2 ნოემბრის ტრადიცია – როგორ მიაგებენ პატივს მიცვალებულებს სხვადასხვა ქვეყნებში
2 ნოემბერი კათოლიკე ეკლესიაში მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებით ლოცულობენ გარდაცვლილთათვის, მონაწილეობენ წმინდა წირვაში, იხსენებენ ახლობლებს და სტუმრობენ სასაფლაოებს. ეს დღე მიძღვნილია ყველა იმ სულისადმი, რომლებიც განსაწმენდელში არიან და ცათა სასუფეველში გადასასვლელად ემზადებიან.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, ცოცხალ ადამიანებს შეუძლიათ შუამდგომლობითი ლოცვის წყალობით, დაეხმარონ განსაწმენდელში მონანიე სულებს ცათა სასუფეველში მოხვედრაში. იმისათვის, რომ დაეხმარონ გარდაცვლილებს, რომლებიც განსაწმენდელში ინანიებენ, ცოცხლებს შეუძლიათ მათ საცხონებლად სრული ინდულგენციები მოიპოვონ და მოიხსენიონ წმინდა წირვაში.
ქვეყნებისა და ხალხების მიხედვით ამ დღეს განსხვავებული, ზოგჯერ ძალიან საინტერესო ტრადიციები ახლავს.
პოლონეთი
პოლონეთში, 1 და 2 ნოემბერს ოჯახები მიდიან სასაფლაოებზე, ასუფთავებენ საფლავებს, მიაქვთ ქრიზანთემები და ანთებენ სპეციალურ სანთლებს – znicze. საღამოს სასაფლაოები ათასობით სანთლით ნათდება. ეკლესიებში კითხულობენ გარდაცვლილთა სახელებს და მათთვის ლოცულობენ. პოლონეთში განსაკუთრებით მასშტაბურად 1–ელ ნოემბერს, ყველა წმინდანის დღეს იკრიბებიან სასაფლაოებზე, ხოლო 2 ნოემბერი უშუალოდ გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვას ეძღვნება.
იტალია
2 ნოემბერს, ოჯახები სტუმრობენ სასაფლაოებს, ყვავილებითა და სანთლებით ამკობენ საფლავებს და მონაწილეობენ მიცვალებულთა მოსახსენებელ წირვაში. ტრადიციულია სპეციალური ტკბილეულის მომზადებაც, მაგალითად, Ossa dei Morti – „მიცვალებულთა ძვლები“, ძვლის ფორმის ორცხობილები.

საფრანგეთი
პოლონეთის, იტალიისა და სხვა ევროპის ქვეყნების მსგავსად, ფრანგი კათოლიკეებიც ყველა წმინდანის დღესასწაულს 1–ელ ნოემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს, ფრანგები La Toussaint-ს უწოდებენ, ხოლო 2 ნოემბერს, Fête des morts-ს – როცა ახლობლების საფლავებს მოინახულებენ, ქვაზე ყვავილებს აწყობენ და სანთლებს ანთებენ.
ესპანეთი
ესპანეთში კათოლიკეები ზეიმობენ Todos los Santos-ს, რომელსაც ხალხში Tosantos-ს, ანუ ყველა წმინდანის დღესასწაულს უწოდებენ. 2 ნოემბერს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, ესპანელებიც მიდიან სასაფლაოზე ახლობლების საფლავების მოსანახულებლად. ამ დღეებში, მთელს ქვეყნაში იყიდება სპეციალური ტკბილეული, ე.წ. huesos de Santo, ანუ წმინდანთა მარციპანის ძვლები.
კანარის კუნძულები
აქ მიცვალებულთა ხსენების დღე ცნობილია როგორც Día de Finaos. ოჯახები 1–ელ ნოემბრის საღამოს სასაფლაოებზე იკრიბებიან და ახლობლების საფლავებთან დილამდე ათენებენ, თან საუბრობენ, იხსენებენ გარდაცვლილს, ჭამენ სხვადასხვა დელიკატესს (მათ შორის მოხალულ წაბლსა და ვაშლს) და უმასპინძლდებიან ერთმანეთს, მაგალითად, თაფლის სასმელით.

