ახალციხელ კათოლიკეს, ზაქარია დიდიმამიშვილს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭა.
- 57 minutes ago
- 1 min read
ახალციხის კათოლიკე ეკლესიის მრევლის წევრს, ზაქარია დიდიმამიშვილს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭა. იგი სამცხე–ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და დამსახურებული მწვრთნელია.

საპატიო ტიტული მან 30 ივნისს, ახალციხელობის სახალხო დღესასწაულზე ოფიციალურად, ქალაქის თვითმმართველობისგან მიიღო.
ზაქარია, იგივე შაქრო, როგორც მას ახალციხეში იცნობენ, ცნობილი განმანათლებლისა და კათოლიკე საზოგადო მოღვაწის, დიდი ზაქარია დიდიმამიშვილის შვილიშვილია. ისევე როგორც წინაპრები, ზაქარია დიდიმამიშვილი მორწმუნე კათოლიკეა. იგი ყოველ საკვირაო წირვასა და დღესასწაულებზე ახალციხეში, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ესწრება.
უკვე ახალციხის საპატიო მოქალაქე 1946 წლის 13 ოქტომბერს, ახალციხეში დაიბადა.
1963 წელს დაამთავრა ახალციხის N1 საშუალო სკოლა და საკუთარი ბედი ჭადრაკს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაუკავშირა. არის სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული, მონაწილეობდა საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადაზე თბილისში. 1983 წელს სპორტ. საზოგადოება „კოლმეურნეს“ რესპუბლიკურ ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1973 წლიდან დღემდე ახალციხის სასპორტო სკოლაში ჭადრაკის მწვრთნელია. წლების განმავლობაში აღზარდა ჭადრაკში სპორტის ოსტატობის 9 კანდიდატი და მრავალი მოთამაშე.
თავად არის სამცხე–ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, D კატეგორიის მწვრთნელი და სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
საპატიო ახალციხელის წარდგენა ყოველ წელს, 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულზე ხდება.
2026 წელს, ზაქარია დიდიმამიშვილთა ერთად, კიდევ სამი საპატიო ახალციხელი დასახელდა, მათ შორის ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ერთი ბიზნესმენი.
თაკო ფეიქრიშვილი










Comments