top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'აქციეთ ნათლობის თარიღი მეორე დაბადების დღედ - პაპი ფრანცისკე 

“ნათლობა არის ახალი სიცოცხლის მადლი,  ეს არის იესოში ღვთის საყვარელ შვილებად გახდომა”, –  ამის შესახებ ისაუბრა პაპმა ფრანცისკემ 7 იანვარს, მდინარე იორდანეში იესოს ნათლობის სცენის წინ და მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ნათლობის თარიღი მეორე დაბადების დღედ აქციონ და იზეიმონ.

 


წმინდა მამა ხაზგასმით ამბობს, რომ იესომ ნათლობა მიიღო იოანე ნათლისმცემლის ხელიდან და ამ გზით იესოს სურდა დაენახებინა, რომ ახლოს არის ცოდვილებთან და ყველა ჩვენგანთან მოვიდა. ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ იესო ღვთის ძეა, ხოლო მეორეს მხრივ, გვახსენებს ჩვენს ნათლობას, რომელმაც ღვთის შვილებად გაგვხადა.

 

“ნათლობაში ჩვენთან მოდის ღმერთი, წმენდს და კურნავს ჩვენს გულებს, გვაქცევს თავის შვილებად, თავის ხალხად და ოჯახად, სამოთხის მემკვიდრეებად. ღმერთი გვერდში გვიდგას და არ გვტოვებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ნათლობის თარიღი. გეკითხებით, თუ გახსოვთ თქვენი ნათლობის დღე? თუ არ იცი, გაარკვიე, რადგან ეს შენი ხელახლა დაბადების დღეა. ნათლობის მეშვეობით დაიბადე მადლიანი სიცოცხლისათვის. მადლობა შევწიროთ ღმერთს ნათლობისათვის, მადლობა შევწიროთ მშობლებისათვის, რომლებმაც მოგვაცილეს ემბაზამდე; მადლობა შევწიროთ მათთვის, ვინც ნათლობის საიდუმლო აღასრულა, ნათლებისათვის, საკრებულოსათვის, რომელშიც მიღებულნი ვართ. ვიზეიმოთ ჩვენი ნათლობა, ვინაიდან ეს ხელახლა დაბადებაა”.

 

დღესვე, ნათლისღების დღესასწაულზე, წმინდა მამამ  ვატიკანში 16 ჩვილი მონათლა. სიქსტის კაპელაში, ჩვილთა ნათლობის ტრადიცია, 1981 წელს წმინდა იოანე პავლე II - მ დაადგინა და იგი დღემდე აღესრულება მისი მემკვიდრეების მიერ.



პაპმა მადლობა გადაუხადა მშობლებს შვილების მონათვლისათვის და რწმენის მადლისათვის. აღნიშნა, რომ ეს ბავშვები ამ ცერემონიის გმირები არიან, „იმიტომ, რომ შეუძლიათ დაამთქნარონ, იყვირონ, იტირონ, ვინაიდან ეს მათი დღესასწაულია და მიიღებენ ყველაზე ულამაზეს მადლს. რწმენის, მადლს, ღვთის მადლს. ჯერჯერობით წყნარად არიან, მაგრამ საკმარისია ერთმა წამოიტიროს, მაშინვე ყველა აუყვება. მიეცით საშუალება იტირონ, თუ მშივრები არიან – აჭამეთ, თუ ცხელათ – შეუმცირეთ ტანსაცმლის რაოდენობა. ეს ბავშვები გმირები არიან, ვინაიდან ისინი დღეს დაამოწმებენ თავიანთ რწმენას უანგარობითა და გულის სიწმინდით”, – განმარტა პაპმა.  



 შოთა გიქოშვილი

 

 

 

bottom of page