top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

27 იანვარი - წმ. ნინოს მოხსენიების დღე


27 იანვარს, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნება. იგი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მფარველად მიიჩნევა.


წმიდა ნინო, რომელიც სხვა ქვეყნებში წმ. ქრისტიანეს სახელით არის ცნობილი, წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.


საქართველოში გავრცელებული ისტორიული ამბის მიხედვით, ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.


წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.


საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.


წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო.


ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება. ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.


ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა.


გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.


ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.


bottom of page