top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

2016 წელს - პაპი თბილისში, დღეს - შშმ პირთა ცენტრი ქუთაისში: ათი წელი ისტორიული დღიდან

1 minute ago
1 min read

როგორც საქართველოში ამბობენ: „სტუმარი ღვთისაა“. ზუსტად ათი წლის წინ, 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში მდებარე კამილიელთა ცენტრის კარი არა რიგითმა სტუმარმა, არამედ რომის პაპმა ფრანცისკემ შემოაღო. ეს იყო არა ოფიციალური, მშრალი ფრაზებით, მაღალფარდოვანი სიტყვებითა თუ დამრიგებლური ტონით დატვირთული ვიზიტი, არამედ უშუალო, გულწრფელი და სულში ჩამწვდომი დიალოგი. იმ შეხვედრამ დაგვიტოვა რამდენიმე სტრიქონი, რომელმაც მაშინ თითოეული ჩვენგანის გულამდე მიაღწია და რომლის გახსენებაც დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს: „ღარიბი და სუსტი ადამიანები ,,ქრისტეს ხორცია“, რომელიც ნებისმიერი კონფესიის ქრისტიანს მოუწოდებს, იმოქმედოს პირადი ინტერესების გარეშე“. განსაცდელსა და ტკივილში მყოფთ კი მან ასე მიმართა: „ღმერთი არასოდეს გტოვებთ, იგი მუდამ თქვენ გვერდითაა, რათა მოგისმინოთ და გაჭირვების ჟამს ძალა შეგმატოთ“.


ათმა წელმა თვალის დახამხამებაში გაირბინა, თუმცა ის სითბო დღესაც ცოცხლობს ცენტრის კედლებსა და იმ ადამიანთა გულებში, რომლებიც მაშინ იქ იმყოფებოდნენ. პაპმა ისიც გაგვახსენა, რომ „ქველმოქმედება იმ ეკლესიის მწიფე ნაყოფია, რომელიც ემსახურება ადამიანებს და იმედს უსახავს მათ“. სწორედ ამ საყოველთაო, ოჯახური სულისკვეთებით, დღეს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს, პაპის ვიზიტის ათი წლის იუბილეს არა მხოლოდ მოგონებებით, არამედ რეალური და ხელშესახები საქმით - ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალი ცენტრის კურთხევით აღვნიშნავთ. ეს არის არა უბრალო ნაგებობა, არამედ სივრცე, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს რეალური დახმარება, სერვისები, გაშლილი მკლავები და ღირსეული გარემო შესთავაზოს. ქუთაისს შეემატა ახალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კერა, სადაც არავინ რჩება მარტო, და სადაც თითოეული ადამიანი ყოველდღიურ თანადგომას ჰპოვებს.


რომიდან თბილისში განხორციელებული იმ ისტორიული ფრენიდან ათი წლის შემდეგ, და ამ მიწაზე ქრისტიანული ისტორიის ჩვიდმეტი საუკუნის ფონზე, მატიანე გრძელდება. ის გრძელდება არა მხოლოდ წარსულის სიტყვების გახსენებით, არამედ რეგიონისთვის სასიკეთო, კონკრეტული საქმეების კეთებით. გილოცავთ ყველას ამ გამორჩეულ დღეს, ვიაროთ წინ ღია გულითა და გაშლილი მკლავებით!


მამა პავლე დილი

ჟურნალი "საბა", 2026

Comments


bottom of page