top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'განა აქვს უფლება ქართველ კათოლიკეს, დადუმდეს უსამართლობის წინაშე?' – მამა აკაკი ჭელიძე


მას შემდეგ, რაც ქართველმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს, ერთ–ერთ ვებ–გვერდზე, სადაც სოფელ უდის ტაძრების (მათ შორის კათოლიკური ტაძრის, რომელიც ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია) შესახებ ქვეყნდება ინფორმაცია, დაიწერა სტატია სათაურით "რომის ლათინური ეკლესიის მრევლის ყოველწლიური შემოჭრა ბუზმარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში". სტატიაში საუბარია იმაზე, რომ თითქოს ეს IV-V სს-ის ბუზმარეთის ტაძრები კათოლიკეებს არ ეკუთვნით "ისინი ძალით ცდილობენ მიიტაცონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით და აზიანებენ ეკლესიას", – წერია სტატიაში.


სტატიას კათოლიკე ეკელსიის ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, ხიზაბავრისა და ვარგავის ეკლესიების წინამძღვარი, მამა აკაკი ჭელიძე ეხმაურება catholic.ge უცვლელად გთავაზობთ მის წერილს.



2021 წლის 13 მაისი, ამაღლება ბუზმარეთში


როგორც უხსოვარი დროიდან მოყოლებული, წელსაც დიდიან-პატარიანად გავიდა სამცხის კათოლიკე მოსახლეობა ამაღლება დღეს ბუზმარეთის მოსალოცად. არავის ახსოვს, როდიდან იწყება ეს ღვთისმოსავი ადათი, რომელიც აერთიანებს კათოლიკეებს მთელი რეგიონიდან, ეროვნების მიუხედავად.


ქართველ კათოლიკეთათვის ხომ ესოდენ ძვირფასია ყველა უძველესი სალოცავი და ნასაყდრალი, რომლებიც ასე მრავლადაა მესხეთის მიწაზე. ქართველი კათოლიკენი მათში ხედავენ ქრისტიანობის სწორედ იმ ერთობის ხანის მოწმობას, რომელიც მათ შეინარჩუნეს და ასე უფრთხილდებიან დღესაც, რათა უწილადონ ეს ერთობა იმ თანამემამულეებსაც, რომლებიც ვერც კი ამჩნევენ, როგორ იძალადა საქართველოს ეკლესიაზე მეორე ათასწლეულში ჯერ საბერძნეთმა და მერე რუსეთმა, და ჰგონიათ, რომ თავიდანვე იმ ტიპიკონზე იდგნენ, რომელზეც ახლა არიან. არადა, სარწმუნოება ერთია, წეს-ჩვეულებები კი მეორე. დიახ, ლათინურ წესზე მდგარ ქართველ კათოლიკეთათვის ძვირფასია იმის შეგნება, რომ სარწმუნოება ზეეროვნულია, ქრისტიანის გულს კი ღობე-ყორე არ გააჩნია (და ალბათ ამიტომაცაა იგი ასე მოწყვლადი); კათოლიკეები კი არ გავხდით, არამედ, შევინარჩუნეთ კათოლიკობა: პეტრეს კლდეზე დაფუძნებული ეკლესიის თანაზიარება. წმ. გიორგი მთაწმინდელიც ხომ სქიზმიდან ათიოდე წლის შემდეგ ლათინებს ესარჩლება კონსტანტინოპოლის იმპერატორის წინაშე, როცა ხაზს უსვამს მათი სარწმუნოების სიწმიდეს...


წელს უკვე მეორედ მაღალიერარქების დასწრებით გაიხარეს მორწმუნეებმა ამ ლამაზი დღით. ჩვენმა ეპისკოპოსმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა წირვა, საქართველოში წმიდა საყდრის დესპანთან, მეუფე ჟოზე აველინო ბეტანკურთან ერთად. თუმცა წელსაც, გასული წლის მსგავსად, არ მოგვეცა სასაზღვრო დაცულ ზონაში შესვლის შესაძლებლობა და ვერ მივედით ზედა ბუზმარეთის ტაძრამდე, რომელიც ამ ბოლო წლებში მოსული ღვთისმსახურების მიერ არის დაკავებული და რომლებიც უხსოვარი დროიდან აქ მლოცველ კათოლიკეებს ვერ უწევენ ქრისტიანულ სტუმართმოყვარეობას. შარშან, მართლმადიდებლური კალენდრით ამაღლება დღეს, კოვიდთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის მიუხედავად სასაზღვრო ჭიშკარი გაიხსნა და მრევლი შეუშვეს სალოცავში. ნუთუ წელს სამართლიანად შეფიქრიანდნენ და შეშფოთდნენ კათოლიკე მორწმუნენი, რომ ამგვარად მავანი ცდილობს ფეხი ამოაკვეთინოს მათ ბუზმარეთის ეკლესიიდან? პანდემიის შეზღუდვებს კი მხოლოდ საბაბად იყენებენ? ამ კითხვაზე პასუხს შევიტყობთ დამდეგ 10 ივნისს, გაუხსნიან თუ არა სამართალდამცავნი მართლმადიდებელ მორწმუნეებს სასაზღვრო ზონას.


ინტერნეტის ერთ გვერდზე, რომელზეც უდის კათოლიკური ტაძრის ფოტოებია გამოფენილი, 2021 წლის 14 მაისის თარიღით გამოქვეყნდა ცნობა, რომელმაც აგვაღებინა კალამი ამ მოკლე რეპლიკის დასაწერად.


არაფერია საკვირველი იმაში, თუ უსამართლობის წინაშე ადამიანმა ხმა აღიმაღლა. განა აქვს უფლება ქართველ კათოლიკეს, დადუმდეს იმ აშკარა უსამართლობის წინაშე, რასაც კათოლიკური ტაძრების წართმევა ჰქვია? ოცდაათი კი არა, სამასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩვენი ვალი იქნება სამშობლოს წინაშე, რომ სამართალი მოვითხოვოთ.

კათოლიკეებს, სხვათა შორის, ესეც კარგად გვესმის: მართალი კი არ უნდა გერქვას, მართალი უნდა იყო! ვისია უდის დიდი კათოლიკური ტაძარი? განა უდეში, ვიდრე ერთი კათოლიკე მაინც იქნება, არ ექნება უფლება თქვას, რომ ეს მისი ტაძარია? იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სიკვდილის პირას ვიღაც ვიგინდარა (საქმისთვის უცხო, შემთხვევითი პირი, რომელსაც არაფერი მოეთხოვება - განმარტებითი ლექსიკონი) ისარგებლებს შემთხვევით და გადანათლავს მას. შემდეგ დადგება და სიწმიდეებზე ილაპარაკებს.

მაგრამ, საქართველოში რად გვინდა რომაული სამართალი, როცა ჩვენი გვაქვს!?


მამა აკაკი ჭელიძე

bottom of page