„ახლა დიალოგისა და ხიდების აშენების დროა“ – პაპი ლეონ XIV რელიგიებზე
- catholic.ge
- 8 minutes ago
- 2 min read
პაპი ლეონ XIV მსოფლიოს დიალოგისკენ და ხალხთა შორის ხიდების მშენებლობისკენ მოუწოდა. „დროა ერთმანეთს მოვუსმინოთ, ვილაპარაკოთ და საერთო საწყისებზე ავაგოთ მომავალი,“ — განაცხადა პონტიფექსმა. მისი თქმით, კონფლიქტებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე, დღეს კაცობრიობას განსაკუთრებით სჭირდება ერთობა, ურთიერთგაგება და თანამშრომლობა.

19 მაისს, პაპმა ლეონ XIV-მ ვატიკანში მიიღო ქრისტიანული ეკლესიების, აღმოსავლური მოწესეების, ასევე სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლები, რომლებიც რომში მისი აღსაყდრების დღისათვის ჩავიდნენ.
წმიდა მამის თქმით, მისი წინამორბედის, ფრანცისკეს პონტიფიკატი გამოირჩეოდა ძმობისა და დიალოგის მიმართულებით: „ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ,“
პაპ ლეონ XIV-ის რომის ეპისკოპოსად არჩევა დაემთხვა ნიკეის კრების 1700 წლისთავს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ყველა ეკლესიის მიერ მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოს: „როგორც რომის ეპისკოპოსი, ჩემს უპირველეს მოვალეობად მივიჩნევ სრული და ხილული ერთიანობის აღდგენას ყველას შორის, ვინც აღიარებს ერთ ღმერთს - მამას, ძესა და სულიწმინდას“.
წმიდა მამის თქმით, მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა რწმენასა და კულტურათა მრავალფეროვნებაში — ეს არის გზა, რომელსაც ეკლესია მომავალშიც გააგრძელებს.
არაქრისტიანული რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლებთან საუბრისას, პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ „ჩვენი საერთო გზა“ ყველას უნდა მოიცავდეს და ადამიანური ძმობის სულისკვეთებით უნდა განისაზღვროს.
„დიალოგისა და ხიდების აშენების დრო,“ — თქვა მან და კვლავ გაიხსენა თავისი წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, როგორც რელიგიათაშორისი დიალოგის მხარდამჭერი.
სიტყვით გამოსვლაში პაპმა მოიხმო „ადამიანური ძმობის დოკუმენტი“ და აღნიშნა, რომ ფრანცისკემ ახალი გზები გახსნა, რათა ხელი შეეწყო „დიალოგის კულტურას, როგორც გზას; ურთიერთანამშრომლობას, როგორც ქცევის კოდექსს; და ურთიერთგაგებას, როგორც მეთოდსა და საზომს.“
დიალოგის კულტურაში ყოფნისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პაპმა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა იუდაიზმისა და ისლამის წარმომადგენლებს. რომის ეპისკოპოსმა აბუ–დაბიში ხელმოწერილი საყოველთაო ძმობის შესახებ დოკუმენტის ციტირებით, რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანურ ძმობაზე დაფუძნებულ რეალურ კონტაქტებს.
ისლამთან დაკავშირებით, პაპმა აღნიშნა „დიალოგისა და ძმობის მზარდი მზადყოფნა“ და განაცხადა, რომ ურთიერთპატივისცემასა და სინდისის თავისუფლებაზე დაფუძნებული მიდგომა მტკიცე საყრდენია კავშირების გასაძლიერებლად.
ბოლოს, ინდუიზმის, ბუდიზმის, ჯაინიზმისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს მიმართვისას, პაპმა მადლობა გადაუხადა მათ ძალისხმევისთვის მშვიდობის გასაღრმავებლად „ძალადობითა და კონფლიქტებით დაჭრილ სამყაროში.“
ამავდროულად, მან გამოთქვა იმედი, რომ რელიგიური მორწმუნეების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ომის, იარაღის გავრცელებისა და უსამართლო ეკონომიკის უარყოფას, და „დიახ“-ს თქმას მშვიდობაზე, განიარაღებაზე და ყოვლისმომცველ განვითარებაზე.
“მნიშვნელოვანია, რომ დაძაბული პერიოდის მიუხედავად, არ გავჩერდეთ. ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის თეოლოგიური დიალოგი კვლავ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთვის, მაშინ, როცა არსებობს „კონფლიქტები და გაუგებრობები.“
ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა ღმერთის საერთო ძიებისა და სხვა რელიგიების მხრიდან მშვიდობის დამყარების ღირებულებას.
„კონფლიქტებითა და ძალადობით გატანჯულ სამყაროში აქ დამსწრე ყოველი კონფესიისა თუ რელიგიის წარმომადგენელი შეიტანს თავის წვლილ სიბრძნეს, გამოიჩენს თანაგრძნობასა და იზრუნებს კაცობრიობის კეთილდღეობასა და საერთო სახლზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიქნებით ერთნი, თავისუფალნი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენებისგან, მაშინ შევძლებთ მთელი ძალებით ვუთხრათ მშვიდობას დიახ, ხოლო ომს არა! განიარაღებას დიახ, შეიარაღებას – არა! ინტეგრალურ განვითარებას – დიახ, ხოლო ეკონომიკას, რომელიც აღარიბებს ხალხებსა და დედამიწას – არა”!
„ძმობისადმი ჩვენი მოწმობა, რომელიც კონკრეტულ ჟესტებშია გამოხატული, ხელს შეუწყობს უფრო მშვიდობიანი სამყაროს შექმნას - ისეთის, რომელზეც ყველა კეთილი ნების ადამიანი ოცნებობს“, - აღნიშნა წმიდა მამამ.
„მოვუხმოთ ღვთის კურთხევას - დაე, მისი უსაზღვრო სიკეთე და სიბრძნე დაგვეხმაროს ვიცხოვროთ, როგორც მისი შვილები. როგორც ძმები და დები ერთმანეთისთვის, რათა დედამიწაზე გაძლიერდეს იმედი“.
შოთა გიქოშვილი
Comments