top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

24 ივლისი ბებია-პაპებისა და ხანდაზმულთა მსოფლიო დღეა

24 ივლისს, კვირას ეკლესია აღნიშნავს ბებია-პაპებისა და ხანდაზმულთა მეორე მსოფლიო დღეს, რომლის მთავარი თემაც, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, იქნება ფსალმუნიდან: “სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს” (ფს. 91, 15).


26 ივლისს პაპი ფრანცისკე კანადაში მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მომლოცველობაში, რომელიც იესოს ბებიის, წმინდა ანასადმია მიძღვნილი, ხოლო 29 ივლისს, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთით, იკალუტას ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში იგი ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შეხვდება.


ბებია-პაპებისა და ხანდაზმულთა მსოფლიო დღე შეიძლება აღინიშნოს: ამ დღეს წმინდა წირვაში მონაწილეობის მიღებით, ანდა მარტოხელა მოხუცის მონახულებით.


ამ დღესთან დაკავშირებით, საეროთა, ოჯახებისა და სიცოცხლის საკითხთა დეპარტამენტმა მსოფლიოს ყველა ეპარქიას სამწყსო და ლიტურგიული მასალები მოუმზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვატიკანის საიტზე. რეკომენდაციებს შორის არის მარტოხელა მოხუცების მონახულების საკითხიც. ეკლესია მიანიჭებს სრულ ინდულგენციას მათ, ვინც 24 ივლისს, ან მომდევნო დღეებში გულმოწყალების ამ საქმეებს აღასრულებს.


ბებია-პაპებისა და ხანდაზმულთა მსოფლიო დღე ეკლესიამ პირველად საყოველთაო მასშტაბებით 2021 წელს აღნიშნა. მაშინ, პაპმა ფრანცისკემ მოხუცებს მოუწოდა გამხდარიყვნენ “სინაზის რევოლუციის ლიდერები” და დახმარებოდნენ ხვალინდელი სამყაროს ძმური და სოციალური მეგობრობით შენებაში.


„ხანდაზმულთა ლოცვებს შეუძლიათ სამყაროს დაცვა და მისი დახმარება უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა მრავალთა ძალისხმევას“.


პაპ ფრანცისკეს სიტყვებით, მოხუცები მოწოდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ფესვებს, გადასცენ რწმენა ახალგაზრდებს და იზრუნონ ჩვილებზე: „არ არსებობს საპენსიო ასაკი, მაშინ, როცა საუბარია სახარების დაბრუნებაზე, შვილიშვილებისადმი ტრადიციების გადაცემაზე“.


წმინდა მამა საზოგადოებას ახსენებს ამ დღესასწაულის არსს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი პაპა, ყოველი ბებია, ყოველი ხანდაზმული, განსაკუთრებით ყველაზე მარტოხელები, მოინახულოს ანგელოზმა: „ხშირად ეს ანგელოზები განსხეულებული არიან შვილიშვილებში, ოჯახის წევრებში, ძველ მეგობრებში ან ახლად შეძენილ ნაცნობებში. ხანდაზმულთა მონახულება ჩვენს დროში გულმოწყალების განსაკუთრებული ქმედებაა“, – აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.


თავის მხრივ, სამრევლოებისა და რომის ეპარქიის პენსიონერებისადმი გაგზავნილ წერილში, კარდინალი დე დონატისი ამბობს, რომ ურიგო არ იქნებოდა სამრევლოებში დაეორგანიზებინათ უბრალო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ხანდაზმულ ადამიანებთან. მაგალითად: ღია ცის ქვეშ (ამინდის შესაბამისად) სუფთა ჰაერზე, საღამოს წმინდა წირვა და ხანდაზმულთა კურთხევა, შემდეგ კი ერთობლივი ვახშამი (ანდა უბრალოდ ჩაი, ყავა, ტკბილეული).


საეროთა, ოჯახებისა და სიცოცხლის საკითხთა დეპარტამენტის პრეფექტმა, კარდინალმა კევინ ფარელიმ აღნიშნა, რომ ბებია-პაპებისა და ხანდაზმულთა მსოფლიო დღის დადგინებით, პაპი ფრანცისკე მოგვიწოდებს გავაცნობიეროთ ხანდაზმული ადამიანების მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში და ჩვენს საკრებულოებში – „ამას ნუ გავაკეთებთ მხოლოდ ეპიზოდურად, არამედ კონსტრუქციულად“.


2021 წელს, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ბებია–პაპების დღე აღნიშნული იქნება ყოველ წელს, ივლისის მეოთხე კვირა დღეს, რომელიც უკავშირდება იესოს ბებიისა და ბაბუის, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას ხსენების დღეს.


ხანდაზმული ადამიანებისადმი მეურვეობა და მათი დიალოგი ახალ თაობასთან პაპ ფრანცისკეს მუდმივი საზრუნავია. მან, მიმდინარე წელს, დროის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაუთმო თავის აუდიენციაში ხანდაზმულების თემას. უფრო მეტიც, პაპ ფრანცისკეს ლოცვითი განზრახვა ამ წლის ივლისში მიეძღვნა ბებია-პაპებსა და ხანდაზმულებს.


„ნუ დავივიწყებთ ბებიებსა და პაპებს. ხანდაზმულები არიან პური, რომლებიც კვებავს ჩვენს ცხოვრებას. ეს არის წმინდა ხალხური სიბრძნე. სასიამოვნოა მათდამი პატივისცემის გამოხატვა. სწორედ ამიტომ დავადგინე მათთვის განსაკუთრებული დღესასწაული. მოდით, ვილოცოთ მათთვის, რათა ისინი გახდნენ სინაზის მასწავლებლები, ხოლო მათი გამოცდილება და სიბრძნე დაეხმაროს ახალგაზრდებს უცქირონ მომავალს იმედითა და პასუხისმგებლობით“, - ამბობს პაპი.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page