ბარიში, წმ. ნიკოლოზის ტაძარში, კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად ლოცულობენ
- 22 hours ago
- 2 min read
იტალიაში, ქალაქ ბარის გულში არსებობს მსოფლიოში უნიკალური ადგილი, სადაც კათოლიკეები და მართლმადიდებლები ლოცვისას ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებიან. როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში პატივცემული წმიდანის, წმიდა ნიკოლოზის ნაწილების წინაშე, ეკუმენიზმი მხოლოდ თეოლოგიურ დიალოგად არ რჩება, არამედ კონკრეტული გამოცდილებაა ერთად განცდილი რწმენისა.

ეს არის ადგილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენს ხიდს ორ განსხვავებულ ტრადიციას შორის და რომელიც პაპმა ფრანცისკემ ერთიანობის ნამდვილ დედაქალაქად დაასახელა.
ადგილი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთიანებს
მას შემდეგ, რაც 1087 წელს, წმიდა ნიკოლოზის ნაწილები მირადან ბარიში გადაასვენეს, ეს ქალაქი დაუსრულებელი მომლოცველობის ადგილად იქცა. დღესაც, სხვადასხვა ერის მორწმუნეები ყოველდღიურად ჩამოდიან აქ, რათა პატივი მიაგონ მას, ვინც ცნობილია, როგორც რელიგიათაშორისი დიალოგის წმინდანი.
ეკლესიის ისტორიაში, უწმიდესი ქალწული მარიამის შემდეგ, წმიდა ნიკოლოზის კულტი ყველაზე გავრცელებულია; ეს არის ფენომენი, რომელიც გადაჯაჭვულია საზღვრებში, ენებსა და ტრადიციებში.
წმიდა ნიკოლოზის ეკუმენური ინსტიტუტის კოორდინატორი, მამა ემანუელ ალბანო განმარტავს, რომ შეხვედრის ეს მოწოდება თავად ბაზილიკის ისტორიაშია ჩაწერილი. იგი ჰყვება, რომ საუკუნეების განმავლობაში სალოცავი ყოველთვის იზიდავდა სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანის უწყვეტ ნაკადს, რომლებიც წმიდა ნიკოლოზის საფლავზე სალოცავად მოდიოდნენ. დროთა განმავლობაში, ეს სპონტანური მოძრაობა სულ უფრო მეტად იქცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებად, მათ შორის ერთად აღვლენილ ლოცვაში.
ამ გზის ხელშესახები ნიშანი თავად ამ ადგილის არქიტექტურაშიც კი აისახება. ვატიკანის მეორე კრების დასრულებისთანავე, დომინიკელმა მამებმა გადაწყვიტეს ბაზილიკის შიგნით პატარა მართლმადიდებლური სამლოცველო აეშენებინათ, რათა აღმოსავლური წესის მორწმუნეებისთვის ლოცვა გაეადვილებინათ. ეს სამლოცველო, რომელიც შესასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს, წლების განმავლობაში იქცა ადგილად, სადაც მართლმადიდებლებს შეუძლიათ საღვთო ლიტურგიის აღვლენა უშუალოდ კათოლიკური ტაძრის შიგნით.
საერთო საკურთხეველი, ერთობის ნიშანი
წმიდა ნიკოლოზის ბაზილიკის ყველაზე გასაოცარი თავისებურება ის არის, რომ დღესაც კი, მართლმადიდებლური და კათოლიკური საღვთო ლიტურგია ხშირად ერთდროულად აღევლინება. მამა ალბანოსთვის სწორედ ეს არის ამ ადგილისა და აქ განვითარებული ეკუმენური გზის ნამდვილი განსაკუთრებულობა. ეკუმენიზმი ხომ ლოცვისა და ძმური შეხვედრებისგან შედგება.
ეს ფაქტი ბარის ტაძარს უნიკალური შეხევდრების ადგილად აქცევს; ადგილად, სადაც ორ ტრადიციას შორის სიახლოვე მხოლოდ სიმბოლური კი არა, რეალური და ყოველდღიურია.
საყოველთაო კულტის საიდუმლო
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩნდება ერთი საინტერესო შეკითხვა: “როგორ შეძლო წმიდა ნიკოლოზმა კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ასე განსაკუთრებულად გაერთიანება?” მისმა პიროვნებამ, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქველმოქმედებასთან და დაუცველთა მფარველობასთან, საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა ისეთი კულტი, რომელიც ყოველგვარ განხეთქილებას აღემატება.
„რაციონალურად რთულია ამ საერთო მიზიდულობის ახსნა, თუმცა აშკარაა, რომ მისი ფიგურის გარშემო სპონტანური და მყარი ერთობა ჩამოყალიბდა“, – აღნიშნავს მამა ალბანო.
ბარი - ერთიანობის ნამდვილი დედაქალაქი
შემთხვევითი არ არის, რომ პაპმა ფრანცისკემ ბარის „ერთიანობის დედაქალაქი“ უწოდა. აქ თავს იყრიან მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან: ქართველები, ბერძნები, რუმინელები, რუსები და მრავალი სხვა. საუბარია არა მხოლოდ გამვლელ მომლოცველებზე, არამედ მორწმუნეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქალაქში და რეგულარულად აღასრულებენ ლიტურგიას ბაზილიკის შიგნით.
მამა ალბანოს თქმით, აქ მკაფიოდ იგრძნობა იმ მართლმადიდებლური თემების არსებობა, რომლებმაც ამ მიწაზე ფესვები გაიდგეს, ყოველდღიურად გამოხატავენ წმინდა ნიკოლოზისადმი სასოებას და კათოლიკეებთან ერთად იზიარებენ იმავე წმიდა სივრცეს.
ლოცვიდან კულტურამდე: წმიდა ნიკოლოზის ეკუმენური ინსტიტუტი
ამ განსაკუთრებული ეკუმენური გარემოდან დაიბადა წმიდა ნიკოლოზის ეკუმენური ინსტიტუტიც, რომელიც ბარის მაშინდელმა მთავარეპისკოპოსმა, ენრიკო ნიკოდემომ, პულიის ეპისკოპოსთა კონფერენციასა და დომინიკელებთან ერთად დააფუძნა.
მამა ალბანოსთვის კულტურა ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე განუყოფელი ნაწილია. საკუთარი ისტორიისა და იმ ჭრილობების გააზრება, რომლებმაც, სამწუხაროდ, ქრისტიანები დაყო, ფუნდამენტური ეტაპია. ინსტიტუტი, რომელიც დღეს პულიის თეოლოგიური ფაკულტეტის ნაწილია, უნიკალურ გამოცდილებას წარმოადგენს, რადგან, როგორც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, ეს არის ალბათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აკადემიური კვლევა დაიბადა, როგორც შედეგი იმისა, რაც საეკლესიო ცხოვრების კონკრეტულ რეალობაში ხდება.
„ეს არ არის თეორიული პროექტი, არამედ უკვე განცდილი ერთობის ნაყოფია“.
შოთა გიქოშვილი




Comments