top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]

დიდებულ იტალიურ ფიჭვებს შორის, ათასწლეულების წინანდელი ქვაფენილები „Regina Viarum“ (“გზების დედოფალი” - ასე უწოდებდნენ აპიუსის გზას) პირველი ქრისტიანების რწმენის კვალს ინახავს. მისი ქვები ისტორიასთან, ტრადიციასთან და რწმენასთან არის გადაჯაჭვული. გზა კატაკომბებამდე, რომელსაც რომის მფარველი წმინდანებიც მიუყვებოდნენ, დღესაც იზიდავს ამ მიმართულებით მოსიარულეთა  გულებს.

 

ree

მეტყველება რომ შეეძლოთ, აპიუსის გზის ქვები თავად მოჰყვებოდნენ უამრავი მოგზაურის ისტორიას, განსაკუთრებით კი, იმ უცნობი მოგზაურების, რომლებმაც IV საუკუნიდან დღემდე აქ გაიარეს.

 

ეს 540 კილომეტრიანი გზა ძვ.წ.312 წელს, ცენზორის, აპიუს კლავდიუს ცეკუსის (ბრზა) ბრძანებით აშენდა. იგი ბრინდიზიუმის პორტს (ახლანდელი ბრინდიზი) რომთან აკავშირებდა. დღეს, გზის გრძელი მონაკვეთები არქეოლოგიურ მარშრუტს ქმნიან, რომლებიც თვალწარმტაცი ბუნებრივი ლანდშაფტების გავლით, ნანგრევებსა და დიდებულ ფიჭვებს შორის მიემართებიან. შემთხვევითი არ არის, რომ „Regian Viarum“- ი იუნესკომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

 

ree

მოციქულთა პეტრესა და პავლეს კვალდაკვალ

 

რომის მფარველ მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ბედი სწორედ მარადიული ქალაქისკენ მიმავალ გზაზე გადაიკვეთა. ტრადიცია მოგვითხრობს აღმდგარი ქრისტესა და პირველი პაპის (წმ. პეტრე) შეხვედრის ამბავს ცეცილია მეტელას მავზოლეუმთან. გალილეველი მეთევზე აქედან  მოწამეობრივ სიკვდილთან შესახვედრად გაემგზავრა. ამ პერიოდში კი, მოციქული პავლე ამ სტრატეგიული სატრანსპორტო გზით ჩავიდა რომში, რათა დაეწყო სახარების ქადაგება მთელს მსოფლიოში.

 

ree

წმიდა სებასტიანეს კარიბჭიდან „პრიმო მილიომდე“ (პირველი მილი – საზომი ერთეული)

 

ჩვენი მარშრუტი იწყება „პრიმო მილიოდან“ (პირველი მილი), რომელიც დღეს აღინიშნება ორიგინალური მილიარული სვეტის ასლით: იგი აღნიშნავდა მანძილს — 1,480 კილომეტრს — გზის დასაწყისიდან, კაპენას კარიბჭემდე. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდებარეობს წმიდა სებასტიანეს კარიბჭე, რომის თავდაცვითი კედლების ყველაზე დიდი და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული კარიბჭე. მას სახელი პირველი მოწამის პატივსაცემად დაერქვა, რომლის ნეშტიც ამავე სახელწოდების ბაზილიკის ქვეშ მდებარე კატაკომბებშია დაკრძალული.

 

მარჯვენა კარისჯვარზე ქვაზე ამოკვეთილია მთავარანგელოზი მიქაელის ფიგურა, რომელიც გველეშაპს კლავს. მის გვერდით კი ესთეტიურად გამოკვეთილია წარწერა — შუა საუკუნეების ლათინურ ენაზე, გოთური ასოებით. იგი იხსენებს 1327 წლის 29 სექტემბერს – წმიდა მიქაელის მოხსენიების დღეს – გამართულ ბრძოლას, რომელშიც გაიმარჯვეს რომაელმა გიბელინებმა ნეაპოლის მეფის, რობერტ ანჟუელის გველფების არმიის წინააღმდეგ, რომელსაც ჯოვანი და გაეტანო ორსინები ხელმძღვანელობდნენ.

