top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘აღარასდროს ომი!’ - პაპი ლეონ XIV

პაპმა ლეონ XIV–მ მორწმუნეებთან პირველი ლოცვის შემდეგ მსოფლიოს მიმართა მოწოდებით, რომ შეწყდეს კონფლიქტები უკრაინაში, ღაზაში და ინდოეთსა და პაკისტანის საზღვარზე.


კვირას, 11 მაისს, Regina Caeli -ს ლოცვის შემდეგ, წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან პაპი ლეონ XIV მიესალმა შეკრებილ მორწმუნეებს. მიმართვისას მან გაიხსენა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც დასრულდა 80 წლის წინ, 8 მაისს და მას უწოდა „უსაზღვრო ტრაგედია, რომელმაც სამოცი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“. პაპი შეუერთდა თავის წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს მიერ მსოფლიო ლიდერების მისამართით ნათქვამ მოწოდებას:


„დღევანდელ დრამატულ რეალობაში, როდესაც მესამე მსოფლიო ომი ფრაგმენტულად მიმდინარეობს... მეც მივმართავ მსოფლიო ლიდერებს და ვიმეორებ ამ მარად აქტუალურ სიტყვებს: აღარასდროს ომი!“.


უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე საუბრისას, პაპმა აღნიშნა: „გულით დავატარებ ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტკივილს, ყველაფერი გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ნამდვილ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას“.


„ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს, და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს,“ – დასძინა მან.


პაპი შეეხო ღაზას სექტორში არსებულ სიტუაციასაც: „ღრმად ვარ დამწუხრებული ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებით“, – თქვა მან და მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ; ტანჯული, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


რომის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ სიხარულით შეიტყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე მიიღწევა მდგრადი და გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება.


რომის ეპისკოპოსმა სინანულით აღნიშნა, რომ მთელს დედამიწაზე მიმდინარე კონფლიქტების და ომები უამრავია და ის, რაც მან ახსენა, მხოლოდ მცირე რაოდენობაა. მან შესთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მშვიდობის დედოფალს, რათა „უფალ იესოს გამოსთხოვოს მშვიდობის სასწაულებრივი მადლი“.


შოთა გიქოშვილი





Comments


bottom of page