top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘არ არსებობს ბავშვი, რომელსაც არაფრის კეთება შეუძლია’ – მამა პავლე

თბილისში მდებარე წმ. კამილოს სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში დაახლოებით 150 პაციენტს ემსახურება.


არ აქვს მნიშვნელობა, რა გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზი - თანდაყოლილი პათოლოგიები, ტრავმა თუ სერიოზული ავადმყოფობა. კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მათთვის რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავებაში.


ცენტრში ხელმისაწვდომია, როგორც რეაბილიტაცია – თვითმომსახურებასა და სოციალურად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების აღდგენაზე მიმართული ღონისძიებები, ასევე აბილიტაცია – ახალი უნარებისა და უნარ–ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი. ორივე ეს სისტემა, მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც მოიაზრებს მათი საყოფაცხოვრებო და სოციალურ ადაპტაციას.


ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ცენტრში, სარეაბილიტაციო ეფექტის მიღწევაზე სპეციალისტები შეთანხმებულად მუშაობენ. ეს ნიშნავს ბენეფიციარის გეგმის ერთობლივ შემუშავებას, სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაციის გაცვლასა და სუპერვიზიას. მულტიდისციპლინარულ მიდგომას უპირატესობა ენიჭება იმიტომ, რომ პაციენტთან კარგი შედეგის მისაღებად რამდენიმე მეთოდის კომბინაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული მეთოდის გამოყენება.


კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს შეუძლია ასეთი მიდგომით მუშაობა, რადგან ის აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ პარტნიორებთან, წარმატებით იყენებს მათ გამოცდილებას, ფლობს თანამედროვე აღჭურვილობას, ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ზოგადად სისტემურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

ცენტრის ხელმძღვანელობა, მუდმივად ახორციელებს ღონისძიებებს მცირე შემოსავლის მქონე ოჯახთა მხარდასაჭერად.


ცენტრს არ აქვს ჯანმრთელობის აღდგენის მზა პროგრამები – თერაპია კონკრეტულ შემთხვევას ყოველთვის ინდივიდუალურად ერგება. ინდივიდუალური რეაბილიტაცია ამ სფეროში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა. თუმცა ცენტრში ხელმისაწვდომი ყველა სერვისი უფასო არ არის, სახელმწიფო თერაპიის მხოლოდ იმ ფორმებს აფინანსებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაშია შეტანილი, რეაბილიტაციის სხვა საშუალებებთან, ასევე სხვა ტექნიკურ დეტალებსა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის სპეციფიკურ ასპექტებთან დაკავშირებულ ხარჯებს, თავის თავზე კამილიელი მამები იღებენ.


ასევე ცენტრს აქვს პატრონაჟული სამსახური, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები ბავშვებს სახლის პირობებში ემსახურებიან (ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დახმარება, ფიზიკური რეაბილიტაცია: მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, სოციალურ-საყოფაცხოვრებო უნარების ფორმირება და ა.შ.). აღნიშნული სტრუქტურა სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც ეხმარება საცხოვრებელი ფართის მოწყობაში, საჭიროების შემთხვევაში აღჭურვილობის მოძიებასა და შეძენაში, პანდუსების მოწყობაში.

რეაბილიტაცია და შშმ ბავშვების სოციალური ინტეგრაცია საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ცენტრი ცდილობს არ ჩამორჩეს ამ ინოვაციებს. ცოტა ხნის წინ, პარტნიორებისა და პოლონელი მოხალისეების მხარდაჭერით, ცენტრში გაიხსნა სარეაბილიტაციო სტაციონარი, რომელიც შშმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 6-დან 12 წლამდე ასაკის 25 ბავშვი.


„რაიმე დარღვევის მქონე ბავშვის სწავლებისას, მთავარი ამოცანაა – ვასწავლოთ მას საკუთარი დროისა და შესაძლებლობების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის პიროვნული პოტენციალის, უნარ–ჩვევებისა და სულიერი მისწრაფებების გამოვლინება, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მაქსიმალურ სოციალურ ადაპტაციასა და სოციალურ კომპეტენციას იწვევს, შეცვლის მათი ცხოვრების წესს, კერძოდ კი, აღმოფხვრის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ კომპლექსებს, ხელს შეუწყობს მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების რეალიზაციას.


