'თუ სიცოცხლე აღარ განიხილება ფუნდამენტურ ფასეულობად, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებებს?’ - პაპი ესპანეთის პარლამენტში
- 2 minutes ago
- 3 min read

პაპი ლეონ XIV-მ ესპანეთის პარლამენტს ეწვია. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ადგილი, სადაც ვუპირისპირდებით ფუნდამენტურ კითხვას: “ვინ არის ადამიანი? ესპანეთმა და კერძოდ, სალამანკას სწავლულებმა, შეძლეს ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, როდესაც აღიარეს თითოეული პიროვნების უნივერსალური ღირებულება.
დღეს ეს კვლავ ახლებურად უნდა დადასტურდეს, როდესაც ტექნიკის მიერ მიღწეული ახალი აღმოჩენების წინაშე ვდგავართ, კაცობრიობა კი სერიოზულ კრიზისს გადის”, – განაცხადა პაპმა.
ამ ქვეყნის მდიდარ ტრადიციაზე დაყრდნობით, ლეონ XIV-მ შეახსენა დამსწრეებს, რომ ესპანეთს შეეძლო ადამიანი დაენახა, როგორც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური წესრიგის ელემენტი. ესპანეთმა იგი აღიარა ჭეშმარიტებისკენ გახსნილ, თავისუფლებით დაჯილდოებულ და მარადისობის წყურვილით წარმართულ არსებად, რომლის ჩაქრობაც არცერთ მიწიერ რეალობას არ ძალუძს.
პაპმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ეს მსჯელობა განსაკუთრებული სახით განვითარდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, როდესაც სალამანკას სწავლულებმა ისტორიულ გააზრებაში შემოიტანეს კითხვა თითოეული ადამიანის განუყოფელი ღირებულებისა და ხელისუფლების მორალური საზღვრების შესახებ. ამგვარად, მათ წვლილი შეიტანეს იმ სამართლებრივი და მორალური ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რომ ხელისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან, ხოლო თითოეული ადამიანი აღიარებული უნდა იქნეს უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტად.
ლეონ XIV-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, „როდესაც ჩვენ წინაშე ახალი სამყაროები იხსნება არა რუკებზე, არამედ ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში, ბიომედიცინასა და ციფრულ სამყაროში. ახლახან გამოქვეყნებულ ენციკლიკაზე დაყდრნობით“. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგია თავისთავად არ არის ნეიტრალური, რადგან იგი იმ ადამიანების სახეს იღებს, ვინც მას იგონებს, აფინანსებს, არეგულირებს და იყენებს.
თავის მხრივ, გერმანიის პარლამენტში ბენედიქტე XVI-ის გამოსვლაზე დაყრდნობით, ლეონ XIV-მ ესპანელ დეპუტატებს შეახსენა, რომ ყოველი ჭეშმარიტად სამართლიანი საზოგადოება ეფუძნება ადამიანის პიროვნების ხელშეუხებელი ღირსების აღიარებას. ეს ღირსება წინ უსწრებს იმას, რასაც მას სახელმწიფო ანიჭებს, და იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს ცვალებად სოციალურ კონსენსუსებსა თუ უმრავლესობის მერყეობას.
ამ კონტექსტში პაპმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სიცოცხლის დაცვის აუცილებლობას, ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე: „თუ სიცოცხლე აღარ განიხილება ფუნდამენტურ ფასეულობად, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებებს? შეიძლება თუ არა სრულად სამართლიანი ვუწოდოთ ერთობას, რომელიც ჩრდილში ტოვებს ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს, ხანდაზმულს, ავადმყოფს, დუმილში მტანჯველს ან სხვების მზრუნველობაზე სრულიად დამოკიდებულ ადამიანს?“, – თქვა პაპმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლის დაცვა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი ან კონფესიური ინტერესი; ეს ცივილიზაციის მიზანია.
“ყოველი ადამიანის სიცოცხლე პატივდებული და დაცული უნდა იქნეს ჩასახვიდანვე ბუნებრივ სიკვდილამდე, მისი არსებობის ნებისმიერ ეტაპზე, – როდესაც ეს რწმენა ირყევა, ყველაზე დაუცველნი პირველი მსხვერპლნი ხდებიან, სამართალი კი კარგავს თავის უმთავრეს არსს. ემსახუროს და დაიცვას თითოეული პიროვნება. ამიტომ, ერის მორალური სიდიადე უპირველეს ყოვლისა ვლინდება მის უნარში, გვერდში დაუდგეს, დაიცვას და შეიყვაროს ის სიცოცხლეები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან სისუსტეს”.
პაპი თანაბარი სიმტკიცით გამოვიდა ოჯახის დასაცავადაც. მან აღნიშნა, რომ იგი არის ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური რეალობა და საზოგადოების ბუნებრივი საფუძველი. მასში ერთმანეთს ერწყმის თაობები და გადაიცემა ცოცხალი მეხსიერება, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების შინაგან უწყვეტობას. იქ, სადაც ოჯახს მხარს უჭერენ, მტკიცდება კიდეც ხალხთა სულიერი და სოციალური სტაბილურობა. წმინდა მამამ ასევე შეახსენა დამსწრეებს მშობლების განუყოფელი უფლების შესახებ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა სახის აღზრდა-განათლება მიიღონ მათმა შვილებმა.
ესპანეთის პარლამენტში ლეონ XIV შეეხო სხვა აქტუალურ საკითხებსაც, როგორიცაა განათლება, მიგრაცია და მშვიდობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო გადის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ვლინდება ძალადობის მრავალგვარ ფორმაში, პოლარიზაციასა და ორმხრივ უნდობლობაში. ამ კონტექსტში მშვიდობა გვევლინება, როგორც ჭეშმარიტი მორალური მოთხოვნა. მის მისაღწევად საჭიროა დიპლომატიური სიმამაცე, ეთიკური პასუხისმგებლობა და მომავლის ისეთი ხედვა, რომელიც ეფუძნება თითოეული ერის იდენტობის პატივისცემას.
„იარაღს შეუძლია დროებითი დუმილის იძულებით დამყარება, მაგრამ იგი ვერასოდეს შეძლებს ავთენტური და ხანგრძლივი მშვიდობის შენებას“, – განაცხადა წმინდა მამამ.
პაპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან:
„ყოველი ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოება ასევე მოითხოვს საჯარო ხელისუფლების საზღვრების ჯეროვან განსაზღვრას, რათა პიროვნებების, თემებისა და ასოციაციების თავისუფლება უსაფუძვლოდ არ შეიზღუდოს. ამ პერსპექტივიდან, მიწიერი წესრიგის კანონიერი ავტონომია არასოდეს შეიძლება განიმარტოს, როგორც მტრობა რელიგიის ფენომენის მიმართ“, – ხაზგასმით აღნიშნა ლეონ XIV-მ. ამ კონტექსტში მან ახსენა აღსარების საიდუმლოს პატივისცემის აუცილებლობა.
პარლამენტარებისადმი მიმართვისას, პაპმა უსურვა ესპანეთს, რომ არასოდეს დაეკარგოს საკუთარი ფესვების მეხსიერება და არც სიმამაცე მომავლისკენ საცქერლად.
შოთა გიქოშვილი





Comments