრად წარდგენა

Updated: Feb 1, 2023


2 თებერვალს კათოლიკე ეკლესია უფლის ტაძრად წარდგენის დღესასწაულს აღნიშნავს. იგი აღმოსავლურ ეკლესიაში "მირქმის" სახელით არის ცნობილი. ლიტურგიულად, ეს არის იერუსალიმის ტაძარში უფლის წარდგენის მოხსენიება.


ამის შესახებ, ლუკას სახარებაში ვკითხულობთ (2, 22-32):

„ორმოცი დღე გავიდა შობის ბრწყინვალე დიდდღესასწაულიდან. დღესაც ზეიმობს ეკლესია და აღნიშნავს იმ დღეს, როცა მარიამმა და იოსებმა ტაძრად წარადგინეს იესო. იმ წესით უფალი დაემორჩილა ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებებს, მაგრამ სინამდვილეში იგი მოდიოდა თავის ხალხთან შესახვედრად, რომელიც რწმენით მოელოდა მას. სული წმიდის შთაგონებით მოვიდნენ ტაძარში წმიდა უხუცესნი: სიმეონი და ანა; იმავე სულით განათებულებმა შეიცნეს უფალი და სიხარულით აღიარეს იგი".

დღესასწაული VI საუკუნეში დასავლეთში სხვადასხვა განვითარებით გავრცელდა: მას რომში უფრო მონანიების ხასიათი ჰქონდა, ხოლო გალიაში სანთლების საზეიმო კურთხევისა და პროცესიის.

უფლის ტაძარში წარდგენა ამთავრებს საშობაო დღესასწაულებს, ასევე ქალწულ ღვთისმშობლის მიძღვნითა და სიმონის წინასწარმეტყველებით (ლუკ. 2, 33-35) გზას პასეკისაკენ ხსნის.

უფლის ტაძრად წარდგენის დღესასწაულზე ვიხსენებთ წმიდა ნათლობას. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ნათლიამ თავის ნათლულს "მირქმის სანთელი" უნდა აჩუქოს. ასევე, ოჯახში მცხოვრები ყველა წევრის სახელზე უნდა დაინთოს თითო სანთელი. ეს სანთლები, რომლებიც წირვის დროს იკურთხება, მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ და მისი დანთება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. განსაკუთრებით კი მაშინ ანთებენ და ლოცულობენ, როდესაც სახლში რაღაც გაჭირვება ან ავადმყოფობაა.

გარდა ამისა, 2 თებერვალს, ბერ-მონაზვნების დღეა. ამ დღეს ისინი ანახლებენ დადებულ ფიცს.

ყველა ბერ-მონაზონს, ვინც მუშაობს საქართველოში ვულოცავთ ამ დღესასწაულს.

„ჩვენც სული წმიდის მიერ გავემართოთ ღვთის სახლისაკენ ქრისტესთან შესახვედრად, სადაც ვპოვებთ და შევიცნობთ მას პურის გატეხვაში, მოლოდინით, რომ იგი მოვა და გაცხადდება თავის დიდებაში", - ლოცვა რომაულ კონდაკიდან.


მამა დარიუშ კომადოვსკი, 2018

bottom of page