top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ალიოზ ბათმანაშვილი – წიგნი სტამბოლის ქართველთა სავანის წინამძღვარზე


სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანის ერთ–ერთი წინამძღვრის, ალიოზ (შიო) ბათმანაშვილის შესახებ, ისტორიკოსმა ნატო ყრუაშვილმა წიგნი გამოსცა.


როგორც ავტორი ამბობს, ნაშრომი ალიოზ (შიო) ბათმანაშვილის დაბადებიდან 135 წლისთავს მიეძღვნა.


„გასული წლის 23 ოქტომბერს - ჩვენი თანამემამულის ალიონზ (შიო) ბათმანაშვილის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ის ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელის მოღვაწეობას ქართველი საზოგადოება არ იცნობს. მთელი სიცოცხლე უცხოეთის ცის ქვეშ გაატარა - სტამბოლის ქართულ სავანეში. ბოლოს კი, საბჭოურმა რეჟიმმა იმსხვერპლა... ადამიანს თუ ერთხელ მაინც მოუწევს სტამბოლში სავანის ნახვა და იქ დაცული მასალების გაცნობა, მათზე ფიქრს ვეღარასოდეს შეწყვეტს... ქართული სავანე სტამბოლში, საუკუნეზე მეტხანს არსებობდა. იქ მოღვაწე ყველა პიროვნება იყო განწირული სამშობლოსათვის. ყველა მათგანს უნდა იცნობდეს საქართველო. ერთ-ერთი მათგანია ალიონზ ბათმანაშვილი“, – წერს ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი.


წიგნში გაშუქებულია ალიოზ ბათმანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, წარმოჩენილია მისი ღვაწლი სავანის საუკუნოვანი არსებობის ისტორიაში და ქართველი კათოლიკეების წინაშე.


ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი წარმოშობით მესხეთის ძირძველი სოფლიდან, არლიდან იყო. იგი ერთ–ერთი იმათგანია, რომელიც სრულიად პატარა ჩავიდა სტამბოლში, ქართულ სავანეში მიიღო შესაბამისი განათლება. 1911 წელს კი, სტამბოლის ქართულ სავანეში ქართული რიტით მღვდლად ეკურთხა. იყო ერთ–ერთი მათგანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა ქართული ტიპიკონის საკითხზე. ზრუნავდა არა მხოლოდ სტამბოლში მცხოვრები კათოლიკე ქართველების, არამედ მუსლიმი ქართველების განათლებაზე, ეროვნულობის შენარჩუნებასა და ერთობაზე. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი თავგანწირვით ემსახურებოდა სავანესაც და სამშობლოსაც.


ქართული ეროვნულობის შენარჩუნებისა და ევროპისკენ გეზის გამო, მამა ალიოზს ბოლშევიკური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა, 1927 წლის 16 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაასახლეს და 1937 წლის 1 ნოემბერს კი იგი დახვრიტეს.


წიგნში მისი ცხოვრება წერილებსა და ისტორიულ ნაშრომებზე დაყრდნობითაა წარმოჩენილი.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page