 

ree

„ეს გამარჯვებისთვის მადლიერების სიგელია “, - განმარტავს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კონგრეგაციის რექტორი, მღვდელი პიოტრ მარჩინ ბურეკი. სწორედ იგია ჩვენი გიდი ამ 800 მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც გვაშორებს იმ ადგილიდან, სადაც პეტრე შეხვდა აღმდგარ იესოს. წმიდა კალისტეს კატაკომბების შესასვლელის მოპირდაპირედ დგას წმინდა მარიამის პატარა ეკლესია.

 

ree

Domine Quo Vadis? (უფალო, სად მიდიხარ)

 

მამა პიოტრი სწრაფად ამახვილებს ყურადღებას ერთ საკითხზე, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე: წმიდა პეტრე არ გაჰქცევია ნერონის დევნას. ეს წმიდა ამბროსის წერილიდან ვიცით, სადაც იგი გვიყვება, რომ მოციქული შესანიშნავად აცნობიერებდა რომ, ადრე თუ გვიან მოწამეობრივი სიკვდილის დრო დაუდგებოდა.

 

რომის ქრისტიანული საკრებულო, რომელსაც სახარების ამ თვითმხილველის სიცოცხლის დაცვა სურდა, სთხოვდნენ მას ქალაქის დაეტოვებინა. პეტრემ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და აპიას გზაზე გაემართა, სადაც აღმდგარ იესოს შეხვდა და ჰკითხა: „Domine Quo Vadis?“ ანუ „უფალო, სად მიდიხარ“? - რაზეც უფალმა უპასუხა: „Venio Romam iterum crucifigi“, რაც ნიშნავს: „მივდივარ რომში, რათა ხელახლა ვეცვა ჯვარს“.

 

ree

პეტრე მიხვდა, რომ უფალი მოწამეობრივი სიკვდილის გზისკენ მიუთითებდა. ის ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო, რათა აღესრულებინა ღვთის ნება და აეშენებინა ტაძარი საკრებულოსათვის, რომელიც მაშინ რომში ყალიბდებოდა.


ree

“პეტრემ იგრძნო უფლის გვერდში დგომა და დასტური იმ მისიისა, რომლის შესასრულებლადაც იყო მოწოდებული“, - აღნიშნავს მამა პიოტრი და იხსენებს 1981 წელს წმიდა იოანე პავლე II-ის ამ ეკლესიაში ვიზიტს: „პაპმა, გაიხსენა პოლონელი მწერალი ჰენრიკ შენკევიჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომანისთვის „Quo vadis?“ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილი პეტრეს ყველა მემკვიდრისთვის“.

 

ree

ქრისტეს ნაკვალევი

 

როგორც კი პატარა ეკლესიის ზღურბლს გადავდივართ, მამა მარჩინ ბურეკი ორი ათასი წლის წინ გამართულ დიალოგს გვახსენებს. ამ დიალოგის შესახებ მოთხრობილია ერკოლე რუსპის მიერ XIX საუკუნეში დაწერილი ორი ფრესკით, რომლებიც  განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ, გვერდით კედლებზე. ამ ფრესკებზე წმ. პეტრე და ქრისტე არიან გამოსახული.

 

ree

კიდევ ერთი ფრესკა, რომელიც საკურთხევლის ზემოთაა განთავსებული და ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით აღდგა – ამ არაჩვეულებრივი შეხვედრის ისტორიას მოგვითხრობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ორი ჯვარცმა, რომლებიც საკურთხევლის ორივე მხარეს გვხვდება. ერთზე გამოსახულია ჯვარცმული მაცხოვარი, ხოლო მეორეზე მოციქული პეტრე, ჯვარცმული თავით მიწისკენ.

 

ree

შენობის ზღურბლს მიღმა, იატაკზე, ჩვენს ყურადღებას რომაული გზის მუქი ქვები იპყრობს. მათ შორის უფრო ღია ფერის ქვაზე ორი ფეხის ანაბეჭდია. მღვდელი განმარტავს: „ეს არის ორიგინალი ქვის ასლი, რომელიც 1620 წელს წმიდა სებასტიანეს ბაზილიკაში, მოწამის რელიკვიების გვერდით იყო მოთავსებული. ტრადიცია ამ ნაკვალევს იესოს მიაწერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაზე ამოკვეთილი წარწერაა და ის გვეუბნება, რომ იესო ამ ადგილას თავისი წმიდა ფეხებით იდგა“.

