ნიგერიაში კათოლიკური სკოლიდან 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს
- catholic.ge

- 2 days ago
- 1 min read
ნიგერიაში კათოლიკურ სკოლაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცა. გატაცებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ადგილობრივი ეკლესია ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა სასტიკი დაჯგუფების, Boko Haram-ის მონაწილეობით მოხდა.

შემთხვევა ნიგერის შტატის დასავლეთ ნაწილში, აგვარის ოლქში მდებარე წმიდა მარიამის სახელობის სკოლაში მოხდა.
300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობრივად გაიტაცეს ნიღბიანმა კაცებმა, რომლებიც სკოლაში მოტოციკლებითა და პიკაპებით შეიჭრნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია და არც გამოსასყიდი მოუთხოვია, თუმცა, სავარაუდოა, რომ მის უკან „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები დგანან.
შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, კების შტატში 25 გოგონა გაიტაცეს. 18 ნოემბერს კი, დასავლეთ კვარას შტატში ერუკუს ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა.
ნიგერის სახელმწიფო მდივნის აბუბაქარ უსმანის თქმით, გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მისივე განმარტებით, მზარდი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში დროებით დახურა ყველა სასწავლებელი.
„სამწუხაროდ, სკოლამ განაახლა საგანმანათლებლო საქმიანობა ხელისუფლების ინფორმირების გარეშე, რის გამოც მოსწავლეებიც და თანამშრომლებიც იმ რისკის წინაშე დააყენა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო“, – ამბობს ნიგერის სახელმწიფო მდივანი.

კონტაგორის ეპარქიის განცხადებაში, ეპარქიის მდივანმა, ჯატაუ ლუკა ჯოზეფმა აღნიშნა, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით, ღამის 01:00–03:00 საათის შუალედში მოხდა, რომლის დროსაც სერიოზულად დაშავდა დაცვის თანამშრომელი.
ეპარქია გმობს მსგავს ქმედებას და შფოთავს გატაცებული ბავშვებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მოსწავლეთა გატაცების ფაქტს „ქრისტიანების დევნა“ უწოდა და გატაცებულთა გასათავისუფლებლად სამხედრო ძალების ჩარევაც არ გამორიცხა.
მომხდარზე წმიდა მამამ, ლეონ XIV-მ განაცხადა:
„ამ ბიჭებისა და გოგონების გატაცების გამო დიდ ტკივილს განვიცდი. მათი ოჯახების ცხოვრება ღრმა ტკივილმა მოიცვა. მოგმართავთ, რათა გაათავისუფლოთ მძევლები და ვთხოვ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო და სწრაფი ზომები მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ვილოცოთ ჩვენი და-ძმებისა და იმისათვის, რომ ეკლესიები და სკოლები ყოველთვის და ყველგან უსაფრთხოებისა და იმედის ადგილებად დარჩნენ “.
შოთა გიქოშვილი






![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)


Comments