top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘აღდგომა ცოცხალთა დღესასწაულია’ - პაპი ფრანცისკე

30 მარტს, წმინდა პეტრეს ტაძარში საპასექო ღამისთევის წირვას პაპი ფრანცისკე წარუძღვა. ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო  დაახლოებით ექვსი ათასმა მომლოცველმა სხვადასხვა კონტინენტიდან. წმინდა წირვისას რომის ეპისკოპოსმა მონათლა რვა კათაკმეველი: იტალიიდან, ალბანეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, რის შემდეგაც მათ მირონცხების საიდუმლო მიიღეს.

 


ბაზილიკის კედლებში ისმოდა ლოცვები ეკლესიის მისიის გაძლიერებისათვის, სამოქალაქო ხელისუფლების სამშვიდობო მსახურებისთვის, ტანჯულთა და ღარიბთათვის, მიგრანტთა და ლტოლვილთათვის, დევნილი ქრისტიანებისთვის და ასევე იმისათვის, რომ უფალმა დაიცვას  დედამიწის ხალხები ომისგან, სიძულვილისა და ბოროტებისაგან.

 

ქადაგებისას წმინდა მამამ ყურადღება გაამახვილა დღესასწაულის სახარებაზე (მარკ. 16,1-8). „მზის პირველივე სხივზე ქალები მივიდნენ მასწავლებლის სამარხში, მაგრამ მათი გულები სიბნელის წყვდიადით იყო მოცული, მათ თვალწინ ჯერ კიდევ გოლგოთის ჯვარი ჩანდა. წუხილით პარალიზებულებმა დასვეს კითხვები: “ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხიდან?“ ისინი აღივსნენ შფოთით, წუხილითა და გაურკვევლობით, რადგანაც მძიმე ლოდი დაუძლეველი წინაღობა იყო, რომლის გამკლავებასაც თავად ვერ ახერხებდნენ, საკუთარი ძალებით. თუმცა სამარხთან მისვლისას ნელსაცხებლის მომტანნი ხედავენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებულია. აღდგომის მადლის წყალობით, მან, ვინც შიგნით, სამარხში იყო, შეასრულა თავისი დანაპირები და მიმადლა მათ ახალი იმედი. გაანათა მათი გულები და აღანთო ახალი ცხოვრებისაკენ“, – აღნიშნა პაპმა.

 

წმინდა მამის თქმით, მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს: „ხშირად ვგრძნობთ, რომ ჩვენი გულის კარი დიდი ლოდით არის ამოქოლილი, ხოლო სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდებით ხოლმე, მომავლის იმედისგან არის დაცლილი.  სამარხის ასეთი ლოდი შეიძლება იყოს ჩვენი შიშები, იმედგაცრუება, ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტანჯვა, წარუმატებლობები, ჩვენი ეგოიზმისა და გულგრილობის შედეგები. ბევრი ასეთი „ლოდი“ ხელს გვიშლის წინსვლასა და უფრო სამართლიანი საზოგადოების აშენებაში. პრობლემებისა და იმედგაცრუების წინაშე ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს: “ვინ გადააგორებს ლოდს ჩვენი საფლავიდან?”

 

წმინდა მამამ მორწმუნეებს მოუწოდა მიბაძონ სახარების მირონმცხებელთ, ანუ დაინახონ, რომ ლოდი უკვე გადაგორებულია. „ქრისტეს აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლის, ბნელზე ნათლის, მარცხზე იმედის გამარჯვება. თავად უფალი მოისვრის უმძიმეს ლოდს და გახსნის ჩვენი გულების სამარხს, რათა მასში შემოვიდეს ნათელი ახალი, საპასექო სიხარულით აღსავსე ნათელი. მაგრამ ამისათვის უნდა მივმართოთ იესოს, რათა დაგვეხმაროს დავძლიოთ ყველაზე რთული მომენტები, და გვქონდეს  მომავლის„.

 

რომის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესო, რომელმაც მიიღო ჩვენი, ადამიანური ბუნება, ჯოჯოხეთში შთავიდა და დასძლია ის თავისი ღვთაებრივი ცოცხალი ძალით და გაგვიხსნა ნათლის ამოუწურავი წყარო. „საკუთარ სხეულში მამისგან სულიწმინდის ძალით აღმდგარმა უფალმა გადაშალა კაცობრიობის მოდგმისათვის ახალი ფურცელი. ამიერიდან ვერავითარი, ყველაზე მტკივნეული გამოცდილება და უკეთურება ვერ შეძლებს იქონიოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების არსზე და ჩვენს სვე–ბედზე. ამიერიდან, ვერავითარი მარცხი, ტანჯვა ანდა სიკვდილი ვერ შეძლებს შეაფერხოს სიცოცხლის სისავსისაკენ მიმავალი ჩვენი გზა. ადამიანებს ისტორიას აქვს ზუსტი არსი და ეს არსი არის ღმერთში, აღმდგარ იესო ქრისტეში. ის არის ჩვენი აღდგომა; ის გვეხმარება სიბნელიდან სინათლეში გადასასვლელად, რომელთანაც სამუდამოდ ვართ დაკავშირებული. ის გვიხსნის ცოდვისა და სიკვდილისაგან. ის მიგვიყვანს ნათლობისა და მარადიული ხსნის ცოცხალ ნაკადულებამდე.

 

პაპმა მოუწოდა ქრისტიანებს მიაპყრონ მზერა აღმდგარ იესოს და მიესალმონ სიცოცხლის ღმერთს. “თუ ჩვენ მასში დავრჩებით, მაშინ ვერავითარი ლოდი ვერ დახურავს ჩვენს გულებს; ვერავითარი სამარხი ვერ წაგვართმევს სიცოცხლის სიხარულს; ვერავითარი წარუმატებლობა ვერ მიგვიყვანს სასოწარკვეთილებამდე. ჩვენს მოლოდინებსა და ტანჯვებში უკვე არის აღდგომის მიერ მოტანილი მარადიული ცხოვრება. სწორედ ამიტომ, დღეს ეკლესია ზეიმობს, გალობით აუწყებს ქრისტეს აღდგომას ბოროტებისგან ჩაგრული და უსამართლობისგან გატანჯულ ხალხებთან ერთად. ამ წმინდა ღამეს იფანტება სასოწარკვეთილების წყვდიადი და ადამიანი გამოდის საპყრობილიდან, ვინაიდან ქრისტემ დაანგრია ყველანაირი წინაღობა და მოისწრაფვის ჩვენკენ. ის ცოცხალია, ის აღდგა! ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, დაე აღინთოს ჩვენს გულებში ახალი ალი, რადგან უფლის პასექი - არის დღესასწაული”, - თქვა ქადაგების დასასრულს რომის ეპისკოპოსმა.

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

bottom of page