 

ree

დედა, რომელიც გვიჩვენებს გზას

 

შემთხვევითი არ არის, რომ ამ ეკლესიის თავდაპირველი სახელია Santa Maria delle Palme o delle Pianti (პალმების ან მცენარეების ღვთისმშობელი). წინამძღვარი გვაჩვენებს უძველესი ეკლესიის ერთადერთ ნარჩენს, რომელიც XVII საუკუნეში აღადგინეს. ის აფსიდაში მდებარეობს და ჯოტოს სკოლის ფრესკის ფრაგმენტს წარმოადგენს, რომელიც XIV საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. მასზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელიც ერთი ხელით პატარა იესოს ეხუტება, მეორეთი კი მის ტერფს ეხება. „ჩვენი ზეციერი დედა დღესაც გველაპარაკება და გვეუბნება: „მიჰყევით ჩემს ძეს. ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

 

ree

საუკუნეების ერთგულება

 

აღმდგარი ქრისტეს გამოსახულება, წამების ინსტრუმენტებთან ერთად, მთელი თავისი სილამაზით არის წარმოდგენილი მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკებაში, რომელიც Santa Maria Sopra Minevra- ს რომაულ ეკლესიაში ინახება.

„ის ამ ტაძარში, სულ მცირე, გასული საუკუნის შუა პერიოდიდან ინახება. ამჟამად  გვერდით სამლოცველოშია გადატანილი, ადრე კი ეკლესიის ცენტრში, ქრისტეს ნაკვალევის გვერდით იყო განთავსებული“, – განმარტავს რექტორი.

 

საუკუნეების განმავლობაში, ამ ადგილზე სტუმრად მყოფი უამრავი მომლოცველისთვის ერთ-ერთი ხელშესახები ნიშანი ქანდაკების ფეხი იყო. ის ლითონისგან არის დამზადებული და ჩაანაცვლა ორიგინალი, რომელიც მუდმივი შეხებისგან გაცვდა.


ree

რელიკვიები და პოლონელი წმინდანები

 

Domine Quo Vadis-ში ასევე განთავსებულია ფრანცისკელთა სამლოცველო. 1978 წლამდე ეკლესია წმიდა სებასტიანეს ბაზილიკის მცველების, მცირე ძმების ფრანცისკელთა ორდენის კონტროლის ქვეშ იყო. სამლოცველოში ასევე გამოფენილია წმიდა იოანე პავლე II-ის, მონაზონ წმიდა ფაუსტინა კოვალსკას, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კონგრეგაციის დამფუძნებლის, ნეტარი ბრონისლავ მარკევიჩისა და ულმების ოჯახის რელიქვიები.

 

ree

განსჯის უნარი – იესოსკენ მიმავალი გზა

 

დავტოვეთ ეს ეკლესია, რომელიც სულიერებით ასეთი მდიდარია და მამა პიოტრ მარცინ ბურეკთან ერთად დავუბრუნდით აპიუსის გზას. ეკლესია განსაკუთრებით დატვირთულ გზაჯვარედინზე დგას. სიჩუმე, რომელსაც ვტოვებთ, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება ურბანულ ქაოსს. სინამდვილეში, ეს სურათიც კი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ სულიერებაზე. „აქ ერთად თავმოყრილი მრავალი გზა მიგვანიშნებს მსჯელობის უნარზე, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის ფუნდამენტურია. ჩვენს ქრისტიანულ მოგზაურობაში არის დრო, როდესაც არ ვიცით სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ, რომელი გზა ავირჩიოთ. წმინდანები, პეტრე და პავლეც ამ ეჭვების წინაშე აღმოჩნდნენ და მათი პასუხი ერთი და ერთადერთი იყო: “ქრისტე“, – ამბობს წინამძღვარი.

 

ree

ერთად სვლა

 

„მოციქულთა საქმეების 28-ე თავი მოგვითხრობს პავლეს სამ ტავერნასთან, აპიას ფორუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასვლის შესახებ. პეტრეს მსგავსად, მან იცოდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილი ელოდა. მას რომიდან ჩამოსული ძმები დახვდნენ. ქრისტიანული საკრებულო გვერდში დაუდგა პავლეს”,– ამბობს მღვდელი.

 

ree

ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილი: არასოდეს დაივიწყოთ ქრისტიანული საზოგადოების ძალა, რომელიც მხარს გვიჭერს ჩვენს რწმენასა და ცხოვრებაში.“

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 თაკო ფეიქრიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page