top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

3 კატეხეზა - ადვენტი 2021



ესაია 7, 10-14; ფსალმუნი 23; რომაელთა 1, 1-7; მათე 1, 18-24


სიცოცხლის ღმერთი გადასცემს სიცოცხლეს


კლავენ უიმედო სიყვარულის გამო. კლავენ პატიოსნად დაგროვილი ფულის გამო. კლავენ სიკვდილის გაყიდვის გამო. კლავენ ძალაუფლების, საზღვრების, ნავსადგურების დაცვის გამო. კლავენ კეთილშობილური მიზეზებით და ამით ფასეულობათა დონეს ანულებენ. კლავენ ომში. კლავენ ისე, რომ არც კი ეკითხებიან, ვინაა ადამიანი. და მაინც, სისხლსავსე ცხოვრებაა, დაფარულად და მდუმარედ რომ მიედინება უთვალავ სახლში, უამრავ საავადმყოფოში, უთვალავი მოხალისის გულში, უცნობ მღვდლებში, ბერ-მონაზვნებში, სამწყსო მსახურებში, რომლებსაც არ უყვართ საჯაროობა და ფოტოები ისტორიისთვის.


ცხოვრება წარუშლელადაა ჩაწერილი მრავალი დედის, აღმზრდელისა და პედაგოგის გულში. სისხლსავსე ცხოვრებაა მასში, ვისაც საკუთარი და სხვების ცხოვრება უყვარს, ვინაიდან მას თვლის ცოცხალი ღმერთის ნიშნად!


ღმერთი, რომელიც მოდის, არის სიცოცხლე. მოდის, რომ მოიტანოს სიცოცხლე. ის, რომელიც სიყვარულით იბადება, და ის, რომელიც სიყვარულს ეძებს.


ღმერთი, რომელიც მოდის, ტანჯული სიცოცხლის, არასრული სიხარულის, სანახევროდ ასრულებული ოცნებების, უხალისოდ გაკეთების სიკეთის აღმდგენია.


ღმერთი, რომელიც მოდის, რათა გვითხრას, რომ მარტონი არა ვართ. იგია ჩვენს გვერდით, იგია ჩვენთან ერთად, იგია ჩვენს საქმეებში. არა როგორც უცხო, არამედ როგორც მოსიყვარულე და ფაქიზი, მომთხოვნი და კეთილი თანამზრახველი.


ღმერთი, რომელიც მოდის, სიცოცხლის, ყოველი სიცოცხლის მოყვარულია.


როგორ გავცე სიცოცხლე?


• ღმერთი ჩვენთანაა, რომ აზრი მისცეს ჩვენს ცხოვრებას და დაეხმაროს სხვებს ამ აზრის პოვნაში. რა აზრი აქვს აზრს მოკლებულ ცხოვრებას? ცხოვრება არის გამუდმებით თხოვნა ღმერთის მიმართ, რომ აგვიხსნას ჩვენი ცხოვრების აზრი, თავისი ქმნილების აზრი. სიცოცხლე უნდა გადავცეთ:


– ყოველგვარი უპოვრობა ადამიანურობას აკარგვინებს. გვერდით დაუდექი და გააძლიერე ის, ვინც უპოვრად გრძნობს თავს

– ყოველგვარმა ტკივილმა შეიძლება მოიტანოს იმედგაცრუება. გვერდში ამოუდექი მას და ანუგეშე

– ყოველგვარი გარიყვა იწვევს თავიდან მოშორებას. ჩართე ყველა და ყოველგვარ ვითარებაში

– ყოველგვარმა უპატივცემულობამ შეიძლება გაანადგუროს პიროვნება, თავი აარიდე, ნურავის შეურაცხყოფ

– ყოველგვარი განსჯა ამახინჯებს პიროვნებას. ყველა შეაქე სიმართლით, ცუდს ნურავისზე იტყვი


დაბრკოლებები სიცოცხლის დაბადებისთვის:


– სიცოცხლის მოკვლა უმეცრების, უყურადღებობის და გულგრილობის ცივი იარაღით.