გერმანია
გერმანიაში მცხოვრები კათოლიკეები, მიცვალებულთა ხსენების დღეს სასაფლაოებს მოინაულებენ და ნათლიები ნათლულს სპეციალურად გამომცხვარ შტრუდელს ჩუქნიან, რომელსაც Allerheiligen Striezel ეწოდება. სამხრეთში, ყველა წმინდანის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმართება ბაზრობები, სადაც ტრადიციული ნაკეთობებისა და ტკბილეულის ყიდვაა შესაძლებელი.
ფილიპინები
კათოლიკურ ფილიპინებში აღნიშნავენ, როგორც ყველა წმინდანის დღეს, ასევე მიცვალებულთა დღეს. ფილიპინელთა დიდი ნაწილი ახლობლების საფლავებთან არა მხოლოდ მთელს დღეს, არამედ მთელს ღამესაც ატარებს. საფლავები ყვავილებითა და სხვა დეკორაციებით არის მორთული.
ეკვადორი
მიცვალებულთა ხსენების დღეს, 2 ნოემბერს, ეკვადორში მთელი ოჯახი ერთობლივ ნადიმზე იკრიბება. ამ დღისთვის ამზადებენ სპეციალურ ფუნთუშებს, რომლებსაც guaguas de pan (პურის თოჯინები) ეწოდება – ეს არის ჩვილის ფორმის ტკბილი პური. პურთან ერთად ასევე მიირთმევენ სასმელ Colada morada-ს, ანუ ფერად სიმინდის ფქვილისა და ხილისგან მომზადებულ სასმელს, რომელიც ბლანტ სითხეს ქმნის.
ეკვადორის მცხოვრებლები ასევე მიდიან საფლავების მოსანახულებლად. ზოგიერთი ტრადიციულ კერძს კი, მხოლოდ საფლავებთან მიირთმევენ. ეკვადორელთა ნაწილი მიცვალებულთა საფლავებთან მთელ ღამეს ატარებს. საკვები და სასმელი ხალხს მიაქვს იმ საფლავებთანაც, რომლებსაც მათი გარდაცვლილი ახლობელი სიცოცხლეში სტუმრობდა.
გვატემალა
გვატემალაში, ყველა წმინდანის დღეს (1 ნოემბერი) არსებობს ასეთი ჩვეულება, რომ მზის ამოსვლისას ახლობლების საფლავებთან მიდიან. საფლავის ქვები ყვავილებით არის მორთული, გალობენ სიმღერებს. მოგვიანებით ხალხი სახლებში ბრუნდება, სადაც ტრადიციულ სალათას, სახელად fiambre, მიირთმევენ. ეს არის კერძი, რომელიც შედგება 50 ინგრედიენტისგან, ძირითადად ძეხვეულის, ბოსტნეულისა და ყველიგნისაგან – გვატემალის თითოეულ რეგიონს ასეთი სალათის საკუთარი რეცეპტი აქვს.

მექსიკა
მიცვალებულთა ხსენების დღე მექსიკაში განსაკუთრებით გამორჩეულია. 1–2 ნოემბერს აღინიშნება Día de los Muertos – მიცვალებულთა დღე. ოჯახები სახლში აწყობენ სამახსოვრო დაფებს, სადაც ათავსებენ გარდაცვლილთა ფოტოებს, სანთლებს, ყვავილებსა და საყვარელ კერძებს. განსაკუთრებით დამახასიათებელია ზაფრანის ყვავილები.
სხვა ევროპული ქვეყნები: ჩეხეთში, ლიტვაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ხორვატიასა და რუმინეთში გავრცელებულია სასაფლაოების მონახულება, სანთლების ანთება და გარდაცვლილთათვის ლოცვა. საფრანგეთსა და ირლანდიაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყვავილების მიტანასა და ეკლესიაში მიცვალებულთა მოსახსენებელ მსახურებებში მონაწილეობას.
ამ ტრადიციებს ერთი საერთო აზრი აერთიანებს: გარდაცვლილები არ ავიწყდებათ –მათ იხსენებენ სიყვარულით, ლოცვითა და იმედით, რომ სიკვდილი უკანასკნელი სიტყვა არ არის.
შოთა გიქოშვილი





Comments