ამა თუ იმ სფეროში ნიჭი აქვს ყველას, მთავარია მისი დროულად აღმოჩენა და განვითარება. მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიოში თითქმის არ გამოიყენება სიტყვა „ინვალიდი“ არიან განსაკუთრებული ადამიანები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ადამიანები, რომლებიც უმეტესწილად არ ითხოვენ, მაგრამ თავიანთ მდუმარებაში საჭიროებენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“, - ამბობს ცენტრის გენერალური დირექტორი მამა პავლე დილი.


მისივე თქმით, „ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არაფრის კეთება შეუძლიათ, უბრალოდ არ არსებობენ!“.


დღის ცენტრში ყოველდღიურად, შემოქმედებითი უნარებისა და ფსიქიკური საბაზისო ფუნქციების (ზოგადი ფსიქიკური აქტიურობა, აღქმა, მახსოვრობა, ყურადღება, აზროვნება, ქცევის თვითრეგულაცია), დარღვეული განვითარების კორექცია, კოგნიტური და ემოციურ-ნებელობითი სფერო) განვითარებაზე ორიენტირებული, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიის სესიები ტარდება; შშმ ადამიანების ოჯახის წევრებისთვის ეწყობა შშმ ადამიანებთან მუშაობის და სარეაბილიტაციო აღჭურვილობის გამოყენების ტრენინგები.


„მადლობა წმინდა კამილოს ცენტრს, რომელმაც სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა. ვარ დედა, რომელსაც გარდაეცვალა 22 წლის სტუდენტი ბიჭი, მეუღლემ მიმატოვა. ჩემი მეორე ბიჭი, მძიმე მშობიარობის შედეგად დაიბადა ცერებრალური დამბლით. იყო ძალიან მძიმედ, სმენადაქვეითებული, ვერ მეტყველებდა და იჯდა ეტლში. არ შეეძლო კიდურების გაშლა, ჭამა, საწოლში გვერდის შეცვლა, ჩაცმა-გახდა. გოგა, რომ 15 წლის გახდა, სიარული დავიწყეთ კამილიელთა დღის ცენტრში, რომელიც შემდგომ ჩვენთვის ოჯახად იქცა - ბევრი გულისტკივილი დავძლიე აქ. ზუსტად აქ გოგას მდგომარეობა შეიცვალა უკეთესობისკენ. გოგას ასწავლეს წერა-კითხვა, კომპიუტერი, აითვისა ქარგვა-გობელენი, მუშაობს თიხაზე. შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა.

მადლობელი ვარ ყველა თანამშრომლის, ბერების და მოხალისეების. მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება კვირა დღეს დავესწრო წმინდა წირვას. ყველას მოვუწოდებ: ნუ მოჭრით ახალგაზრდა ხეს, რომელსაც ტოტი გაუხმა!“, – ამბობს დღის ცენტრის ბენეფიციარის, 26 წლის გოგა გოგაძის დედა.


„მყავს 10 წლის ბიჭი, დიაგნოზით „ბავშვთა ცერებრალური დამბლა“. აქვს მოტორიკის შეზღუდვა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ გონებრივად განვითარებულია და მეტყველებს კარგად. ჩვენ დავდივართ კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრთან არსებულ კეთილმოწყობილ დღის სტაციონარში. თბილი და სასიამოვნო გარემოს გარდა, ცენტრში მუშაობენ თავისი საქმისადმი ერთგული და მზრუნველი სპეციალისტები, რაც აუცილებელი პირობაა ჩვენი ბავშვებისთვის. ჩემმა ალექსანდრემ სიხარულით მიიღო ისინი და ყოველდღე მისთვის განსაკუთრებულია. თავდაუზოგავად მუშაობენ და სითბოსა და სიყვარულს არ იშურებენ ჩვენი ბავშვებისათვის. ყოველი კეთილი საქმე გაღებული ჩვენი შვილებისთვის არის უდიდესი მადლი. მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილი ბედნიერია. უდიდესი მადლობა სარეაბილიტაციო ცენტრ კამილიელების დამფუძნებლებს“, – ამბობს ალექსანდრე ოქუაშვილის დედა ნინო პატიაშვილი.


ედუარდ ზახარიანი


bottom of page