– ფიქრი, რომ სიცოცხლე მხოლოდ იმ აზრით იძენს ფასეულობას, რომელსაც საზოგადოება აკუთვნებს.

– სიცოცხლის იზოლირება, ვინაიდან საკუთარ თავს სხვა სამყაროდ და კეთილშობილ რასად, სხვებზე უკეთეს ოჯახად ან ჯგუფად თვლის.

– სიცოცხლის გაცემა, როგორც ხურდა ფულის, სიტყვების, ღიმილის, სოლიდარობის ჟესტების მოწყალება

– მხოლოდ თვითგამდიდრება, სხვებისთვის კი ნამცეცების მიცემა მისგან თავის შორს დაჭერა, ვინც ვერ გეწყობა.


ამ კვირაში სიცოცხლის გაცემის საშუალებები:


. ყურადღებით შეისწავლე შენი ცხოვრება: ვინ ვარ მე?

. წაიკითხე და შეისწავლე სხვისი ცხოვრების, იმ საზოგადოების, რომელშიც ცხოვრობ, და იმათი ვითარებები, ვინც შენს გვერდით არიან.

. იფიქრე შენს ცხოვრებაზე და პერსპექტივაში წარმოიდგინე, რომ სხვების ცხოვრებას ემსახურები.

. ხორცი შეასხი საკრებულოს, როგორც მუცელს, რომელიც სიცოცხლეს ჩუქნის რწმენას და საკუთარ პატივად და პასუხისმგებლობად ჩათვალე ეს მისია.

. მშვიდობიანი იარაღით შეებრძოლე ყველანაირ ხელის აღმართვას სიცოცხლეზე, გვერდში ამოუდექი მას, ვინც სიცოცხლის რისკის წინაშეა, ყველა შემთხვევაში.

. აღმოაჩინე და ნიღაბი ჩამოხსენი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საერთო აზრის მიერ მოთხრობილ ყალბ ცხოვრებას.

. გააანალიზე, რომ სიცოცხლის ჭეშმარიტ მატიანეს ის ღმერთი წერს, ჩვენთან რომ მოდის


ერთად ვილოცოთ


იესო, შენა ხარ ღმერთი ჩვენთან არს. რა ფასი აქვს ჩვენს ცხოვრებაში თანამოზიარეობის და განხორციელების შენს არჩევანს, თუ ჩვენ არ გადავწყვეტთ, რომ შენი ცხოვრებით ვიცხოვროთ?


იესო, შენა ხარ უძლური ხორცი, როგორც ჩვენი ხორცია. შენა ხარ ტანჯული ხორცი და სხეული, როგორც ჩვენი სხეულია.


შენა ხარ ხორცი და სხეული, რომელსაც უნდა შეხვდნენ, რომელიც უნდა განჭვრიტონ, რომელსაც უნდა მოეალერსონ და გულში ჩაიკრან.


ასე მოისურვე, რომ ყოფილიყავი ღმერთი ჩვენთან არს! შენ მოდიხარ, იესო.


ვერ გეტყვით მადლიერების სიტყვებს, თუ არ განვიცდით შენს ამოსუნთქვას, შენს გულის ძგერას, შენს ვნებას, შენს თანამოზიარეობას ჩვენთან, უპოვრებთან და საწყალობლებთან.


რეტდასხმულნი ვართ, იესო. დაგვეხმარე, რომ შენს ცხოვრებაში შევაბიჯოთ, რათა ჩვენ კი აღარ ვიცოცხლოთ, არამედ შენ იცოცხლო ჩვენში.


+მ. ჯუზეპე პაზოტო


პირველი ნაწილი – მოლოდინი და სიფხიზლე
მეორე ნაწილი – მზადება 
bottom of page