ეკუმენური ლოცვის კვირეული 2026
- catholic.ge

- 4 hours ago
- 1 min read
ისევე, როგორც წინა წლებში, 2026 წლის 18–25 იანვარს, კვლავ გაიმართება „ქრისტიანთა ერთიანობისთვის ლოცვის“კვირეული.

ამ წლის თემა იქნება: „ერთი სხეული, ერთი სული, ერთი იმედი“ (ეფესელთა 4:4). კვირეულისათვის ლოცვები და შესაბამისი მასალები მოამზადა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ.
კვირეული ვატიკანში
ეკუმენური ლოცვის კვირეულის ფარგლებში, ვატიკანში, 25 იანვარს, წმიდა პავლეს ბაზილიკაში, წმიდა წირვას აღავლენს პაპი ლეონ XIV. ეს იქნება ეკუმენური ლოცვის კულმინაციური ნაწილი.
სხვა ღონისძიებები:
კვირის განმავლობაში, ვატიკანსა და რომის სხვადასხვა ადგილას გაიმართება მცირე მსახურებები, შეხვედრები და კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები.
ისტორია
ტრადიციულად, ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვა იანვრის ბოლო კვირას აღევლინება. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანული საკრებულოები ერთობლივად აღავლენენ ლოცვას, რათა მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს.
ამ ტრადიციას, მთელს მსოფლიოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და იგი სათავეს იღებს გასული საუკუნის დასაწყისში, ფრანცისკანელი მღვდლის ინიციატივიდან.
მოგვიანებით მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ (World Council of Churches ) ეს ინიციატივა საყოველთაო გახადა და ყოველ წელს, იანვრის ბოლოს, იმართება ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული.
კვირეული ერთგვარად ეხმაურება იესოს სურვილს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ“ (იოან.17.21).
კვირეული საქართველოში
ოც წელზე მეტია, რაც ასეთ ეკუმენურ ლოცვას უერთდებიან საქართველოში არსებული ქრისტიანული გაერთიანებები.
კვირეულის განმავლობაში, კონფესიების სასულიერო პირები და მრევლი ერთად ლოცულობს. ასეთ ლოცვას საქართველოში მხოლოდ ოთხი ეკლესია უერთდება: კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური.
ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს ამ ოთხიდან ერთ-ერთი ეკლესია არის ეკუმენური ლოცვის მასპინძელი.
2021 წელს, ეკუმენური ლოცვის მასპინძელი იყო ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. 2022 წელს – სომხურ სამოციქულო ეკლესია. 2023 წელს –ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია. 2025 წელს – სურბ გევორქის სახელობის სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ.
2026 წელს, საქართველოში ლოცვას უმასპინძლებს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია და ერთობლივი ლოცვა აღევლინება 24 იანვარს, 16:00 საათზე.
"ეკლესიის კარი ღიაა ყველა კონფესიის მიმდევართათვის და თითოეული მსურველისათვის".









Comments